დაბადება 34

By
მარტი 20, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება341
და გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან უშვა იაკობს, იმ ქვეყნის ასულთა სანახავად. 2 და დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, და წაიყვანა ის, და დაწვა მასთან ძალით. 3 და მიეკრო სული მისი დინას, იაკობის ასულს, და შეუყვარდა ყმაწვილი ქალი, და მის გულს ელაპარაკა. 4 და უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: „ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი!” 5 და იაკობმა გაიგო, რომ წაბილწეს დინა, მისი ასული. მაგრამ რაკი მისი ძენი მინდვრად იყვნენ საქონელში, გაჩუმებული იყო მათ მოსვლამდე. 6 და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ. 7 და როცა იაკობის ვაჟებმა ეს გაიგეს, მოვიდნენ მინდვრიდან; ძლიერ განრისხებული და შეწუხებული იყვნენ კაცები, რადგან სისაძაგლე გაუკეთა მან ისრაელს იაკობის ასულთან დაწოლით; არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. 8 და ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: „შექემმა, ჩემმა ძემ, შეიყვარა თქვენი ასული მთელი თავისი სულით. და მიეცით იგი მას ცოლად. 9 და დაგვიმოყვრდით ჩვენ: მოგვეცით თქვენი ასულები, ჩვენი ასულები კი თქვენ წაიყვანეთ. 10 ჩვენთან დასახლდით, და იყოს ეს ქვეყანა თქვენს წინაშე, და დასახლდით და ივაჭრეთ, და დაისაკუთრეთ.” 11 და უთხრა შექემმა მის მამასა და მის ძმებს: „ოღონდ კი ვპოვო მადლი თქვენს თვალში და, რასაც მთხოვთ, მოგცემთ. 12 დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, და მოგცემთ, როგორც დამაკისრებთ, ოღონდ მომეცით ეს ყმაწვილი ქალი ცოლად.” 13 და ელაპარაკნენ იაკობის ძეები შექემს და მის მამას, ხამორს მზაკვრულად, რადგან შებილწეს დინა, მათი და. 14 და უთხრეს მათ: „არ შეგვიძლია ამ საქმის გაკეთება, რომ მივცეთ ჩვენი და წინადაუცვეთელ კაცს, რადგან სამარცხვინო იქნებოდა ეს ჩვენთვის. 15 მხოლოდ იმ პირობით დაგეთანხმებით, თუ გახდებით ჩვენსავით და ყოველი თქვენი მამაკაცი წინადაიცვეთს. 16 და მოგცემთ ჩვენს ასულებს, და ჩვენც მოვიყვანთ თქვენს ასულებს, და დავსახლდებით თქვენთან და გავხდებით ერთი ხალხი. 17 და თუ არ გაგვიგონებთ ჩვენ, რომ წინადაიცვითოთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ.” 18 და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს. 19 და არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან ეტრფოდა იგი იაკობის ასულს. და იყო იგი ყველაზე პატივდებული თავისი მამის სახლში. 20 და მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, თავიანთი ქალაქის კარიბჭესთან, და ელაპარაკნენ თავიანთი ქალაქის მცხოვრებლებს და უთხრეს: 21 „ეს კაცები მშვიდობიანად არიან ჩვენდამი: დასახლდებიან და ივაჭრებენ აქ. ეს ქვეყანა გაშლილია მათ წინაშე. მათი ასულნი მოვიყვანოთ ჩვენთვის ცოლებად და ჩვენი ასულნი მივცეთ მათ ცოლებად. 22 და მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ეს კაცები ჩვენთან დასახლებას და ერთ ხალხად ყოფნას, თუ წინადაიცვეთს ჩვენში მთელი მამროვანი ისე, როგორც თავად არიან წინადაცვეთილები. 23 და მათი სამწყსო და მთელი მათი ქონება და მთელი მათი საქონელი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ მათ და ჩვენთან დასახლდებიან.” 24 და გაუგონეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომსვლელმა. და წინადაიცვითა მთელმა მამროვანმა, მისი ქალაქის კარიბჭიდან გამომსვლელმა. 25 და მესამე დღეს, როცა სტკიოდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ძემ: სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს ხელში მახვილი, მამაცად მივიდნენ ქალაქში და ამოხოცეს მთელი მამროვანი. 26 ხამორი და მისი ძე შექემიც მოკლეს მახვილით და წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან. 27 და ძენი იაკობისა მივიდნენ დახოცილებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და. 28 და წამოასხეს მათი საქონელი და სახედარნი, რაც ქალაქსა და მინდორში იყო. 29 და მთელი მათი დოვლათი, და ყოველი მათი ბავშვი, და მათი ცოლები დაატყვევეს და წაართვეს ყოველივე, რაც ჰქონდათ სახლებში. 30 და უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: „დამღუპეთ მე, რომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მცხოვრებლებს – ქანაანელებსა და ფერიზელებს. ცოტა ხალხი მყავს, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომსპობენ. და გავნადგურდები მე და ჩემი სახლიც, ჩემთან ერთად.” 31 მათ თქვეს: „ის კი შეიძლებოდა, მეძავივით რომ მოექცნენ ჩვენს დას?”თავი ოცდამეცამეტე                                                                                                               თავი ოცდამეთხუთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close