ძველი აღთქმა
მეორე რჯული
191 როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანასაც შენ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, და განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებში და მათ სახლებში, 2 სამი ქალაქი გამოყავი შენთვის შენს ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად. 3 განიმზადე გზა და სამ ნაწილად გაყავი შენი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელსაც გიწილადებს შენ უფალი, შენი ღმერთი. და ის იქნება თავშესაფარი ყველა მკვლელისთვის. 4 და აჰა, როგორ მკვლელს შეუძლია თავი შეაფაროს იქ და გადარჩეს: ვინც მოკლავს თავის მოყვასს უნებლიეთ და არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ, 5 ან ვინც წავა თავის მოყვასთან ერთად ტყეში შეშის მოსაჭრელად და ხელით ცულს მოიქნევს ხის მოსაჭრელად, და ტარს რკინა გაძვრება და მოხვდება მოყვასს და მოკლავს, გაიქცეს იგი ერთ-ერთში ამ ქალაქთაგან, რათა გადარჩეს. 6 რომ არ დაედევნოს მესისხლე მკვლელს ცხელ გულზე, არ დაეწიოს, თუ შორი იქნება გზა, და არ მოკლას მკვლელი, ის კი არ იმსახურებს სიკვდილს, რადგან არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ. 7 ამიტომ გიბრძანებ ასე: სამი ქალაქი გამოყავი. 8 და როცა გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვრებს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს, და მოგცემს მთელს ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამებს, 9 და თუ დაიცავ ყველა ამ მცნებას შესასრულებლად, რომელსაც გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და იარო მის გზაზე დღენიადაგ, დაუმატე კიდევ სამი ქალაქი ამ სამ ქალაქს. 10 და ნუ დაიღვრება უდანაშაულო სისხლი შენს ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ, და არ იქნება შენზე სისხლი. 11 ხოლო თუ ვინმეს ეძულება თავისი მოყვასი და ჩაუსაფრდება მას, აღდგება მის წინააღმდეგ, სცემს და შემოაკვდება იგი და თავს შეაფარებს ერთერთს ამ ქალაქთაგან, 12 მიავლინონ მისი ქალაქის უხუცესებმა და მოიყვანონ იგი იქიდან, და გადასცენ იგი მესისხლის ხელს, რათა მოკვდეს. 13 ნუ შეიბრალებს შენი თვალი მას, და განაშორე უდანაშაულო სისხლი ისრაელს და კარგი იქნება შენთვის. 14 არ გადაწიო შენი მოყვასის მიჯნა, წინაპრებმა რომ გამიჯნეს შენს სამკვიდროში, რომელსაც დაიმკვიდრებ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს. 15 საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულისათვის და რაიმე ცოდვისათვის, რითაც შესცოდავს. ორი მოწმის პირით ან სამი მოწმის პირით დადგინდეს საქმე. 16 თუ გამოვა ბოროტი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ, რათა რაიმე ბრალი დასწამოს მას, 17 მაშინ წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდელთა და მსაჯულთა წინაშე, რომელნიც იქნებიან იმ დღეებში, 18 და კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა, და თუ ეს მოწმე ცრუ მოწმეა, ცილი დასწამა თავის ძმას, 19 გაუკეთეთ მას, რისი გაკეთებაც ჰქონდა განზრახული თავისი ძმისათვის. და აღმოფხვრით ბოროტებას შენი წიაღიდან. 20 და დანარჩენები მოისმენენ და შეშინდებიან, და აღარ ჩაიდენენ ამ ბოროტებას შენს წიაღში. 21 და არ შეიბრალოს ის შენმა თვალმა: სული სულის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.