მეორე რჯული 14

აპრილი 28, 2015
ძველი აღთქმა
მეორე რჯული
141 თქვენ ხართ ძენი უფლისა, თქვენი ღმერთისა. ტანს ნუ დაისერავთ და წარბებს ნუ გადაიპარსავთ მკვდრის გამო. 2 რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის, და შენ ამოგირჩია უფალმა, რომ მისი უნჯი ხალხი ყოფილიყავი, ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე. 3 არ ჭამო არავითარი სისაძაგლე. 4 ეს ცხოველებია, რომელთა ჭამაც შეგიძლია: ხარი, ცხვარი, თხა, 5 ირემი, ქურციკი, შველი, ჯიხვი, ანტილოპა, კამეჩი და ნიამორი. 6 და ყოველი ჩლიქგაყოფილი პირუტყვი, თუ გაჭრილი აქვს ორივე ჩლიქი მთლიანად და პირუტყვი, რომელიც იცოხნის, ის ჭამეთ. 7 ოღონდ მცოხნელთაგან და ჩლიქგაყოფილთაგან, რომელთაც გაჭრილი აქვთ ჩლიქი, ამათგან არ ჭამოთ: აქლემი, კურდღელი და ბოცვერი, რადგან იცოხნიან და ჩლიქი კი არა აქვთ გაყოფილი მთლიანად. უწმიდურებია ისინი თქვენთვის. 8 და ღორი, რომელსაც ჩლიქი აქვს გაყოფილი, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის. მათი ხორცი არ ჭამოთ და მათ მძორსაც ნუ მიეკარებით. 9 და ყოველთაგან, რაც წყალშია, ჭამეთ შემდეგი: ყოველი, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს, ჭამეთ. 10 და ყოველი, რასაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი, არ ჭამოთ, უწმიდურია თქვენთვის. 11 ყოველი სუფთა ფრინველი ჭამეთ. 12 და აი, რა არ უნდა ჭამოთ: არწივი, ორბი, სვავი, 13 ძერა, შევარდენი, სონღული მათი გვარითურთ, 14 ყველა ყორანი მისი გვარითურთ, 15 სირაქლემა, ბუ, თოლია, ქორი მათი გვარითურთ, 16 კიოტა, ბუკნაჭო, ჭოტი, 17 ვარხვი, ფსოვი, ჩვამა, 18 ყარყატი, ყანჩა თავისი გვარითურთ, ოფოფი და ღამურა. 19 და ყოველი ფრთოსანი მწერი უწმიდურია თქვენთვის, არ იჭმება. 20 ყოველი სუფთა ფრინველი ჭამეთ. 21 არ ჭამოთ არავითარი ლეში. ხიზანს მიეცი, რომელიც შენს კარიბჭეებშია, და ჭამოს, ან მიჰყიდეთ უცხოელს. რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. ნუ მოხარშავთ თიკანს თავისი დედის რძეში. 22 აიღე მეათედი შენი ნათესის მთელი მოსავლიდან, რომელიც მოდის ყანაში ყოველწლიურად, 23 და ჭამე უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს თავისი სახელის იქ დასავანებლად: მეათედი შენი მარცვლეულისა, შენი ღვინისა და შენი ზეთისა, და თქვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის პირველმოგებულები, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის შიში შენი დღენი. 24 და თუ დიდი გზა იქნება შენთვის და ვერ შეძლებ მის ტარებას, რადგან შორს იქნება შენგან ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, 25 გადაცვალე ის ვერცხლზე და აიღე ეს ვერცხლი ხელში და წადი იმ ადგილისკენ, რომელსაც ირჩევს უფალი, შენი ღმერთი. 26 და მიეცი ფული ყველაფერში, რასაც შენი სული ისურვებს: მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ღვინო, მაგარი სასმელი, ყველაფერი, რასაც შენი სული მოგთხოვს. და ჭამე იქ უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, და გაიხარე შენ და შენმა სახლმა. 27 და ლევიანი, რომელიც შენს კარიბჭეებშია, არ მიატოვო, რადგან მას შენთან არა აქვს წილი და სამკვიდრო. 28 სამი წლის ბოლოს აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააწყვე შენს კარიბჭეებში. 29 და მოვიდეს ლევიანი, რადგან არ გააჩნია მას წილი და სამკვიდრო; ობოლი და ქვრივი, რომელნიც შენს კარიბჭეებში არიან, და ჭამონ და გაძღნენ, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, შენი ხელის ყოველ ნაქმარში, რასაც გააკეთებ.
თავი მეცამეტე                                                                                                                                თავი მეთხუთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close