დაბადება 29

By
მარტი 17, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება
291 და კვლავ დაადგა იაკობი გზას და წავიდა აღმოსავლეთისაკენ. 2 და მიმოიხედა და დაინახა ჭა ველზე, და ეყარა მასთან სამი ცხვრის ფარა, რადგან იმ ჭიდან ასმევდნენ ფარებს. და დიდი ქვა ეფარა ჭას თავზე. 3 და იკრიბებოდა იქ ყველა ფარა; გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს. და შემდეგ კვლავ აბრუნებდნენ ქვას თავის ადგილზე, ჭის პირზე. 4 და უთხრა მათ იაკობმა: „ჩემო ძმებო, საიდან ხართ თქვენ?” და თქვეს: „ხარანიდან ვართ!” 5 და უთხრა: „თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს?” და თქვეს: „კარგად ვიცნობთ.” 6 და უთხრა მათ: „მშვიდობითაა?” და თქვეს: „მშვიდობით არის. აჰა, რახელი, მისი ასული, მიერეკება ცხვარს. 7 და მან თქვა: „ჯერ კიდევ დიდია დღე: დრო არაა ცხვრის შეკრებისა. ასვით წყალი და წაასხით საძოვრად.” 8 თქვეს: „ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიკრიბება და არ გადმოაცურებენ ქვას ჭის პირიდან; და მაშინ ვასმევთ წყალს ჩვენს ცხვარს.” 9 იგი ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ რახელი მოვიდა თავისი მამის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყესავდა ცხვარს. 10 და როცა დაინახა იაკობმა რახელი, ლაბანის, თავისი დედის ძმის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა და გადააგორა ქვა ჭის პირიდან, და ასვა წყალი თავისი ბიძის ცხვარს. 11 და აკოცა იაკობმა რახელს, და ხმამაღლა ატირდა. 12 და ამცნო იაკობმა რახელს, რომ იგი მისი მამის დის, რებეკას, შვილი იყო. და გაიქცა რახელი და ამცნო თავის მამას. 13 და როცა მოისმინა ლაბანმა ამბავი იაკობისა, თავისი დისწულისა, წამოვიდა მის შესახვედრად და გადაეხვია მას, და წაიყვანა იგი თავის სახლში. და მან მოუთხრო ლაბანს მთელი ეს ამბავი. 14 და უთხრა მას ლაბანმა: „მართლა ჩემი ძვალთაგანი და ჩემი ხორცთაგანი ხარ შენ!” – და დარჩა მასთან იაკობი ერთი თვე. 15 შემდეგ უთხრა ლაბანმა იაკობს: „მუქთად ხომ არ უნდა მემსახურო, რაკი ჩემი ნათესავი ხარ? მითხარი, რა არის შენი საზღაური?” 16 და ჰყავდა ლაბანს ორი ასული, უფროსს ერქვა სახელად ლეა, ხოლო უმცროსს – რახელი. 17 და სუსტი თვალები ჰქონდა ლეას, ხოლო რახელი იყო ლამაზი ტანად და მშვენიერი სახით. 18 და შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა: „შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისათვის.” 19 და თქვა ლაბანმა: „უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვა კაცს. დარჩი ჩემთან.” 20 და შვიდი წელი ემსახურებოდა იაკობი რახელისათვის. და ერთ დღედ მოეჩვენა ეს დრო, ისე უყვარდა იგი. 21 და უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან შევასრულე ჩემი დღეები და შევალ მასთან.” 22 და შეკრიბა ლაბანმა მთელი იქაური ხალხი და გამართა ნადიმი. 23 საღამოჟამს აიყვანა ლაბანმა ლეა, თავისი ასული, და შეიყვანა ის იაკობთან. და შევიდა ის მასთან. 24 და მისცა მას ლაბანმა ზილფა, მისი მხევალი ლეას მხევლად. 25 და ნახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან, და უთხრა ლაბანს: „ეს რა მიყავი? განა რახელისთვის არ გემსახურე? რად მომატყუე?” 26 და ლაბანმა უთხრა მას: „ასე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ უმცროსი გავათხოვოთ უფროსზე ადრე. 27 გაასრულე ეს შვიდეული და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რომელსაც შეასრულებ მომავალ შვიდ წელიწადში.” 28 და იაკობიც ასე მოიქცა: გაასრულა ის შვიდეული და მან მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად. 29 და მისცა ლაბანმა რახელს, თავის ასულს, მხევლად ბილჰა, თავისი მხევალი. 30 და შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც უყვარდა ლეაზე მეტად. და ემსახურებოდა ლაბანს კიდევ შვიდ წელიწადს. 31 და როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო. 32 და დაორსულდა ლეა, და ეყოლა მას ძე, და უწოდა მას სახელად რეუბენი, რადგან თქვა: „დაინახა უფალმა ჩემი ტანჯვა, და შემიყვარებს ახლა ჩემი ქმარი.” 33 და კვლავ დაორსულდა, და შობა ძე და თქვა: „დაინახა უფალმა, რომ მოძულებული ვარ და მომცა ეს ძეც.” და უწოდა მას სახელად სიმონი. 34 და დაორსულდა კვლავ, და შობა ძე, და თქვა: „ამიერიდან შემომეხვევა ჩემი ქმარი, რადგან ვუშვი მას სამი ძე.” და უწოდა მას სახელად ლევი. 35 და კვლავ დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამიერიდან ვმადლობ უფალს.” ამიტომ უწოდა მას სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.

თავი ოცდამერვე                                                                                                                                 თავი ოცდამეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close