მსაჯული 4

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
მსაჯული
41 და ეჰუდის სიკვდილის შემდეგ კვლავ იწყეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში. 2 და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ქანაანის მეფეს, იაბინს, რომელიც ხაცორში მეფობდა; და მისი მხედართმთავარი იყო სისარა, რომელიც ცხოვრობდა ხაროშეთ-გოიმში. 3 და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, რადგან სისარას ცხრაასი რკინის ეტლი ჰქონდა, და ის სასტიკად ჩაგრავდა ისრაელის ძეთ ოცი წელიწადი. 4 და დებორა, წინასწარმეტყველი ქალი, ლაფიდოთის ცოლი, განსჯიდა ისრაელს იმჟამად. 5 და ცხოვრობდა დებორას პალმის ქვეშ, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაზე; და ადიოდნენ მასთან ისრაელის ძენი განსასჯელად. 6 და კაცები გაუგზავნა, და მოუხმო ბარაკს, აბინოყამის ძეს, კედეშ-ნაფთალიდან, და უთხრა მას: „აი, რა გიბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, წადი და ადი თაბორის მთაზე, და თან წაიყვანე ათი ათასი კაცი ნაფთალის ძეთაგან და ზებულუნის ძეთაგან. 7 და მე კიშონის ხევთან მოგიყვან სისარას, იაბინის მხედართმთავარს, მის ეტლებსა და მის ჯარს, და ხელში ჩაგაგდებინებ.” 8 და უთხრა დებორას ბარაკმა: „თუ წამომყვები, წავალ, და თუ არ წამომყვები, არ წავალ.” 9 და უთხრა დებორამ: „წამოყოლით წამოგყვები, ოღონდ ამ გზაზე, რომელსაც შენ დაადგები, შენი აღარ იქნება დიდება, რადგან დიაცის ხელში ჩააგდებს უფალი სისარას.” და ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კედეშში. 10 და მოუხმო ბარაკმა ზებულენელთ და ნაფთალელთ კედეშში, და გაჰყვა მის კვალს ათი ათასი კაცი, და დებორაც წაჰყვა. 11 და ქებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს სიმამრის, ხობაბის ძეთ, და გაშალა თავისი კარავი ცაყანანიმის მუხამდე, კადეშთან რომ არის. 12 და შეატყობინეს სისარას, რომ ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყო ასული. 13 და იხმო სისარამ მთელი თავისი ეტლიონი, ცხრაასი რკინის ეტლი, და მთელი ხალხი, რომელიც მასთან იყო, ხაროშეთ-გოიმიდან კიშონის ხევამდე. 14 და უთხრა დებორამ ბარაკს: „ადექი, რადგან ეს ის დღეა, როცა ხელში ჩაგიგდო სისარა უფალმა. თვით უფალი წაგიძღვება წინ.” და ჩავიდა ბარაკი თაბორის მთიდან და ათი ათასი კაცი ჩამოჰყვა. 15 და დააფრთხო უფალმა სისარა და მთელი მისი ეტლიონი, და მთელი ლაშქარი ბარაკის მახვილის პირით. და გადმოხტა სისარა ეტლიდან და ფეხით გაიქცა. 16 ბარაკმა ხაროშეთ-გოიმამდე სდია ეტლიონსა და ლაშქარს, და დაეცა სისარას მთელი ლაშქარი მახვილის პირით, კაცისშვილი არ გადარჩენილა. 17 და გაიქცა სისარა ფეხით იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის, კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფის, იაბინისა და კენიელი ხებერის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა. 18 და გამოვიდა იაყელი სისარას შესახვედრად, და უთხრა მას: „მობრძანდი, ბატონო ჩემო, შემობრძანდი ჩემთან, ნუ გეშინია.” და შევიდა სისარა მასთან კარავში, და დამალა იგი ფარდაგის ქვეშ. 19 და უთხრა მას სისარამ: „გეთაყვა, ცოტა წყალი დამალევინე, რადგან მწყურია.” და მოხსნა იაყელმა რძის ტიკს თავი და დაალევინა, და დამალა ისევ სისარა. 20 და სისარამ უთხრა მას: „დადექი კარვის კართან, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არის მანდო, უთხარი: არა-თქო.” 21 და იაყელმა, ხებერის ცოლმა, აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიჭირა და მას ფეხაკრეფით მიეპარა, მას კი დაღლილს ეძინა; და ჩაურჭო პალო საფეთქელში, და მიწას დააჭედა, და მოკვდა. 22 და აჰა, ბარაკი მოსდევს სისარას. და გამოეგება იაყელი, და უთხრა მას: „მოდი, გაჩვენო კაცი, შენ რომ ეძებ.” და შევიდა მასთან ბარაკი და აჰა, სისარა მკვდარი აგდია, საფეთქელში პალო ჩარჭობილი. 23 და დაამორჩილა ღმერთმა იმ დღეს იაბინი, მეფე ქანაანისა, ისრაელის ძეთა წინაშე. 24 და თანდათან დამძიმდა ისრაელის ძეთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, ვიდრე არ მოსპეს იაბინი, მეფე ქანაანისა.
თავი მესამე                                                                                                                                            თავი მეხუთე

კომენტარის დატოვება

Close
Close