ძველი აღთქმა
დაბადება
დაბადება
261 და ჩამოვარდა შიმშილობა ქვეყანაში იმ ადრინდელი შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაამის დღეებში იყო. და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში. 2 და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დარჩი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი. 3 ხიზნობდე იმ ქვეყანაში, და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს თესლს მოგცემთ მთელ ამ ქვეყანას, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაშენს. 4 და გავამრავლებ შენს თესლს, ვითარცა ვარსკვლავებს ცისას, და მივცემ შენს თესლს მთელს იმ ქვეყანას. და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყოველი ტომი, 5 რადგან ისმინა აბრაამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი დასაცველი, ჩემი ბრძანებები, ჩემი წესები და ჩემი რჯულდებები.” 6 და ცხოვრობდა ისაკი გერარში. 7 და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მის ცოლზე, და მან უთხრა, რომ მისი და იყო. რადგან ეშინოდა, რომ ეთქვა, ჩემი ცოლი არისო, რადგან ფიქრობდა, აქაურ ხალხს შეუძლიათ მომკლანო რებეკას გულისთვის; რადგან რებეკა დიდად მშვენიერი იყო. 8 და იყო იქ მრავალი დღე. და გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და დაინახა, რომ ელაღობებოდა ისაკი რებეკას, თავის ცოლს. 9 და მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: „აჰა, ცოლია ის შენი! რატომ თქვი: ჩემი და არისო?” და უთხრა მას ისაკმა: „იმიტომ, რომ მეშინოდა მის გამო არ მოვმკვდარიყავი!” 10 და უთხრა აბიმელექმა: „ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი ხალხიდან, და მოაწევდი ცოდვას ჩვენზე!” 11 და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს და თქვა: „ვინც შეეხება ამ კაცს ან მის ცოლს, სიკვდილით მოკვდება.” 12 და დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმავე წელიწადს. რადგან აკურთხა იგი უფალმა. 13 და განდიდდა ეს კაცი, და მაღლდებოდა უფრო და უფრო, ვიდრე არ განდიდდა დიდად. 14 და ჰყავდა მას ცხვრის ფარა და ხარების ჯოგი, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს. 15 და ყოველი ჭა, რომელიც კი ამოთხარეს მამამისის მსახურებმა აბრაამის სიცოცხლის დღეებში, ფილისტიმელებმა დაქოლეს და მიწით ამოავსეს. 16 და უთხრა აბიმელექმა ისაკს: „წადი ჩვენგან, რადგან ჩვენზე მეტად გაძლიერდი.” 17 და წავიდა ისაკი იქიდან, და დაბანაკდა გერარის ხეობაში, და იქ ცხოვრობდა. 18 და კვლავ ამოთხარა ისაკმა წყლის ჭები, რომელნიც ამოთხარეს მამამისის, აბრაამის დღეებში, და დაქოლეს ისინი ფილისტიმელებმა მისი სიკვდილის შემდეგ. და უწოდა მათ ის სახელები, რომელნიც უწოდა მათ მამამისმა. 19 და თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში, და აღმოაჩინეს ცოცხალი წყლის ჭა. 20 და დაობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან და ამბობდნენ: „წყალი ჩვენ გვეკუთვნის!” და მან უწოდა ჭას სახელად ყესეკი, რადგან დაობდნენ მასთან. 21 და ამოთხარეს სხვა ჭა და მასზედაც დაობდნენ; ამიტომ უწოდა მას სახელად სიტნა. 22 და გადაინაცვლა იქიდან, და ამოთხარა სხვა ჭა, და მასზე არ შედავებიან. ამიტომ უწოდა სახელად მას რეხობოთი და თქვა: „ამიერიდან გაგვაფართოვა ჩვენ უფალმა და გავმრავლდით ქვეყანაზე.” 23 და იქიდან წავიდა ბეერ-შებაყში. 24 და გამოეცხადა მას უფალი იმ ღამით, და უთხრა: „მე ვარ აბრაამის, მამაშენის, ღმერთი, და ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ და გაკურთხებ, და გაგიმრავლებ თესლს აბრაამის, ჩემი მსახურის, გამო.” 25 და ააშენა იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. და გაშალა იქ თავისი კარავი, და ამოთხარეს იქ ჭა ისაკის მსახურებმა. 26 და მივიდა აბიმელექი მასთან გერარიდან, და მასთან ერთად ახუზათი, მისი მეგობარი, და ფიქოლი, მისი მთავარი. 27 და უთხრა მათ ისაკმა: „რისთვის მოხვედით ჩემთან, ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?” 28 და უთხრეს: „ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ უფალია შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და დავდებთ კავშირს შენთან, 29 რომ არ გვიბოროტო, რადგან ჩვენ არ დაგვიჩაგრიხარ, მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის, და მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ შენ.” 30 და გაუმართა ნადიმი მათ ისაკმა, და ჭამეს და სვეს. 31 და ადგნენ დილაადრიანად, და შეჰფიცეს ერთმანეთს. და გაუშვა ისინი ისაკმა, და წავიდნენ მისგან მშვიდობით. 32 და იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და აუწყეს ჭის შესახებ, რომელიც მათ ამოთხარეს, და უთხრეს: „წყალი ვიპოვეთ” 33 და უწოდა მას შებაყი. ამიტომ დარჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი. 34 და იყო ესავი ორმოცი წლისა, და მოიყვანა ცოლებად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული. 35 და გაუმწარეს მათ სული ისაკს და რებეკას.