ძველი აღთქმა
ესაია
161 ბატკანი გაუგზავნეთ ქვეყნის მბრძანებელს სელადან უდაბნოს გზით სიონის ასულის მთისაკენ. 2 და იქნება როგორც მოხეტიალე ფრინველი, მოშლილ ბუდესავით იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებზე. 3 მომეცი რჩევა, აღასრულე სამართალი, შუადღისას გადააფარე შენი ჩრდილი, როგორც ღამით; შეიფარე გაძევებული, გაქცეულს ნუ გასცემ. 4 იცხოვრონ შენთან ჩემმა მოაბელმა გაძევებულებმა, იყავი მათთვის მძარცველისგან თავშესაფარი, სანამ არ გაქრება მწვალებელი, სანამ არ შეწყდება ძარცვა, არ მოისპობა ქვეყნიდან მთრგუნავი. 5 და განმტკიცდება ტახტი წყალობისა, და ჭეშმარიტებით დაჯდება მასზე დავითის კარავში მსაჯული, და სამართლის გამკითხავი და სიმართლის მოსწრაფე. 6 ვისმინეთ ჩვენ მოაბის მზვაობრობა, მეტისმეტი ზვიადობა, მისი ამპარტავნება, მისი მზვაობრობა და მისი მძვინვარება. ამაოა მისი ტრაბახი. 7 ამიტომ იქვითინებს მოაბი მოაბზე, – ყველა იქვითინებს; კირ-ხარეშეთის საძირკველზე იკვნესებთ სასოწარკვეთილნი. 8 რადგან ხეშბონის მინდვრები გადაჭკნა, ასევე სიბმას ვენახები, ხალხთა პატრონებმა გათელეს მისი რჩეული ვაზები, იაყეზერს რომ სწვდებოდა, უდაბნოში იშლებოდა, იფურჩქნებოდა და ზღვაზე გადადიოდა. 9 ამის გამო იაყეზერის ტირილით ვიტირებ მე სიბმას ვაზს; ჩემი ცრემლებით მოვრწყავ ხეშბონს და ელყალეს; რადგან შენს ზაფხულის ნაყოფსა და შენს მოსავალზე შეწყდა შემოძახილი. 10 შეწყდა მხიარულება და სიხარული ნაყოფიერი მინდვრიდან, და ვენახებში აღარ იქნება სიმღერა და მხიარული შემოძახილი, საწნახლებში ღვინოს აღარ დაწურავს დამწურველი, რადგან მე შევაწყვეტინე მხიარული ხმები. 11 ამის გამო ქნარივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და ჩემი შიგანი – კირ-ხერეშზე. 12 და იქნება, როდესაც გამოჩნდება, რომ დაიქანცა მოაბი გორაკზე, წავა ის თავის საკურთხეველთან სალოცავად და ვერ შეძლებს. 13 ესაა სიტყვა, რომელიც უფალმა წარმოსთქვა მოაბზე ძველთაგან. 14 ახლა კი ასე თქვა უფალმა: „სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, შერცხვენილი იქნება მოაბის პატივი მიუხედავად დიდი სიმრავლისა; ნარჩენი კი ძალზე მცირე, უმნიშვნელო იქნება.”