დანიელი 7

ივლისი 10, 2015

ძველი აღთქმა
დანიელი

71 ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი თავის ხილვა თავისსავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი სიტყვები. 2 დაიწყო დანიელმა და თქვა: „ღამით ჩემს ხილვაში ვხედავდი, აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა. 3 ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისაგან განსხვავებული, ვეება მხეცი ამოვიდა. 4 პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, სანამ ფრთები დასწყდებოდა. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა. 5 აჰა, სხვა მხეცი, მეორე, დათვის მსგავსი. იდგა ცალ გვერდზე და სამი ნეკნი ჰქონდა პირში, კბილებს შორის. უთხრეს მას: ‘ადექ, ჭამე ბევრი ხორცი!’ 6 ამის შემდეგ ვიხილე და, აჰა, გამოჩნდა ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა. ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას. 7 ამის შემდეგ ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში, აჰა, გამოჩნდა მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი, რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა. 8 მე ვაკვირდებოდი ამ რქებს და აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი პირვანდელი რქა ძირიანად ამოვარდა მის წინაშე. და აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალების მსგავსი ჰქონდა და პირი – ამპარტავნულად მოლაპარაკე. 9 ვიხილე, რომ ტახტრევნები დაიდგა და დაჯდა დღეებით ძველი. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და მისი თავის თმები მატყლივით სუფთა. მისი ტახტი ცეცხლის ალი იყო, მისი ეტლის ბორბლები – მოგიზგიზე ცეცხლი. 10 მოედინებოდა ცეცხლის მდინარე და მისი წინიდან გამოდიოდა. ათასი ათასეული ემსახურებოდა მას და ათი ათასეული იდგა მის წინაშე. დასხდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები. 11 მაშინ ვიხილე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ, მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. 12 დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ, მაგრამ სიცოცხლე გაუხანგრძლივდათ, ოღონდ ვადამდე და დრომდე. 13 ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში, აჰა, დავინახე, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი დღეებით ძველთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. 14 მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა. 15 შემიწუხდა სული მე, დანიელს, ჩემს სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაშფოთეს. 16 მივუახლოვდი ერთ იქ მდგომთაგანს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობა. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივე ამის მნიშვნელობა: 17 ‘ის ვეება მხეცები, რომლებიც ოთხნი არიან, ოთხი მეფეა, რომელნიც მიწიდან აღდგებიან. 18 შემდეგ უზენაესის წმიდები მიიღებენ სამეფოს და დაეუფლებიან სამეფოს სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე.’ 19 მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და მეტად საზარელი იყო, თავისი რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. 20 და იმ ათ რქაზე, თავზე რომ ჰქონდა, და იმ სხვა რქაზე, რომელიც ამოვიდა და, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; ამ რქას ჰქონდა თვალები და პირი ამპარტავნულად მოლაპარაკე, და მისი შესახედაობა უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვებისა. 21 ვიხილე ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ, 22 სანამ დღეებით ძველი მოვიდოდა. მაშინ ეს სამსჯავრო უზენაესის წმიდებს გადაეცა. მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდები დაეუფლნენ. 23 და მან ასე თქვა: „მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად. გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, გაქელავს და შემუსრავს მას. 24 ხოლო ათი რქა ეს არის ათი მეფე, რომელიც ამ სამეფოდან აღდგება. მათ შემდეგ სხვა აღდგება. იგი განსხვავებული იქნება პირველთაგან და სამ მეფეს დაამდაბლებს. 25 უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდებს შეავიწროვებს. განიზრახავს დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას დროის, ორი დროისა და ნახევარი დროის მანძილზე. 26 შემდეგ დასხდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, მის ბოლომდე მოსასპობად და დასაღუპავად. 27 მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის წმიდების ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მას მოემსახურება და მას დაემორჩილება.’ 28 აქ არის სიტყვის დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაშფოთა და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს ამბავი გულში დავიმარხე.”

თავი მეექვსე                                                                                                                                            თავი მერვე

კომენტარის დატოვება

Close
Close