დაბადება 27

By
მარტი 17, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება
271 და იყო, რომ როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა, მოუხმო ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: „შვილო ჩემო!” და მან უთხრა: „აქა ვარ.” 2 და თქვა: „აჰა, მოვხუცდი მე, და არ ვუწყი ჩემი სიკვდილის დღე. 3 და ახლა აიღე შენი საჭურველი, და შენი მშვილდ-ისარი, და გადი ველად და მოინადირე ჩემთვის რაიმე ნადირი 4 და მოამზადე ჩემთვის კერძი, რომელიც მიყვარს მე და მომიტანე, რომ შევჭამო, რათა გაკურთხოს შენ ჩემმა სულმა, სანამ მოვკვდებოდე.” 5 და ესმოდა რებეკას, როცა ელაპარაკებოდა ისაკი ამ სიტყვებს ესავს, თავის ძეს. და გავიდა ესავი ველად სანადიროდ, ნანადირევის მოსატანად. 6 ხოლო რებეკამ უთხრა იაკობს, თავის ძეს: „მე მოვისმინე, როგორ ელაპარაკებოდა მამაშენი ესავს, შენს ძმას: 7 ‘მომიტანე ნანადირევი და მომიმზადე კერძი და შევჭამ, რომ გაკურთხო უფლის წინაშე ჩემი სიკვდილის წინ.’ 8 და ახლა, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი ხმა, როგორც გიბრძანებ: 9 წადი და მომიყვანე იქიდან ორი კარგი თიკანი, და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, როგორც მას უყვარს. 10 და მიართვი შენს მამას და ჭამოს, რათა გაკურთხოს შენ თავისი სიკვდილის წინ.” 11 და უთხრა იაკობმა რებეკას, თავის დედას: „ესავი, ძმა ჩემი, ბანჯგვლიანი კაცია, მე კი სლიქინა კანი მაქვს. 12 რომ შემახოს ხელი მამაჩემმა, ხომ ვიქნები მის თვალში მატყუარა. და მოვაწევ ჩემს თავზე წყევლას და არა კურთხევას.” 13 და უთხრა მას დედამ: „ჩემზე იყოს შენი წყევლა, შვილო ჩემო. მაგრამ ისმინე ჩემი ხმა და წადი და მომიტანე.” 14 და იგი წავიდა, და აიყვანა, და მოჰგვარა დედას. და მოამზადა დედამისმა კერძი ისე, როგორც მამამისს უყვარდა. 15 და აიღო რებეკამ თავისი უფროსი ძის, ესავის ძვირფასი სამოსელი, რომელიც მასთან იყო სახლში, და შემოსა იაკობი, თავისი უმცროსი ძე. 16 თიკნების ტყავები შემოახვია მის ხელებსა და შიშველ კისერს. 17 და მისცა კერძი და პური, რომელიც მოამზადა, ხელში იაკობს, თავის ძეს. 18 და მივიდა იგი მამასთან და უთხრა: „მამაჩემო!” და მან უთხრა: „აჰა, მე ვარ; რომელი ხარ, ჩემო შვილო?” 19 და იაკობმა უთხრა მამამისს: „მე ვარ ესავი, შენი პირმშო; მე გავაკეთე შენი ბრძანებისამებრ. ადექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს მე შენმა სულმა.” 20 და უთხრა ისაკმა თავის ძეს: „რა მალე მოგინადირებია, შვილო?” და თქვა: „იმარ რომ უფალმა, შენმა ღმერთმა, შემახვედრა.” 21 და უთხრა ისაკმა იაკობს: „მომეახლე, რომ ხელი შეგახო შვილო ჩემო, ნუთუ შენ ხარ ძე ჩემი ესავი?” 22 და მიეახლა იაკობი ისაკს, თავის მამას, და შეახო ხელი მან, და თქვა: „ხმა, ხმა იაკობისაა, ხელები კი ხელები ესავისა.” 23 და ვერ იცნო იგი, რადგან მისი ხელი ბალნიანი იყო, როგორც ხელი ესავისა, მისი ძმისა. და აკურთხა იგი. 24 და თქვა: „მაშ შენა ხარ ჩემი ძე ესავი?” მან უპასუხა: „მე ვარ!” 25 და უთხრა მან: „მომაწოდე, შვილო ჩემო, ნანადირევი საჭმელად, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა.” და მიართვა მან მას, და ჭამდა ის; და მიუტანა მას ღვინოც, და სვამდა ის. 26 და უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: „მომეახლე და მეამბორე მე, შვილო.” 27 და მიეახლა და ეამბორა მას. და როცა იყნოსა მან სუნი მისი სამოსისა, აკურთხა იგი და თქვა: „შეხედე, სუნი ჩემი ძისა, როგორც სუნი ველისა, რომელიც აკურთხა უფალმა. 28 მოგცეს შენ ღმერთმა ცის ცვრისაგან და მიწის სინოყივრისაგან უხვი ხორბალი და ღვინო; 29 და გმონებდნენ შენ ხალხები, და თაყვანს გცემდნენ ტომები. იყავი ბატონი შენი ძმებისა, და თაყვანს გცემდნენ შენ ძენი დედაშენისა. მაწყევარი შენი წყეულიმც იყოს და მაკურთხეველი შენი კურთხეულ იყოს. 30 და როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, და იაკობი ჯერ არ წასულიყო, მოვიდა ესავი, მისი ძმა, ნადირობიდან. 31 და მანაც მოამზადა გემრიელი საჭმელი და მიართვა მამამისს, და უთხრა: „ადექი მამაჩემო და ჭამე შენი ძის ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა.” 32 და უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: „ვინ ხარ შენ?” და თქვა: „მე ვარ შენი ძე, შენი პირმშო, ესავი.” 33 და შეძრწუნდა ისაკი ძალზე დიდი ძრწოლით და თქვა: „ის მონადირე ვინღა იყო, ვინც მოინადირა და მომართვა თავისი ნანადირევი? მე უკვე ვჭამე, და თან ვაკურთხე იგი, ვიდრე შენ მოხვიდოდი, ისიც კურთხეული იქნება!” 34 და როცა მოისმინა ესავმა თავისი მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: „მეც მაკურთხე, მამაჩემო.” 35 და უთხრა მან: „ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა.” 36 და თქვა მან: „ამიტომ ეწოდა მას სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ წამაბორძიკა მე: ჯერ პირმშოობა წამართვა და ახლა კი ჩემი კურთხევა წაურთმევია!” და ჰკითხა: „ნუთუ არ შეგინახავს კურთხევა ჩემთვის?” 37 და უთხრა ისაკმა ესავს: „შენს ბატონად დავაყენე იგი და ყველა მისი ძმა მივეცი მას მსახურად. და განვამტკიცე იგი ხორბლით და ღვინით. შენ რაღა გიყო, შვილო?” 38 და უთხრა ესავმა თავის მამას: „მამაჩემო, განა მხოლოდ ერთი კურთხევა გაქვს? მაკურთხე მეც, მამაჩემო!” და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა და ატირდა. 39 და მიუგო ისაკმა, მამამისმა: „ნოყიერი მიწისგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი და შორს ცის ცვარისგან. 40 და შენი მახვილით ცხოვრობდე და შენს ძმას ემსახურებოდე, და იქნება რომ წინ აღუდგები მას და ჩამოიხსნი მის უღელს შენი ქედიდან.” 41 და შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისათვის, რომლითაც იგი აკურთხა მამამისმა. და თქვა ესავმა თავის გულში: „ახლოვდება დღენი მამაჩემის გლოვისა და მოვკლავ მაშინ ჩემს ძმას, იაკობს.” 42 და ეუწყა რებეკას სიტყვები ესავისა, თავისი უფროსი ძისა. და მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს, და უთხრა: „აჰა, ესავს, შენს ძმას სურს გული მოიოხოს შენი მოკვლით! 43 და ახლა, შვილო, მისმინე მე და გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან, ხარანში. 44 და დარჩი მასთან რამოდენიმე ხანს, ვიდრე დაცხრება შენი ძმის გულისწყრომა, 45 და რომ დაცხრება რისხვა შენი ძმისა და დაივიწყებს, რაც უყავი მას, გამოვგზავნი ვინმეს და წამოგიყვან იქიდან, რად დაგღუპოთ ორივენი ერთ დღეს?” 46 და უთხრა რებეკამ ისაკს: „მომბეზრდა სიცოცხლე ხეთელ ასულთა გამო. თუ იაკობი ხეთელ ასულს მოიყვანს ცოლად, როგორც ესენი არიან, რაღად მინდა მე სიცოცხლე?”

თავი ოცდამეექვსე                                                                                                                                თავი ოცდამერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close