1 და მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ჟამს, და ლოტი კი იჯდა სოდომის კარიბჭესთან. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და სცა თაყვანი მიწამდე. 2 და თქვა: „ჩემო ბატონებო! შემოუხვიეთ თქვენი მსახურის სახლში და გაათიეთ ღამე. და დილაადრიან დაიბანთ ფეხს და წახვალთ თქვენი გზით!” და უთხრეს: „არა! მოედანზე გავათევთ ღამეს.” 3 დიდად ეხვეწა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს მასთან, და შევიდნენ მასთან სახლში. და გაუმართა მათ ნადიმი, და დაუცხო ხმიადები და ჭამეს. 4 ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელები გარშემოერტყნენ სახლს. ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. 5 და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს მას: „სად არიან კაცები, რომელნიც შენთან მოვიდნენ ღამით? გამოიყვანე ისინი ჩვენთან, რომ შევიცნოთ ისინი.” 6 და გარეთ გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიკეტა კარი, 7 და თქვა: „ჩემო ძმებო, ნუ იზამთ უკეთურობას. 8 აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი. გამოვიყვან მათ თქვენთან, და უყავით მათ, რაც გენებოთ. მხოლოდ ამ კაცებს ნურაფერს უზამთ, რადგან ჩემი ჭერის ჩრდილში არიან შემოსული!” 9 და უთხრეს: „მოშორდი აქედან!” და კვლავ უთხრეს: „უცხო ვინმე მოსულხარ აქ ხიზნად, და სამართალს სჯი? ახლა შენ მათზე უარესს დაგმართებთ!” და მიესიენ ლოტს და დაიწყეს კარების მტვრევა. 10 მაგრამ ლოტის სტუმრებმა გამოიწოდეს ხელი, ლოტი შეიყვანეს შინ და მიიკეტეს კარები. 11 ხოლო კაცებს, სახლის შესასვლელთან რომ იყვნენ, სიბრმავე დაატეხეს, პატარიდან დიდამდე, და მათ ქანცი გაუწყდათ კარების ძებნაში.