დაბადება 23

By
მარტი 16, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება231 იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი. ეს არის სარას სიცოცხლის წლები. 2 და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყში, ეს არის ხებრონი, ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად. 3 და აბრაამი მოსცილდა თავის მკვდარს და უთხრა ხეთელებს: 4 „მდგმური ვარ და ხიზანი მე თქვენთან. მომეცით მე საკუთარი სამარხი ადგილი თქვენს შორის, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი ჩემს თვალთაგან.” 5 და მიუგეს ხეთის ძეებმა აბრაამს და უთხრეს: 6 “ისმინე, ჩვენო ბატონო: ღვთის მთავარი ხარ შენ ჩვენს შორის! ჩვენ რჩეულ სამარხში დამარხე შენი მკვდარი, ჩვენგან არავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.” 7 და ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ ქვეყნის ხალხს, ხეთის შვილებს. 8 და უთხრა მან მათ: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონს, ცოხარის ძეს, 9 და მან მომცეს მახფელას მღვიმე, რომელიც მისი მინდვრის ბოლოზეა. სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, საკუთრად დასამარხავად.” 10 და ყეფრონი იჯდა ხეთის ძეთა შორის. და მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის გასაგონად, და უთხრა: 11 „არა, ბატონო ჩემო, ისმინე ჩემი: მინდორს გაძლევ, და მღვიმეც, რომელიც იქაა, შენთვის მომიცია. ჩემი ხალხის წინაშე გჩუქნი მას, რომ დამარხო შენი მკვდარი.” 12 და თაყვანი სცა აბრაამმა ამ ქვეყნის ხალხს. 13 და ელაპარაკა ყეფრონს ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად: „იქნებ მოგესმინა ჩემთვის. ვერცხლს გაძლევ მინდვრისათვის; აიღე ჩემგან და დავმარხავ ჩემს მკვდარს იქ. 14 და მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა მას: 15 „ჩემო ბატონო, მოისმინე! ოთხასი შეკელი ღირს მიწა. რა არის იგი ჩემსა და შენს შორის? დამარხე შენი მკვდარი!” 16 და როცა აბრაამმა ეს გაიგონა, მიუწონა ყეფრონს ვერცხლი, როგორც ხეთელთა გასაგონად თქვა, ისე – ოთხასი შეკელი ვერცხლი, სავაჭრო მაზანდით. 17 და დაუმტკიცდა მას ყეფრონისეული მინდორი, რომელიც იყო მახფელაში, მამრეს პირისპირ, და მღვიმე, რომელიც იყო იქ, და ყოველი ხე, რომელიც იყო იმ მინდორზე ირგვლივ, მთელს მის საზღვრებში, 18 შეიძინა აბრაამმა საკუთრებად, ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის თვალწინ. 19 და ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს პირისპირ (ეს არის ხებრონი), ქანაანის ქვეყანაში. 20 და დაუმტკიცდა აბრაამს ხეთის ძეთაგან მინდორი და მღვიმე, რომელიც იყო იქ, სამარხად.

თავი ოცდამეორე                                                                                                                             თავი ოცდამეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close