ძველი აღთქმა
მეორე რჯული
91 ისმინე, ისრაელ, შენ დღეს გადალახავ იორდანეს, რათა მიხვიდე და დაიმკვიდრო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, დიდი, ზეცამდე გამაგრებული ქალაქები, 2 ხალხი დიდი და ახოვანი, ყენაკის ძენი, რომლებიც იცი და რომლებზეც ამბობენ: „ვინ დაუდგება ყენაკის ძეთ?” 3 იცოდე დღეს, რომ უფალი, შენი ღმერთი, წინ გიძღვის, როგორც ცეცხლი მშთანთქმელი. ის გაანადგურებს მათ და ის მოდრეკს მათ შენს წინაშე, და შენ განდევნი მათ და დაღუპავ მალე, როგორც უფალმა გითხრა. 4 ნუ იტყვი გულში, როცა განდევნის მათ უფალი, შენი ღმერთი, შენი პირისაგან: „ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად!” რადგან ამ ხალხების უღვთოების გამო დევნის უფალი მათ თქვენი პირისაგან. 5 შენი სიმართლის და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი უღვთოების გამო დევნის ამ ხალხს უფალი, შენი ღმერთი, შენი პირისაგან, რათა შეასრულოს სიტყვა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს – აბრაამს, ისაკს და იაკობს. 6 იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ კარგ ქვეყანას დასამკვიდრებლად, რადგან შენ ხომ ჯიუტი ხალხი ხარ. 7 გახსოვდეს, ნუ დაივიწყებ, თუ როგორ არისხებდი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში – იმ დღიდან, როდესაც გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, ვიდრე მოაღწევდი ამ ადგილამდე, უფალს ეურჩებოდი. 8 და ხორებში განარისხეთ უფალი, და ისე განრისხდა უფალი თქვენზე, რომ განადგურება დაგიპირათ. 9 როცა მთაზე ავედი, რომ მიმეღო ქვის დაფები, დაფები აღთქმისა, უფალმა რომ დაგიდოთ, დავყავი მთაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, პური არ მიჭამია და წყალი არ შემისვამს. 10 და მომცა უფალმა მე ორი ქვის დაფა, დაწერილნი ღვთის თითით, და ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გითხრათ უფალმა ცეცხლის შუაგულიდან შეკრების დღეს. 11 და ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის ბოლოს მომცა უფალმა ორი ქვის დაფა, აღთქმის დაფები. 12 და მითხრა უფალმა: „ადექი, ჩადი აქედან მალე, რადგან წახდა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე შენ ეგვიპტიდან. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც მე ვუბრძანე მათ. გაიკეთეს ჩამოსხმული კერპი.” 13 და კვლავ მითხრა უფალმა: „ვიხილე მე ეს ხალხი, და აჰა, ურჩი ხალხია იგი. 14 დამანებე და გავანადგურებ და წავშლი მათ სახელს ცისქვეშეთიდან, და შენ გაქცევ მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერად.” 15 და მოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, და მთას ეკიდა ცეცხლი, და აღთქმის ორი ქვის დაფა ორივე ხელით მეჭირა. 16 და დავინახე, რომ თქვენ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, გაიკეთეთ ჩამოსხმული ხბო, მალე გადაუხვიეთ გზიდან, რომელიც გიბრძანათ უფალმა. 17 და მოვკიდე ხელი ორივე ქვის დაფას და დავანარცხე ჩემი ორივე ხელით, და დავამსხვრიე თქვენს თვალწინ. 18 და მე დავემხე უფლის წინაშე. როგორც უწინ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე პური არ მიჭამია და წყალი არ შემისვამს მთელი თქვენი ცოდვის გამო, რაც შესცოდეთ უფლის თვალში, ბოროტების ჩასადენად და მის განსარისხებლად. 19 რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომლითაც განრისხდა უფალი თქვენზე, რათა გაენადგურებინეთ. და ისმინა უფალმა ჩემი ამჯერადაც. 20 და აარონზე განრისხდა უფალი ძალიან მის გასანადგურებლად. და მე ვილოცე აარონისათვის იმ დროს. 21 ავიღე თქვენი ნაცოდვარი, ხბო, თქვენ რომ გაგეკეთებინათ და დავწვი ცეცხლზე, და დავნაყე და დავფქვი მტვერივით წვრილად და მისი მტვერი მთიდან მომდინარე ნაკადულში ჩავყარე. 22 თაბყერაში, მასაში და კიბროთ-ჰათაავაში თქვენ არისხებდით უფალს. 23 და როცა გამოგგზავნათ უფალმა თქვენ კადეშ-ბარნეაყიდან ამ სიტყვებით: „ადით და დაიპყარით ქვეყანა, რომელიც მოგეცით”, თქვენ წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას და არ ერწმუნეთ მას, და არ ისმინეთ მისი ხმა. 24 ურჩნი იყავით თქვენ უფლისადმი იმ დღიდან, რაც გიცნობთ. 25 და მე ვემხე უფლის წინაშე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რადგან უფალმა თქვენი განადგურება გადაწყვიტა. 26 და ვლოცულობდი უფლისადმი და ვამბობდი: „უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ხალხს და შენს სამკვიდროს, რომელიც შენ გამოისყიდე შენი დიდებით, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან ძლიერი ხელით. 27 გაიხსენე შენი მსახურნი აბრაამი, ისაკი და იაკობი, ნუ მიხედავ ამ ხალხის სიჯიუტეს და მის უკეთურებას, და მის ცოდვას, 28 რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც შენ გამოგვიყვანე: ვერ შეძლო უფალმა მათი მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც აღუთქვა მათ, და მათი სიძულვილის გამო გამოიყვანა ისინი, რათა დაეხოცა უდაბნოში. 29 შენი ხალხია ის და შენი სამკვიდრო, რომელიც შენ გამოიყვანე შენი დიადი ძალით და შენი გაწვდილი მკლავით.”