დაბადება 45

By
მარტი 24, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება
451 ვეღარ შეძლო იოსებმა თავის შეკავება თავის მხლებლებთაან და დაიძახა: „გაიყვანეთ ყველანი ჩემგან!” და არავინ იდგა მასთან, როცა გაუმჟღავნა იოსებმა თავი ძმებს. 2 და ხმამაღლა ატირდა, და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლმაც. 3 და უთხრა თავის ძმებს: „მე ვარ იოსები. კიდევ ცოცხალია მამაჩემი?” და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა მისთვის, რადგან შეცბნენ მის წინაშე. 4 და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მოდით ჩემთან!” და მივიდნენ ისინი. და მან თქვა: „მე ვარ იოსები, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ. 5 და ახლა ნუ სწუხხართ და ნუღარ ჯავრობთ, რომ აქ გამყიდეთ, რადგან თქვენი სიცოცხლის სახსრად მომავლინა მე ღმერთმა თქვენს წინაშე. 6 რადგან ეს ორი წელია, რაც შიმშილია ქვეყანაზე, და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა. 7 და მომავლინა ღმერთმა თქვენს წინ, რათა დაგიტოვოთ ნატამალი ქვეყანაზე და შეგინარჩუნოთ სიცოცხლე დიდი შველით. 8 თქვენ კი არ გამომგზავნეთ მე აქ, არამედ ღმერთმა, და მან დამადგინა ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად, და მთელი ეგვიპტის ქვეყნის მთავრად. 9 იჩქარეთ და ადით მამაჩემთან, და უთხარით: ‘ასე თქვა შენმა ძემ, იოსებმა: ღმერთმა მომავლინა ბატონად მთელი ეგვიპტისა. ჩამოდი ჩემთან, ნუ დააყოვნებ! 10 და იცხოვრებ გოშენის ქვეყანაში, და იქნები ჩემს მახლობლად, შენ, და შენი ძენი, და შენს ძეთა ძენი, და შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი მონაგები. 11 და მე გარჩენ შენ იქ, რადგან კვლავ ხუთი წელი იქნება შიმშილი, რათა არ გაღატაკდეთ შენ და შენი სახლი, და მთელი შენი მონაგები.’ 12 ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ჩემი ბაგენი გელაპარაკებიან თქვენ. 13 და უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში, და ყველაფერი უამბეთ, რაც იხილეთ. და სწრაფად ჩამოიყვანეთ მამაჩემი აქ.” 14 და ყელზე მოეხვია თავის ძმას, ბენიამინს და ატირდა; და ბენიამინიც ტიროდა მის ყელზე ყელგადაჭდობილი. 15 და კოცნიდა ყველა თავის ძმას, და ტიროდა მათთან ერთად. და ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მას მისი ძმები. 16 და მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, რომ იოსების ძმები ჩამოვიდნენ. და მოეწონათ ეს ფარაონსა და მის მსახურებს. 17 და უთხრა ფარაონმა იოსებს: „უთხარი შენს ძმებს: ასე გააკეთეთ: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და გასწიეთ ქანაანის ქვეყანაში. 18 და წამოიყვანეთ თქვენი მამა და თქვენ-თქვენი სახლი, და ჩემთან მოდით. და მოგცემთ საუკეთესოს ეგვიპტის ქვეყნის მიწაზე, და ჭამეთ ამ მიწის ღალა. 19 და შენ კი გებრძანა, უთხრა: ასე გააკეთეთ, წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ეტლები თქვენი ბავშვებისათვის და თქვენი ცოლებისათვის, და წამოიყვანეთ მამათქვენი და მოდით; 20 და თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ნივთებზე, რადგან მთელი ეგვიპტის ქვეყნის საუკეთესო თქვენი იქნება.” 21 და ასეც გააკეთეს ისრაელის ძეებმა. და მისცა მათ იოსებმა ეტლები და საგზალი, როგორც უბრძანა მას ფარაონმა. 22 თითოეულ მათგანს მისცა თითო ხელი სამოსელი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი. 23 და მამამისს აგრეთვე გაუგზავნა ათი სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და ათი ხრდალი ვირი ხორბლით, პურითა და საკვებით დატვირთული, მამამისის სამგზავროდ. 24 და გაუშვა თავისი ძმები, და წავიდნენ. და უთხრა მათ: ნუ იდავებთ გზაში. 25 და წავიდნენ ისინი ეგვიპტიდან, და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან. 26 და აუწყეს მას და უთხრეს: „იოსები ცოცხალია და განმგებლობს მთელს ეგვიპტის ქვეყანაზე!” და შეკრთა მისი გული, რადგან არ ერწმუნა მათ. 27 და გადასცეს მას იოსების ყოველი სიტყვა, და დაინახა მან ეტლები, რომელნიც იოსებმა გამოგზავნა მის წასაყვანად. და გაცოცხლდა სული იაკობისა, მათი მამისა. 28 და თქვა ისრაელმა: „იოსები, ჩემი ძე, ცოცხალია! წავალ და ვნახავ მას, სანამ არ მოვმკვდარვარ.”

თავი ორმოცდამეოთხე                                                                                                              თავი ორმოცდამეექვსე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close