დაბადება 24

By
მარტი 16, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება241 და მოხუცდა აბრაამი და ხანში შევიდა. და უფალმა აკურთხა აბრაამი ყველაფრით. 2 და უთხრა აბრაამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც მას გააჩნდა: „ამომიდევი ხელი ჩემს საზარდულს ქვეშ, 3 და დაგაფიცებ უფალს, ცის ღმერთსა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ, 4 არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში და ჩემს სანათესაოში, და მოჰგვრი ცოლს იქიდან ჩემს ძეს ისაკს.” 5 და უთხრა მას მსახურმა: „ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?” 6 და უთხრა მას აბრაამმა: „გაფრთხილდი, ნუ დააბრუნებ ჩემ ძეს იქ. 7 უფალმა, ცის ღმერთმა, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ჩემი შობის ადგილიდან, და რომელიც მელაპარაკა მე და შემომფიცა და მითხრა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წარმოავლენს თავის ანგელოზს შენს წინაშე, რომ წამოიყვანო ქალი იქიდან ჩემი ძისათვის. 8 და თუ არ ინებოს ქალმა შენი გამოყოლა, მაშინ თავისუფალი იქნები შენ იმ ფიცისაგან, რომელიც მე შემომფიცე ოღონდ ჩემი ძე არ დააბრუნო იქ.” 9 და ამოუდო მსახურმა თავისი ხელი აბრაამს, თავის ბატონს, საზარდულს ქვეშ, და შეჰფიცა ამაზე. 10 და გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის აქლემთაგან, და წავიდა. და მას თან ჰქონდა თავისი ბატონის ყოველგვარი განძი, და წავიდა იგი შუამდინარეთს, ნახორის ქალაქისაკენ. 11 და ჩამუხლა აქლემები ქალაქს გარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, იმ დროს, როდესაც ქალწულნი გამოდიან წყლის ამოსახაპავად. 12 და თქვა: „უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის, ღმერთო! მოავლინე შემთხვევა ჩემს წინაშე და უყავი წყალობა დღეს ჩემს ბატონს, აბრაამს. 13 აჰა, მე ვდგავარ წყლის წყაროსთან, და ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოდიან წყლის ამოსახაპავად; 14 თუ ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი: ‘დახარე შენი სურა, რომ დავლიო’, მიპასუხებს: ‘დალიე და აქლემებსაც დავალევინებ’, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. და ამით შევიტყობ, რომ გიყვია წყალობა ჩემი ბატონისათვის.” 15 და ჯერ არ დაემთავრებინა მას ლაპარაკი, რომ მოვიდა მხარზე სურაშემოდგმული რებეკა, რომლის მამა იყო ბეთუელი, რომელიც იყო ძე მილქასა და ნახორისა, აბრაამის ძმისა. 16 და იყო იგი დიდად მშვენიერი ქალწული, რომელსაც არ შეეცნო მამაკაცი. და ჩავიდა იგი წყაროზე, აავსო სურა და ამოვიდა. 17 და გაეშურა მსახური მის შესახვედრად, და სთხოვა: „დამალევინე ცოტა შენი სურიდან.” 18 და მან უპასუხა: „დალიე, ჩემო ბატონო”, და ჩამოიღო სურა მხრიდან. 19 და როცა დააცხრო მისი წყურვილი, უთხრა: „ამოვხაპავ წყალს შენი აქლემებისთვისაც, ვიდრე არ დარწყულდებიან.” 20 და მან ისწრაფა და დაცალა თავისი სურა სარწყულებელში, და კვლავ გაეშურა ჭისკენ ამოსახაპად, და ამოხაპა ყველა მისი აქლემისთვის. 21 ხოლო ის კაცი უყურებდა მას გაოცებული და დუმდა, რათა გაეგო, წარუმართა მას უფალმა გზა თუ არა. 22 და როცა შეწყვიტეს აქლემებმა სმა, მან აიღო ნახევარი შეკელი წონის ოქროს რგოლი, და ორი სამაჯური ათი ოქროს წონის. 23 და ჰკითხა: “ვისი ასული ხარ შენ? მითხარი, თუ არის მამაშენის სახლში გასათევად ადგილი ჩვენთვის?” 24 და მან უპასუხა: „მე ვარ ბეთუელის, მილქას ძის, რომელიც ნახორთან ეყოლა.” 25 და კვლავ უთხრა მას: „ბზეცა და თივაც ბევრია ჩვენთან, და გასათევი ადგილიც .” 26 და მუხლი მოიყარა იმ კაცმა, და თაყვანი სცა უფალს. 27 და თქვა: „კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და თავისი ჭეშმარიტებით! და სწორი გზით მომიყვანა მე უფალმა ჩემი ბატონის ძმის სახლში.” 28 და გაიქცა ყმაწვილი ქალი და ამცნო ეს ყველაფერი დედის სახლს. 29 და რებეკას ჰყავდა ძმა, სახელად ლაბანი, და გამოეშურა ლაბანი წყაროსთან, იმ კაცისაკენ. 30 და როცა იხილა ნესტოზე რგოლი, და სამაჯურები თავისი დის ხელებზე, და როცა მოისმინა თავისი დის, რებეკას სიტყვები, მივიდა იმ კაცთან, და აჰა, იგი დგას თავის აქლემებთან წყაროსთან. 31 და უთხრა: „მობრძანდი, უფლის კურთხეულო, რად დგახარ გარეთ? მე გაგიმზადე სახლი და აქლემების სადგომი.” 32 და შევიდა კაცი და მოხადა აქლემებს საკაზმები და მისცა მათ ბზე და საკვები, და აიღო წყალი მისთვის და მის თანმხლებთათვის ფეხების დასაბანად. 33 და გაუწყვეს სუფრა საჭმელად, მაგრამ მან უთხრა: „ვერ შევჭამ, ვიდრე არ ვიტყვი ჩემს სათქმელს.” და უთხრეს: „თქვი!” 34 და თქვა: „მე ვარ მსახური აბრაამისა. 35 უფალმა დიდად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი. და მისცა მას ცხვარი და ხარი, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი. 36 და უშვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ძე ჩემს ბატონს, რომელსაც აბრაამმა მისცა ყველაფერი, რაც კი აბადია. 37 და დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: ‘არ მოჰგვარო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა მიწაზეც მე ვცხოვრობ. 38 არამედ წადი მამაჩემის სახლში და ჩემს საგვარეულოში და მოჰგვარე ცოლი ჩემს ძეს.’ 39 და ვუთხარი ჩემს ბატონს: ‘იქნებ არ წამომყვეს ქალი.’ 40 და მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, მოგივლენს თავის ანგელოზს და წარმართავს შენს გზას. და შენ მოჰგვარე ცოლი ჩემს ძეს ჩემი საგვარეულოდან და მამაჩემის სახლიდან. 41 და მაშინ იქნები ჩემი ფიცისგან თავისუფალი, როცა მიხვალ ჩემს საგვარეულოში და არ გამოგაყოლებენ ქალს, მაშინ იქნები თავისუფალი ჩემი ფიცისგან’ 42 და მოვედი მე დღეს წყაროზე, და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელზეც მე დავდივარ, 43 აჰა, მე ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც გამოვა ამოსახაპად, ვეტყვი: დამალევინე ცოტა წყალი შენი სურიდან, 44 და რომელიც მეტყვის: შენც დალიე და შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავო, ის იქნება ქალი, რომელიც გაუმზადა უფალმა ჩემი ბატონის შვილს.’ 45 ჯერ არ დამესრულებინა ჩემი სიტყვა, გულში რომ გავივლე, რომ დავინახე რებეკა მხარზე სურით. და ჩავიდა იგი წყაროსთან და, რომ ამოხაპა, ვუთხარი: ‘დამალევინე’. 46 და ისწრაფა და ჩამოიღო სურა თავისი მხრიდან, და მითხრა: ‘დალიე, და აქლემებსაც დავალევინებ.’ და დავლიე, და აქლემებსაც დაალევინა. 47 და ვკითხე მას: ‘ვისი ასული ხარ შენ?’ და მითხრა: ‘ბეთუელის ასული ვარ, მილქასა და ნახორის ძისა’. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელზე სამაჯურები. 48 და მოვიყარე მუხლი, და თაყვანი ვეცი უფალს, და ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც წარმმართა ჭეშმარიტი გზით, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს. 49 და ახლა მითხარით მე: მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი ბატონისთვის? თუ არა და ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.” 50 და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა და უთხრეს: „უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და არ ძალგვიძს ჩვენ გითხრათ ან კარგი, ან ცუდი. 51 აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი, რომ იყოს ცოლი შენი ბატონის ძისა. როგორც თქვა უფალმა.” 52 და როგორც კი ისმინა აბრაამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე. 53 და ამოიღო აბრაამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და მისცა რებეკას. და ძვირფასი საჩუქრები მისცა მის ძმას და მის დედას. 54 და ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფმა კაცებმა, და გაათიეს. და როცა ადგნენ დილით, მან თქვა: „გამიშვით ჩემს ბატონთან.” 55 მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: „დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ერთხანს, ათი დღე მაინც, მერე კი შეგიძლია წახვიდე.” 56 და მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან.” 57 და უთხრეს: „დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.” 58 და დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს მას: „წახვალ ამ კაცთან ერთად?” და მან თქვა: „წავალ!” 59 და გაუშვეს რებეკა, თავიანთი და, მის ძიძასთან ერთად, და აბრაამის მსახური და მისი კაცები. 60 და აკურთხეს რებეკა და უთხრეს მას: „ჩვენო დაო, გახდი ბევრათასეული! და დაიმკვიდროს შენმა თესლმა თავის მტერთა ბჭენი.” 61 და შესხდნენ რებეკა და მისი მხევლები აქლემებზე და გაჰყვნენ იმ კაცს. და წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა. 62 და დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი, და ცხოვრობდა ნეგებში. 63 და გავიდა ერთხელ ის საღამოხანს ველზე სასეირნოდ, და გაიხედა, და დაინახა მომავალი აქლემები. 64 და აღაპყრო რებეკამ თვალი და დაინახა ისაკი, და ჩამოვიდა აქლემიდან. 65 და უთხრა მსახურს: „ვინაა ის კაცი, ჩვენს შესახვედრად რომ მოდის ველზე?” და უთხრა მსახურმა: „ეს ჩემი ბატონია!” და აიღო მან რიდე და ჩამოიფარა. 66 და მოუთხრო მსახურმა ისაკს ყოველივე, რაც გადახდა. 67 და შეიყვანა იგი ისაკმა თავისი დედის, სარას, კარავში, და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა იგი. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის სიკვდილის შემდეგ.

თავი ოცდამესამე                                                                                                                             თავი ოცდამეხუთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close