დანიელი 1

ივლისი 10, 2015
ძველი აღთქმა
დანიელი
11 იეჰოიაკიმის, იუდას მეფის, მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას. 2 ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე, და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი, და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში, და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული. 3 უთხრა მეფემ აშფენაზს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელის ძეთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან. 4 უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა. 5 განუწესა მათ მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის სუფრიდან და იმ ღვინიდან, თავად რომ სვამდა. სამ წელიწადში უნდა გაწვთრთნილიყვნენ ისინი და ბოლოს მეფის სამსახურში ჩამდგარიყვნენ. 6 მათ შორის იუდას ძეთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია. 7 სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა: დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას – შადრაქი, მისაელს – მეშაქი, ყაზარიას – ყაბედ-ნეგო. 8 დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით. და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, რომ არ გაუწმიდურებულიყო. 9 მისცა ღმერთმა დანიელს მადლი და წყალობა საჭურისთა მთავრის წინაშე. 10 უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: „მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი საჭმელ-სასმელი განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტადაა გამხდარი, ამით თქვენ მე დამადანაშაულებთ მეფის წინაშე.” 11 უთხრა დანილმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია: 12 „მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მსახურნი: საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად – წყალი. 13 მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფაზე რომ იქნებიან. და როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მსახურთ”. 14 დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა. 15 ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფაზე რომ იყვნენ. 16 ამიტომ მწდეს უკან მიქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო, ხოლო მათ მწვანილს აძლევდა. 17 მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და გონიერება ყველა წიგნსა და სიბრძნეში. დანიელს კი ამას გარდა გაეგებოდა ყველა ხილვა და სიზმარი. 18 როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ მათ წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა. 19 ელაპარაკა მათ მეფე და მათ შორის არავინ აღმოჩნდა დანიელის, ხანანიას, მისაელისა და ყაზარიას ბადალი. და ჩადგნენ ისინი მეფის სამსახურში. 20 გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ. 21 და იყო იქ დანიელი კიროსის პირველ წლამდე.
ეზეკიელი                                                                                                                                                   თავი მეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close