ძველი აღთქმა
დაბადება
დაბადება
141 და შინყარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა – ელასარის მეფემ, ქედორ-ლაღომერმა – ყელამის მეფემ და თიდყალმა – გოიმის მეფემ 2 დაიწყეს ომი სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან. 3 ყველა ესენი შეერთდნენ სიდიმის ველზე, (სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა). 4 თორმეტ წელს ემონებოდნენ ისინი ქედორ-ლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს ამბოხდნენ. 5 და მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორ-ლაღომერი მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და გაანადგურეს რეფაიმელნი ყაშთაროთ-კარნაიმში, ზუზელნი ჰამში, ემიელნი შავე-კირიათაიმში 6 და ხორიელები სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან. 7 და უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, ეს კადეშია, და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, და აგრეთვე ამორეველნი, ხაცეცონ-თამარის მკვიდრნი. 8 და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები, და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა 9 ყელამის მეფე ქედორ-ლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს. ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ. 10 სიდიმის ველზე იყო უამრავი ფისის ორმო. და უკუიქცნენ სოდომისა და გომორას მეფენი და ჩაცვივდნენ იქ. და დანარჩენნი უკუიქცნენ მთებში. 11 და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება და მთელი საზრდო, და წავიდნენ. 12 და წაიყვანეს აბრამის ძმისწული ლოტიც, მცხოვრები სოდომში და მთელი მისი ქონება, და წავიდნენ. 13 და მოვიდა ლტოლვილი და მოუტანა ამბავი ებრაელ აბრამს. მაშინ იგი ბინადრობდა მუხნარში, რომელიც ეკუთვნოდა ამორეველ კაცს, მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმას. ისინი აბრამის მოკავშირენი იყვნენ. 14 როცა გაიგო აბრამმა, რომ მისი ძმისწული წაეყვანათ ტყვედ, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი მსახური, და სდია მტერს დანამდე. 15 და დარაზმა აბრამმა თავისი კაცები ღამით და გაიყვანა მათ წინააღმდეგ, და გაანადგურა ისინი, და სდია მათ ხობამდე, რომელიც დამასკოს მარცხნივაა. 16 და დაიბრუნა მთელი ქონება და აგრეთვე თავისი ძმისწული, ლოტი, მთელი მისი ქონებითა; ქალები და ხალხი. 17 და გამოვიდა მეფე სოდომისა მის შესახვედრად შავეს ველზე (ეს არის სამეფო ველი) ქედორლაღომერისა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ. 18 და მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. და იყო ის მღვდელი მაღალი ღმერთისა. 19 და აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი მაღალი ღმერთის, ცისა და მიწის მეუფის მიერ. 20 და კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.” და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი. 21 და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: „მომეცი მე ხალხი, და ქონება დაიტოვე შენთვის.” 22 და უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: „ავაპყრობ ჩემს ხელებს უფლის მიმართ, მაღალი ღმერთისა, ცისა და მიწის მეუფისა, 23 თუ ძაფიდან ფეხსამოსის თასმამდე რამე ავიღო იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო, მე გავამდიდრეო აბრამი, 24 გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად – ყანერს, ეშქოლსა და მამრეს, წაიღონ მათ თავ-თავიანთი წილი.თავი მეცამეტე თავი მეთხუთმეტე