ესაია 1

ივლისი 1, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
11 ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების – ყუზიაჰუს, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში: 2 ისმინეთ ცანო და ყური დაუგდე, ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: „ძენი გავზარდე მე და აღვამაღლე, მათ კი მიმუხთლეს მე. 3 ხარი იცნობს თავის მფლობელს და ვირი – ბაგას თავისი პატრონისას, ისრაელი კი არ მიცნობს მე, ჩემს ხალხს გაგება არა აქვს. 4 ოი, შემცოდავო ერო, ხალხო დამძიმებულო ურჯულოებით, თესლო ბოროტმოქმედთა, დამღუპველო ძენო! დატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, უკან განდგნენ. 5 რისთვის უნდა იცემოთ მეტად? უმატებთ განდგომას! თავი მთლიანად სნეულია და გული მთლიანად მტკივანი. 6 ფეხის გულიდან თავამდე არაფერია მასში უვნებელი; ჭრილობა და ნაგვემი და ჩირქოვანი წყლული – არ გამოწურულან ისინი, და არ შეხვეულა და არ დაამებულა მალამოთი. 7 აოხრებულია თქვენი ქვეყანა, ცეცხლითაა გადამწვარი თქვენი ქალაქები, თქვენი მიწა – თქვენი თანდასწრებით უცხონი ჭამენ მის ნაყოფს და აოხრებულია, როგორც უცხოთა მიერ დამხობისას. 8 და დარჩა სიონის ასული, როგორც კარავი ვენახში, როგორც ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი. 9 უფალ ცაბაოთს რომ მცირე ნატამალი არ დაეტოვებინა ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით, გომორას დავემსგავსებოდით.” 10 ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ რჯულს ჩვენი ღმერთისას, გომორას ხალხო. 11 „რად მინდა მე თქვენი მრავალი შესაწირავი?” – ამბობს უფალი. – „გავძეხი მე სრულადდასაწველი ვერძებით და ქონით მსუქანი საქონლისა; და სისხლი მოზვერთა, ცხვრებისა და ვაცებისა არ მსურს მე. 12 როდესაც მოდიხართ ჩემს წინაშე წარსადგომად, ვინ გთხოვთ ჩემი ეზოების გათელვას? 13 არ მომიტანოთ მეტად ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი – სისაძაგლეა ის ჩემთვის, ახალმთვარობას და შაბათს, სადღესასწაულო შეკრებას ვერ ვიტან: ურჯულოება და დღესასწაული? 14 თქვენი ახალმთვარობები და დღესასწაულები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა ისინი, დავიღალე მათი ზიდვით. 15 და როცა თქვენ გაიწვდენთ ხელებს, მე აგარიდებთ თვალს, და რამდენიც არ უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ. თქვენი ხელები სავსეა სისხლით. 16 განიბანეთ, განიწმიდეთ, მოაშორეთ თქვენი ბოროტი ნამოქმედარი ჩემს თვალთაგან, შეწყვიტეთ ბოროტება. 17 ისწავლეთ სიკეთის ქმნა, ეძებეთ სამართალი; გაამაგრეთ ჩაგრული, სამართლიანად გაასამართლეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს. 18 „მოდით და ვიკამათოთ,” – ამბობს უფალი. – „ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა. 19 თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ, 20 მაგრამ თუ უარს იტყვით და ურჩობას გასწევთ, მახვილით მოისპობით!” – რადგან უფლის პირმა წარმოთქვა ეს. 21 როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სავსე იყო სამართლიანობით, სიმართლე განისვენებდა იქ, ახლა კი მკვლელები არიან! 22 შენი ვერცხლი წიდად იქცა, შენი ღვინო წყალგარეულია. 23 შენი მთავარნი განდგომილნი და ქურდთა მეგობარნი არიან; მათ ყველას ქრთამი უყვართ და საზღაურს ედევნებიან, ობოლს არ ასამართლებენ სამართლიანად და ქვრივის საქმე არ აღწევს მათთან. 24 ამიტომაც არის სიტყვა უფალი ცაბაოთისა, ისრაელის ძლიერისა: „მე მოვისვენებ ჩემი დუშმანებისაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე. 25 და მოვაბრუნებ ჩემს ხელს შენსკენ და როგორც ნაცარტუტით, გავწმენდ შენს წიდას და მოვაცილებ მთელ შენს კალას. 26 და დავაბრუნებ შენს მსაჯულებს, როგორც თავდაპირველად იყო და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში იყო! ამის შემდეგ გეწოდება შენ სამართლიანობის ქალაქი, სარწმუნო დედაქალაქი.” 27 სიონი სამართლიანობით იქნება გამოსყიდული, ხოლო მისი მოქცეულნი – სიმართლით. 28 და შემუსრვა ბოროტმოქმედთა და შემცოდავთა ერთად მოხდება, და უფლის მიმტოვებელნი მოისპობიან. 29 რადგან შერცხვებიან მუხნარების გამო, რომლებსაც თქვენ ნატრობდით, და შეგრცხვებათ ბაღებისა, რომლებიც თქვენ ამოირჩიეთ. 30 რადგან იქნებით ფოთოლშემჭკნარ მუხასავით და ბაღივით, რომელშიც არაა წყალი. 31 და ძლიერი ძენძად იქცევა, და მისი ნაკეთობა – ნაპერწკლად, და ორივე ერთად დაიწვება, და არავინ იქნება ჩამქრობი.
ქებათა-ქება სოლომონისა                                                                                                                           თავი მეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close