ძველი აღთქმა
გამოსვლა
37 1 და გააკეთა ბეცალელმა კიდობანი აკაციის ხეთაგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი – მისი სიგანე და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე. 2 და მოჭედა იგი წმიდა ოქროთი როგორც შიგნიდან, ისე გარედან, და გარს გვირგვინი შემოავლო. 3 და ჩამოასხა მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი მისი ოთხი კუთხისათვის. ორი რგოლი მის ერთ მხარეზე და ორი რგოლი მის მეორე მხარეზე. 4 და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან, და მოჭედა ისინი ოქროთი. 5 და გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად. 6 და გააკეთა თავსარქველი წმიდა ოქროსაგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე და წყრთანახევარი მისი სიგანე. 7 და გააკეთა ორი ქერუბიმი ოქროსი. ჭედური ნაკეთობით გააკეთა თავსარქველის ორივე ბოლოზე. 8 ერთი ქერუბიმი ერთი ბოლოდან და მეორე ქერუბიმი მეორე ბოლოდან. თავსარქველიდან ამოიყვანა მან ქერუბიმები, მის ორივე ნაპირზე. 9 და იყვნენ ქერუბიმები ფრთებგაშლილი მაღლა, და ფარავდნენ ფრთებით თავსარქველს, და სახით იყვნენ მიპყრობილნი ერთმანეთისაკენ. თავსარქველისაკენ იყო მიპყრობილი ქერუბიმების სახეები. 10 და გააკეთა ტაბლა აკაციის ხეთაგან: ორი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთა იყო სიგანე მისი, და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე. 11 და მოჭედა იგი წმიდა ოქროთი და გარს ოქროს გვირგვინი შემოავლო. 12 და გაუკეთა მას ხელისგულის სიგანის ჩარჩო ირგვლივ და მოჭედა მისი ჩარჩო ოქროს გვირგვინით ირგვლივ. 13 და ჩამოასხა მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი და მიამაგრა ეს რგოლები ოთხ კუთხეზე, რომელიც მის ფეხებთან იყო. 14 ჩარჩოსთან იყო რგოლები კეტების გასაყრელად ტაბლის სატარებლად. 15 და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან ტაბლის სატარებლად, და მოჭედა ისინი ოქროთი. 16 და გააკეთა წმიდა ოქროს ჭურჭელი ტაბლისთვის: მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ტოლჩები და მისი ჯამები საღვრელის დასაღვრელად. რათა ჩამოესხათ მათით. 17 და გააკეთა მან სასანთლე წმიდა ოქროსგან, ჭედური სასანთლე გააკეთა. მისი შვერილი და მისი ტოტი, მისი ჯამები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე იყო. 18 და ექვსი ტოტი გამოდიოდა მის გვერდთაგან: სამი ტოტი სასანთლისა მისი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი სასანთლისა მისი მეორე გვერდიდან. 19 სამი ნუშისებრი ჯამი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. და სამი ნუშისებრი ჯამი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასე ექვს ტოტზე, რომელნიც გამოდიოდნენ სასანთლიდან. 20 და თვით სასანთლეზე იყო ოთხი ნუშისებრი ჯამი, მისი კვირტები და მისი ყვავილები. 21 და კვირტი მისი ორი ტოტის ძირში, და კიდევ კვირტი მისი ორი ტოტის ძირში და კიდევ კვირტი მისი ორი ტოტის ძირში სასანთლიდან გამომავალი ექვსი ტოტისთვის. 22 მისი კვირტები და მისი ტოტები მისგანვე იყო ერთიანად, ჭედური წმიდა ოქროსაგან. 23 და გააკეთა მისი შვიდი კანდელი თავისი მაშებითა და თავისი აქანდაზებით წმიდა ოქროსაგან. 24 ერთი ტალანტი წმიდა ოქროსაგან გააკეთა იგი მთელი მისი ჭურჭლეულობით. 25 და გააკეთა სამსხვერპლო საკმევლისა აკაციის ხეთაგან: ერთი წყრთა სიგრძე და ერთი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედი, და ორი წყრთა სიმაღლე. მისგანვე გამოდიოდა მისი რქები. 26 და მოჭედა იგი წმიდა ოქროთი, მისი სახურავი და მისი კედლები ირგვლივ, და მისი რქები. და გარს ოქროს გვირგვინი შემოავლო. 27 და ორი ოქროს რგოლი გაუკეთა მას გვირგვინის ქვეშ მის ორივე ფერდზე, მის ორივე მხარეს, კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ იგი მათით. 28 და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან და მოჭედა ისინი ოქროთი, 29 და გაამზადა ზეთი წმიდა ცხებისათვის და სურნელოვანი, ხალასი საკმეველი, მენელსაცხებლის ხელოვნებით ნახელავი.