დანიელი 10

ივლისი 10, 2015

ძველი აღთქმა
დანიელი

101 კიროსის, სპარსეთის მეფის, მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი იყო ეს სიტყვა და დიდ ომს შეეხებოდა. მან გაიგო სიტყვა და მიხვდა ხილვას. 2 იმ დღეებში მე, დანიელი, სამი შვიდეულის მანძილზე მგლოვიარე ვიყავი. 3 გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა. 4 პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის, პირას ვიყავი. 5 თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული. 6 ტანი ქრიზოლითს მიუგავდა, სახე – ელვის შესახედაობას, თვალები – ცეცხლოვან ჩირაღდნებს, ხელ-ფეხი – პრიალა სპილენძს, სიტყვების ჟღერა – მრავალი ხალხის ხმას. 7 მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს ხილვა, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი, თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ. 8 მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად ხილვას, ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე. 9 მისი სიტყვების ჟღერა შემომესმა და მისი სიტყვების ჟღერის გაგონებისთანავე ძილქუში დამეცა სახეზე, მიწაზე პირქვე გართხმულს. 10 და აჰა, ხელი შემეხო და წამომაყენა მუხლებზე და ხელის გულებზე. 11 მითხრა: „დანიელ, სასურველო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ უნდა გითხრა, და დადექი შენს ადგილას, რადგან შენთანა ვარ ახლა მოვლენილი. „ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა, მე აცახცახებული ვიდექი. 12 მითხრა: „ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღვთის მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი. 13 სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა და აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, და მე იქ დავრჩი სპარსეთის მეფეებთან. 14 მოვედი, რომ გაგაგებინო, რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვაც იმ დღეებს შეეხება.” 15 როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწაზე პირქვე დავემხე და დავმუნჯდი. 16 და აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს და მე გავხსენი ბაგე და ავმეტყველდი. ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: „ჩემო ბატონო, ამ ხილვის გამო ტკივილებმა შემიპყრეს და ძალა ვეღარ შევინარჩუნე. 17 როგორ შეუძლია ჩემი ბატონის ასეთ მსახურს ელაპარაკოს ჩემს ასეთ ბატონს, რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სუნთქვა დამირჩა?” 18 მაშინ კვლავ შემეხო კაცის იერის მქონე და გამამაგრა. 19 მითხრა: „ნუ გეშინია, სასურველო კაცო, მშვიდობა შენდა! გამაგრდი, გამაგრდი.” როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი და ვუთხარი: „ილაპარაკე, ჩემო ბატონო, რადგან შენ გამამაგრე.” 20 მითხრა: „თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე და რომ გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი. 21 მაგრამ მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: არავინა მყავს, სიმტკიცეს რომ იჩენდეს მათ წინააღმდეგ, გარდა მიქაელისა, თქვენი მთავრისა.

თავი მეცხრე                                                                                                                               თავი მეთერთმეტე

კომენტარის დატოვება

Close
Close