ესაია 14

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
141 როდესაც შეიწყნარებს უფალი იაკობს და ისევ აირჩევს ისრაელს, და დაასახლებს მათ თავიანთ მიწაზე, მაშინ მიეთვლებიან მათ მწირნი და შეუერთდებიან იაკობის სახლს. 2 აიყვანენ მათ ხალხები და მოიყვანენ თავიანთ ადგილას, და დაიმკვიდრებს მათ ისრაელის სახლი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, დაატყვევებენ ისინი თავიანთ დამტყვევებელთ და იმთავრებენ თავიანთ მჩაგვრელებზე. 3 და იქნება იმ დღეს, რომ დაგასვენებს უფალი ტანჯვისა და წამებისაგან და მძიმე ჯაფისაგან, რომლითაც დამონებული იყავით, 4 მაშინ წარმოსთქვამ შენ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: „როგორ დაცხრა მჩაგვრელი, როგორ დაცხრა ზვიადობა! 5 გატეხა უფალმა ბოროტეულთა არგანი, მბრძანებელთა კვერთხი, 6 წყრომით მცემელი ხალხებისა, ერთა რისხვით დამსჯელი, შეუწყვეტლივ მდევნელი. 7 ისვენებს, მშვიდადაა მთელი ქვეყანა, დაიწყეს სიმღერა. 8 კვიპაროსებიც შეგხარიან შენ, ლიბანის კედრები: ‘მას შემდეგ, რაც შენ დაწექი, არ ამოსულა ჩვენთან ხის მჭრელი.’ 9 შავეთი დაბლა შეიძრება შენს გამო, რომ შეგეგებოს შენი მოსვლისას; შენთვის გამოაღვიძა მკვდარნი, ქვეყნის ყველა წინამძღოლი; თავიანთი ტახტებიდან წამოაყენა ხალხების ყველა მეფე. 10 ყველანი მოგიგებენ და გეტყვიან: ‘შენც დაუძლურდი ჩვენსავით, ჩვენ დაგვემსგავსე. 11 შავეთში ჩაეშვა შენი დიდებულება და ჟღერა შენი ებნებისა, ქვეშ დაგეფინება მატლი და ჭია დაგფარავს შენ.’ 12 როგორ ჩამოვარდი ციდან, მთიებო, განთიადის ძევ, მიწას დაენარცხე! ხალხთა მძლეველო. 13 შენ კი ამბობდი შენს გულში: ‘ცაში ავალ, ღმერთის ვარსკვლავებს, ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტს, და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილოეთის კიდეებზე. 14 ავალ ღრუბლის გორაკებზე, დავემსგავსები უზენაესს!’ 15 მაგრამ შავეთში იქნები ჩაგდებული, უფსკრულის კიდეებზე. 16 შენი დამნახველნი შემოგაცქერდებიან, დაგაკვირდებიან: ‘ეს კაცია ქვეყნის შემაძრწუნებელი, სამეფოთა შემძვრელი, 17 ქვეყნიერება რომ უდაბნოდ აქცია და ანგრევდა მის ქალაქებს, მის პატიმრებს რომ არ უშვებდა სახლში?’ 18 ხალხების ყველა მეფე, ყველანი წვანან დიდებაში, თითოეული თავის სახლში. 19 შენ კი გადაგდებული იყავი შენი საფლავიდან, როგორც საძაგელი ტოტი, სამოსელი მოკლულთა, მახვილით განგმირულთა, რომლებსაც ქვის ორმოში უშვებენ, როგორც გასრესილ გვამს. 20 შენ არ შეუერთდები მათ დამარხვისას, რადგან შენ ააოხრე შენი ქვეყანა, დახოცე შენი ხალხი, თესლი ბოროტმოქმედთა არ მოიხსენება საუკუნოდ. 21 გაუმართეთ ჟლეტა მის ძეთ მათი მამების ურჯულოების გამო, რათა არ აღდგნენ და არ დაიპყრონ ქვეყანა, არ გაავსონ ქვეყნიერების ზედაპირი ქალაქებით.” 22 „და მე აღვდგები მათზე!” სიტყვა უფალ ცაბაოთისა, „და მოვუსპობ ბაბილონს სახელს და ნარჩენს, და შვილს და შვილთაშვილს!” სიტყვა უფლისა. 23 „და ვაქცევ მათ ზღარბთა სამკვიდრებლად და ჭაობებად, და განადგურების ცოცხით გამოვხვეტავ მათ!” – სიტყვა უფალ ცაბაოთისა. 24 დაიფიცა უფალმა ცაბაოთმა ასე: „როგორც მე ჩავიფიქრე, ისე იქნება, და როგორც მე განვიზრახე, ისე აღსრულდება. 25 რომ დავლეწავ აშურს ჩემს ქვეყანაში და გავთელავ მას ჩემს მთებზე; და გადაგდებული იქნება მათგან მისი უღელი და მისი ტვირთი მათ მხრებს ჩამოეხსნება.” 26 ესაა განაჩენი, გადაწყვეტილი მთელი ქვეყნის მიმართ და ესაა ხელი, მოღერებული ყველა ხალხზე. 27 რადგან უფალმა ცაბაოთმა გადაწყვიტა და ვინ დაარღვევს, და მისი ხელია მოღერებული და ვინ ააცილებს მას? 28 მეფე ახაზის სიკვდილის წელს იყო ეს წარმონათქვამი: 29 „ნუ გიხარიათ, ფილისტიმელნო, რომ დაიმსხვრა თქვენი მცემელი კვერთხი; რადგან გველის ფესვიდან გამოვა ასპიტი და მისი ნაყოფი ფრთოსანი გველი იქნება. 30 დაიმწყემსებიან ღატაკთა პირმშონი, და ღარიბნი უსაფრთხოდ წამოწვებიან; მოვაკვდინებ შენს ფესვს შიმშილით, და შენს ნატამალს დახოცავს იგი. 31 იქვითინე, ჭიშკარო! იღაღადე, ქალაქო! დაიშლები მთლიანად, ფილისტიმელთა ქვეყანავ, რადგან ჩრდილოეთიდან კვამლი მოდის და არავინ ჩამორჩება მის ურდოებს. 32 რას უპასუხებს ის ხალხთა წარგზავნილთ? რომ უფალმა სიონი დააფუძნა და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ერის ჩაგრულნი.”
თავი მეცამეტე                                                                                                                                  თავი მეთხუთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close