დაბადება 22

By
მარტი 15, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება

221 და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!” და თქვა: „აქა ვარ!” 2 და უთხრა მან: “აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი.” 3 და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა. 4 მესამე დღეს აღაპყრო აბრაამმა თვალი და დაინახა შორიდან ის ადგილი. 5 და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: „თქვენ დარჩით აქ, სახედართან, მე და ბიჭი კი წავალთ და როდესაც თაყვანს ვცემთ, დავბრუნდებით თქვენთან.” 6 და აიღო აბრაამმა შეშა სრულადდასაწველისათვის და აჰკიდა ზურგზე ისაკს, თავის ძეს, და აიღო ხელში ცეცხლი და დანა. და ორივენი წავიდნენ ერთად. 7 და უთხრა ისაკმა თავის მამას აბრაამს: „მამა!” აბრაამმა მიუგო: „აქა ვარ, შვილო!” და თქვა: „აჰა, ცეცხლი და შეშა აქ არის, სადაა კრავი სრულადდასაწველად?” 8 და უთხრა აბრაამმა: „ღმერთი გამონახავს თავისთვის კრავს სრულადდასაწველად, შვილო.” და ორივენი მიდიოდნენ ერთად. 9 და როცა მივიდნენ იმ ადგილას, რომელზეც მას უთხრა ღმერთმა, ააშენა იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისაკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშებს ზემოთ. 10 და გაიწოდა ხელი, და აიღო დანა თავისი ძის დასაკლავად. 11 და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და თქვა: „აბრაამ! აბრაამ!” და მან უპასუხა: „აქა ვარ!” 12 და თქვა: „არ აღმართო შენი ხელი ამ ყრმაზე და არაფერი უყო მას, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ჩემთვის შენი ძე, შენი ერთადერთი.” 13 და აღაპყრო აბრაამმა თვალი და იხილა ვერძი, რომელიც რქებით იყო გახლართული ბუჩქნარში. და წავიდა აბრაამი და აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავისი ძის ნაცვლად. 14 და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად „უფალი გამოაჩენს,” როგორც ითქმის დღეს: „მთაზე უფალი გამოჩნდა.” 15 უფლის ანგელოზმა მეორედ მოუხმო ზეციდან აბრაამს. 16 და უთხრა: „გეფიცები, ბრძანებს უფალი, რადგან გააკეთე შენ ეს საქმე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი, 17 ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს. 18 და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა.” 19 და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან, და ადგნენ და წავიდნენ ერთად ბეერ-შებაყისაკენ. და სახლობდა აბრაამი ბერშებაყში. 20 და ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაამს: „მილქამაც უშვა ძენი ნახორს, შენს ძმას: 21 ყუცი, მისი პირმშო, და ბუზი, მისი ძმა, კემუელი, არამის მამა, 22 ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი.” 23 ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ უშვა ეს რვა ვაჟი ნახორს, აბრაამის ძმას. 24 და მის ხარჭას, სახელად რეუმს, ასევე ეყოლა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.თავი ოცდამეერთე                                                                                                                             თავი ოცდამესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close