ძველი აღთქმა
მეორე რჯული
171 არ შესწირო უფალს, შენს ღმერთს, ხარი და კრავი, რომელსაც ექნება ნაკლი, ან რაიმე ცუდი, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის. 2 თუ აღმოჩნდება შენს წიაღში, შენს ერთ-ერთ კარიბჭეში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს, კაცი ან დედაკაცი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის, შენი ღმერთის, თვალში და გადაუხვევს მის აღთქმას, 3 წავა და ემსახურება სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემს მათ, ან მზეს, ან მთვარეს, ან მთელ ციურ მხედრობას, რაც მე არ მიბრძანებია, 4 და გეუწყება და მოისმენ, კარგად გამოიძიე; და აჰა, თუ ეს მართალია, სრული ჭეშმარიტებაა, და ეს სისაძაგლე მომხდარა ისრაელში, 5 მაშინ გაიყვანე შენს კარიბჭეებთან ის კაცი ან დედაკაცი, რომელმაც ეს ბოროტება ჩაიდინა და ჩაქოლე ის ქვებით, და მოკვდეს. 6 ორი მოწმის, ან სამი მოწმის სიტყვის მიხედვით უნდა მოკვდეს მოსაკლავი. და არ უნდა მოკვდეს ერთი მოწმის სიტყვის მიხედვით. 7 პირველად მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, მის მოსაკლავად, და მერე მთელი ხალხის ხელი. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. 8 თუ შენთვის რაიმე მიზეზით ძალიან ძნელია საქმე განსასჯელად სისხლსა და სისხლს შორის, მსჯავრსა და მსჯავრს შორის, წყლულსა და წყლულს შორის, სადაო საქმეები შენს კარიბჭეებში, ადექი და ადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი. 9 და მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, რომელნიც იქნებიან იმ დღეებში, და ჰკითხე და გეტყვიან სამსჯავროს განაჩენს. 10 და მოიქეცი იმ სიტყვისამებრ, რასაც გეტყვიან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, და დაიცავი ყოველივე შესასრულებლად, რასაც გასწავლიან. 11 მოიქეცი იმ რჯულისამებრ, რასაც გასწავლიან, და იმ სამართლისამებრ, რასაც გეტყვიან. არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გეტყვიან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. 12 ვინც თავხედურად მოიქცევა და არ გაუგონებს მღვდელს, რომელიც უფლის, შენი ღმერთის, მსახურად დგას, ან მსაჯულს, მოკვდეს, – და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან. 13 და მთელი ხალხი გაიგონებს და შეშინდება, და აღარ მოიქცევა თავხედურად. 14 როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, და დაიმკვიდრებ მას, დასახლდები მასში და იტყვი: „დავისვამ მეფეს, ყველა იმ ერების მსგავსად, ჩემს გარშემო რომ არიან”, 15 დაისვი მეფე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი. თქვენი ძმებიდან დაისვი მეფე. ნება არ გაქვს უცხოელი დაისვა, რომელიც შენი მოძმე არ არის. 16 ოღონდ არ გაიმრავლოს ცხენები და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების მოსამრავლებლად, ვინაიდან უფალმა გითხრათ: „აღარ დაბრუნდეთ ამ გზით”; 17 და არ გაიმრავლოს ცოლები, რომ არ გაირყვნას მისი გული. და ვერცხლი და ოქრო არ გაიმრავლოს მეტისმეტად. 18 და როცა თავის სამეფო ტახტზე დაჯდება, გადაიწეროს ეს რჯულის წიგნი ლევიანი მღვდლებისგან. 19 და თავისთან იქონიოს და იკითხოს იგი მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს შიში უფლისა, თავისი ღმერთისა, რომ დაიცვას ამ რჯულის ყოველი სიტყვა და შეასრულოს წესები. 20 რათა არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს და არ გადაუხვიოს მცნებას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დღეგრძელი იყოს თავის სამეფოში იგი და მისი ძენი, ისრაელის წიაღში.