ძველი აღთქმა
მსაჯული
11 იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელის ძეთ უფალს: „ვინ წაგვიძღვება ჩვენ ქანაანზე, მათთან საომრად?” 2 და თქვა უფალმა: „იუდა წაგიძღვებათ, აჰა, მას ვუგდებ ხელში იმ ქვეყანას.” 3 და მაშინ უთხრა იუდამ სიმონს, თავის ძმას: „გამოდი ჩემთან ერთად ჩემს წილხვდომილში და ვეომოთ ქანაანელთ; მე კი შენს წილხვდომილში წამოვალ შენთან ერთად.” და წავიდა სიმონი მასთან ერთად. 4 და გავიდა იუდა; და ჩაუგდო მას ხელში უფალმა ქანაანელნი და ფერიზელნი და მოსრა ისინი ბეზეკში, ათი ათასი კაცი. 5 და ბეზეკში ისინი გადააწყდნენ ადონი-ბეზეკს, და შეებნენ მას და დაამარცხეს ქანაანელნი და ფერიზელნი. 6 და გაიქცა ადონი-ბეზეკი და დაედევნენ უკან, და შეიპყრეს იგი, და დააჭრეს ხელისა და ფეხის ცერები. 7 და თქვა ადონი-ბეზეკმა: „სამოცდაათი მეფე ხელ-ფეხზე ცერებდაჭრილი ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა [ნამმუსრევს]; როგორც მე ვაკეთებდი, ისე მომაგო მე ღმერთმა.” და წაიყვანეს ის იერუსალიმს, და იქ მოკვდა. 8 და შეუტიეს იუდას ძეთ იერუსალიმს და აიღეს იგი, და მოსრეს იგი მახვილის პირით, და ქალაქი ცეცხლს მისცეს. 9 და შემდეგ იუდას ძენი წავიდნენ ქანაანელებთან საბრძოლველად, რომლებიც მკვიდრობდნენ მთებში, ნეგებში და ბარად. 10 და გაილაშქრა იუდამ ქანაანელებზე, ხებრონში რომ მკვიდრობდნენ, და დაამარცხეს მათ შეშაი, ახიმანი და თალმაი. 11 და გაილაშქრეს იქიდან დებირის მკვიდრებზე; უწინ კირიათ-სეფერი ერქვა. 12 და თქვა ქალებმა: „ვინც კირიათ-სეფერს აიღებს, ცოლად მივცემ მას ყაქსას, ჩემს ასულს.” 13 და აიღო იგი ღოთონიელმა, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძემ, და ცოლად მისცა მას ყაქსა, თავისი ასული. 14 და ღოთონიელისას რომ მივიდა, დაიყოლია ქალი, რომ მამისაგან მინდორი გამოეთხოვა, და ჩამოხდა სახედრიდან. ჰკითხა მას ქალებმა: „რა გინდა?” 15 და უთხრა: „მომეცი კურთხევა. და რაკი ნეგების ქვეყანა მიბოძე, ბარემ წყლის წყაროებიც მომეცი.” და მისცა მას, როგორც ზემო, ისე ქვემო წყარონი. 16 და ძენი კენიელისა, მოსეს სიმამრისა, ამოჰყვნენ პალმების ქალაქიდან იუდას ძეებს იუდას უდაბნოში, რომელიც ყარადის სამხრეთითაა, და წავიდნენ და დაემკვიდრნენ იმ ხალხთან. 17 და წავიდა იუდა სიმონთან, თავის ძმასთან ერთად, და მოსრეს მათ ქანაანელნი, მკვიდრნი ცეფათისა, და დაარისხეს ის ქალაქი, და ეწოდება ამ ქალაქს სახელად ხორმა. 18 და აიღო იუდამ ღაზა და მისი მიწა-წყალი, და აშკელონი და მისი მიწა-წყალი, და ყეკრონი და მისი მიწა-წყალი. 19 და იყო უფალი იუდასთან, და დაიმკვიდრა მთა, მაგრამ ბარელები ვერ აჰყარა, რაკი მათ რკინის ეტლები ჰქონდათ. 20 და მისცეს ქალებს ხებრონი, როგორც მოსეს ჰქონდა ნათქვამი, და აჰყარა მან იქიდან სამი ძე ყენაკისა. 21 ხოლო იებუსელები, იერუსალიმის მკვიდრები, არ აუყრიათ ბენიამინის ძეთ და დღევანდლამდე მკვიდრობენ იებუსელნი ბენიამინის ძეებთან ერთად იერუსალიმში. 22 და იოსების სახლმაც შეუტია ბეთელს, და უფალი იყო მათთან. 23 და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს. 24 და დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი და უთხრეს მას: „გვიჩვენე ქალაქის შესასვლელი და წყალობას გიზამთ.” 25 და უჩვენა მან ქალაქის შესასვლელი, და მოსრეს ქალაქი მახვილის პირით, და ის კაცი და მთელი მისი ოჯახი გაუშვეს. 26 და წავიდა ეს კაცი ხეთელთა ქვეყანაში, და ააშენა ქალაქი, და უწოდა სახელად ლუზი. და დარჩა მას ეს სახელი დღევანდლამდე. 27 და მენაშეს არ აუყრია მკვიდრნი ბეთ-შეანისა და მისი სოფლებისა, და თაყანაქისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი დორისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი იბლეყამისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი მეგიდოსი და მისი სოფლებისა; და დაიწყეს ქანაანელებმა ამ ქვეყანაში ცხოვრება. 28 და როცა მომძლავრდა ისრაელი, ქანაანელნი მოხარკედ გაიხადა, მაგრამ არ აუყრია. 29 და არც ეფრემს აუყრია ქანაანელნი, გაზერის მკვიდრნი, და ქანაანელნი მკვიდრობდნენ მათ შორის გაზერში. 30 არც ზებულუნს აუყრია კიტრონისა და ნაჰალალის მკვიდრნი, და ქანაანელნი მკვიდრობდნენ მათ შორის და მოხარკედ გაუხდნენ. 31 არც აშერს აუყრია ყაქოსი და ციდონის, ახლაბის, აქზიბის, ხელბას, აფეკისა და რეხობის მკვიდრნი. 32 და მკვიდრობდნენ აშერიანები ქანაანაელთა შორის, რადგან არ აუყრია ისინი. 33 არც ნაფთალს აუყრია ბეთ-შემეშის და ბეთ-ყანათის მკვიდრები. და დაემკვიდრა ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის; და ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრები მოხარკეებად გაუხდნენ. 34 და მთაში შეკუნჭეს ამორევლებმა დანიანები და ბარში აღარ ჩამოუშვეს. 35 და დაიწყეს ამორევლებმა ხერესის მთაზე ცხოვრება, აიალონსა და შაყალბიმში; მაგრამ დამძიმდა ხელი იოსების სახლისა და გაუხდნენ ისინი მოხარკეებად. 36 და ამორეველთა საზღვარი გადიოდა ყაკრაბიმის მაღლობიდან, სელადან და ზემოთ.
იესო ნავეს ძე თავი მეორე