ძველი აღთქმა
დაბადება
დაბადება
281 და მოუხმო ისაკმა იაკობს და აკურთხა იგი, და ამცნო მას და უთხრა: „ცოლი ქანაანის ასულთაგან არ მოიყვანო. 2 წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში, და იქიდან აირჩიე შენთვის ცოლად ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგან. 3 და ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს შენ, განაყოფიეროს და შენგან წარმოიქმნას მრავალრიცხოვანი ხალხები. 4 და მოგცეს შენ აბრაამის კურთხევა, შენ და შენს თესლს შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს. 5 და გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელ ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან. 6 და დაინახა ესავმა, რომ ისაკმა აკურთხა იაკობი და გაუშვა ის შუამდინარეთში ცოლის შესართავად, და ამცნო და უთხრა მისი კურთხევისას: „არ მოიყვანო ცოლად ქანაანის ასულთაგან.” 7 და გაუგონა იაკობმა თავის მამასა და თავის დედას, და წავიდა შუამდინარეთში. 8 და ისიც დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა ისაკს, მამამისს ქანაანის ასულები. 9 და წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა მახალათი, ასული ისმაელისა, აბრაამის ძისა, დაი ნებაიოთისა, თავისთვის ცოლად, თავისი ცოლების გარდა. 10 და დატოვა იაკობმა ბეერ-შებაყი და წავიდა ხარანს. 11 და მიადგა ერთ ადგილს, სადაც დარჩა ღამის გასათევად. რადგან მზე უკვე ჩაესვენა. აიღო იმ ადგილის ქვათაგან და დაიდო სასთუმლად, და დაწვა იმ ადგილას დასაძინებლად. 12 და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თავი სწვდებოდა ცას. და ღვთის ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე. 13 და უფალი იდგა მასზე ზემოთ და ამბობდა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, მე მოგცემთ შენ და შენს თესლს. 14 და იქნება შენი თესლი, როგორც ქვიშა მიწისა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. და იკურთხება შენით და შენი შთამომავლობით ყოველი ტომი მიწისა. 15 მე შენთან ვარ, და დაგიცავ ყველგან, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, რადგან არ მიგატოვებ, ვიდრე არ გავაკეთებ იმას, რაც გითხარი.” 16 და როცა გაიღვიძა იაკობმა ძილიდან, თქვა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!” 17 და შეეშინდა და თქვა: „რა თავზარდამცემია ეს ადგილი! რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე.” 18 და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ. 19 და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი. ადრე კი იმ ქალაქს სახელად ერქვა ლუზი. 20 და აღუთქვა იაკობმა აღთქმა ამ სიტყვებით: „თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიცავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს – შესამოსად, 21 და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი, 22 და ეს ქვა, რომელიც აღვმართე ძეგლად, იყოს ღვთის სახლი, და ყოველთაგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.”თავი ოცდამეშვიდე თავი ოცდამეცხრე