ძველი აღთქმა
გამოსვლა
39 1 ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერისაგან დაამზადეს საწესო შესამოსელი წმიდა სამსახურისათვის, და დაამზადეს წმიდა შესამოსელი აარონისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 2 და დაამზადეს ეფოდი ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან. 3 და გამოჭედეს ოქროს ფურცლები, და დახიეს ძაფებად, ჩასაქსოვად ლურჯ, ძოწეულ, ჭიაფერ და ბისონის ძაფებთან ერთად, ოსტატური ნაკეთობით. 4 შემაერთებელი სამხრეები გაუკეთეს მას. მის ორივე კიდეზე იყო შეერთებული. 5 და მისი ეფოდის სარტყელი, რომელიც მის ზემოთ იყო, იმავე ნაკეთობისა იყო: ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 6 და დაამუშავეს სარდიონის ქვები, ჩასვეს ისინი ოქროს ბუდეში და საბეჭდავის ტვიფარივით ამოტვიფრეს ისრაელის ძეთა სახელები. 7 და მიამაგრა ისინი ეფოდის სამხრეებს სამახსოვრო ქვებად ისრაელის ძეთათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 8 და გააკეთა სამკერდული ოსტატური ნაკეთობით, მსგავსი ეფოდის ნაკეთობისა ოქროსაგან, ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისაგან. 9 ოთხკუთხედი იყო იგი. ორმაგი გააკეთეს სამკერდული – სიგრძით მტკაველი და სიგანით მტკაველი, ორმაგი. 10 და ჩასვეს მასში ქვათა ოთხი მწკრივი: მწკრივი ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა – ერთი მწკრივი. 11 მეორე მწკრივი: ზურმუხტისა, საფირონისა და ალმასისა. 12 და მესამე მწკრივი: იაგუნდისა, აქატისა და ამეთვისტოსი. 13 და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითისა, სარდიონისა და იასპისა, მოჩარჩოებული ოქროს ბუდეებით, თავიანთი მოჭედილობით. 14 და ეს ქვები ისრაელის ძეთა სახელებზე იყო, თორმეტი იყო მათი სახელების მიხედვით, საბეჭდავი ტვიფრით ამოტვიფრული, თითოეული თავის სახელით, თორმეტი ტომისთვის. 15 და გაუკეთეს სამკერდულს გრეხილი ძეწკვები წნული ნაკეთობით, წმიდა ოქროსი. 16 და გააკეთეს ოქროს ორი ბუდე და ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრეს ორივე რგოლი სამკერდულის ორ კიდეს. 17 და გაუყარეს ოქროს ორივე წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე. 18 და ორივე წნულის ორივე კიდე მიამაგრეს ორივე ბუდეს, და მიამაგრეს ისინი ეფოდის სამხრეებს წინიდან. 19 და გააკეთეს ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრეს სამკერდულის ორ კიდეს იმ არშიაზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული. 20 და გააკეთეს ოქროს ორი რგოლი და დაამაგრეს ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვემოდან, მისი წინა მხრიდან, მისი ნაწიბურის პირდაპირ, ეფოდის სარტყელზე, ზემოდან. 21 და მიაბნიეს სამკერდული თავის რგოლებს, ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იყოს ეფოდის სარტყელზე და არ სცილდებოდეს სამკერდული ეფოდს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 22 და გაუკეთა ეფოდს მოსასხამი მქსოველის ნაკეთობით, მთლიანად ცისფერი ქსოვილისაგან. 23 და ჭრილი მოსასხამის შუაში იყო, ჯაჭვის პერანგის ჭრილივით, შემოკერილი მისი ჭრილის ირგვლივ, რომ არ შემორღვეულიყო. 24 და გაუკეთეს მოსასხამის კალთებს ბროწეულები ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ქსოვილისა და გრეხილი ბისონისაგან. 25 და გააკეთეს წმიდა ოქროს ეჟვნები, და ჩამოჰკიდეს ეჟვნები ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს ირგვლივ. 26 ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებს ირგვლივ მსახურებისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 27 და დაუმზადეს კვართები ბისონისა, მქსოველის ნაკეთობით, აარონსა და მის ძეებს. 28 და დოლბანდი ბისონისა, და თავსაბურველის სამკაულები ბისონისა, და სელის შარვალი გრეხილი ბისონისა. 29 და სარტყელი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისაგან, მქარგავის ნაკეთობით, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 30 და გაუკეთეს ფირფიტა წმიდა ოქროსი, წმიდა გვირგვინი და ამოტვიფრეს მასზე წარწერა, როგორც საბეჭდავის ტვიფარზე: „სიწმიდე უფლისა.” 31 და მიამაგრეს მას ცისფერი ზონარი, რათა მიებნიათ იგი დოლბანდზე ზემოდან, როგორც უბრძანმა უფალმა მოსეს. 32 და ასე დასრულდა საკრებულო კარვის ყოველი სამუშაო. და გააკეთეს ისრაელის ძეთ ყოველივე; როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ისე გააკეთეს. 33 და მიიტანეს სავანე მოსესთან, კარავი და ყოველი მისი მოწყობილობა, მისი დუგმები, მისი ძელები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკნი. 34 და საბურველი ვერძთა ალისფერი ტყავისა და საბურველი მაჩვის ტყავებისა და ფარდა. 35 კიდობანი მოწმობისა და კეტები მისი, და თავსარქველი. 36 ტაბლა, მთელი მისი მოწყობილობა და საწინაშეო პური. 37 სასანთლე ხალასი ოქროსი, მისი კანდელები, ზედ გამწკრივებული კანდელები, და მთელი მისი მოწყობილობა და ზეთი გასანათებლად. 38 და ოქროს სამსხვერპლო და ზეთი, და კეთილსურნელება საკმევლისა და ფარდა კარვის შესასვლელის. 39 სპილენძის სამსხვერპლო და მისი სპილენძის ცხაური, მისი კეტები და ყოველი მისი მოწყობილობა და საბანელი და მისი კვარცხლბეკი. 40 ეზოს ფარდები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები, ეზოს კარიბჭის ფარდები, მისი თოკები და მისი პალოები და ყოველი მოწყობილობა კარავში სამსახურებლად, საკრებულო კარვისათვის. 41 საწესო შესამოსელნი წმიდაში სამსახურებლად, წმიდა შესამოსელნი აარონ მღვდლისათვის, და შესამოსელნი მისი ძეებისა, მღვდლობის გასაწევად. 42 ყოველივე, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, ისე შეასრულეს ისრაელის ძეთ, მთელი სამუშაო. 43 და ნახა მოსემ ყოველი საქმე, და აჰა, გაუკეთებიათ იგი. როგორც უბრძანა უფალმა, ისე გააკეთეს. და აკურთხა ისინი მოსემ.