მსაჯული 21

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
მსაჯული
211 ისრაელის კაცებმა მიცფაში ფიცი დადეს და თქვეს: „არც ერთმა ჩვენგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინელთ.” 2 და მოვიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე იქ ისხდნენ ღვთის წინაშე, და აიმაღლეს ხმა და ტიროდნენ დიდი ტირილით, 3 და თქვეს: „უფალო, ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ასეთი რამ ისრაელში, რომ დღეს ერთი ტომი მოაკლდა ისრაელს?” 4 და მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი და ააგო იქ სამსხვერპლო, და აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირავები. 5 და თქვეს ისრაელის ძეთ: „ვინ არ მოვიდა კრებულში უფლის წინაშე ისრაელის ტომთაგან?” რადგან დიდი ფიცი ჰქონდათ დადებული იმათზე, ვინც არ ავიდოდა უფლის წინაშე მიცფაში, და ნათქვამი ჰქონდათ მათზე, რომ სიკვდილით მოეკლათ. 6 და ინანეს ისრაელის ძეთ ბენიამინის, თავიანთი ძმის, გამო და თქვეს: „მოიკვეთა დღეს ერთი ტომი ისრაელიდან.” 7 როგორ მოვექცეთ დანარჩენებს ცოლების თაობაზე, ჩვენ ხომ უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ მივათხოვებთ მათ?” 8 და თქვეს: „ვინმე ხომ არ არის ისრაელის ტომებიდან, უფლის წინაშე რომ არ ასულა მიცფაში?” და აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გილყადის იაბეშიდან უფლის წინაშე ბანაკში, კრებულში. 9 და როცა აღირიცხა ხალხი, აჰა, არავინ იყო გილყადის იაბეშის მკვიდრთაგან. 10 და გაგზავნა მათთან თემმა თორმეტი ათასი კაცი, მამაცი ვაჟკაცები, და უბრძანა მათ: „წადით და მახვილის პირით მოსრეთ გილყადის იაბეშის მკვიდრნი დედაწულიანად. 11 და აჰა, როგორ უნდა მოიქცეთ: მამაკაცი და ყველა მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოსპეთ.” 12 და ნახეს გილყადის იაბეშის მკვიდრთ შორის ოთხასი ქალწული ქალი, რომელთაც მამაკაცის საწოლი არ იცოდნენ, და მოიყვანეს ისინი შილოს ბანაკში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია. 13 და სიტყვა შეუთვალა მთელმა თემმა; ელაპარაკნენ რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინის ძეთ და მშვიდობა გამოუცხადეს. 14 და დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინის ძენი და მისცეს მათ ქალები, რომლებიც ცოცხლად დატოვეს გილყადის იაბეშის ქალთაგან; მაგრამ ყველას არ შეხვდა. 15 და ხალხს დაენანა ბენიამინი, უფალმა ნაპრალი რომ გააჩინა ისრაელის ტომებში. 16 და თქვეს თემის უხუცესებმა: „როგორ მოვექცეთ დანარჩენებს, ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდნენ ბენიამინს.” 17 და თქვეს: „სამემკვიდრეო მიწები უნდა მიეცეს ბენიამინიდან გადარჩენილებს, რათა ტომი არ გაქრეს ისრაელიდან. 18 მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებთ, რადგან ფიცი დადეს ისრაელის ძეთ და თქვეს: წყეული იყოს ვინც ბენიამინს ქალი მისცესო.” 19 და თქვეს: „აჰა, ყოველ წელს საუფლო დღესასწაული იმართება შილოში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით არის, იმ გზის აღმოსავლეთით, რომელიც ბეთელიდან შექემისაკენ მიემართება და ლებონას სამხრეთით მდებარეობს. 20 და უბრძანეს ბენიამინის ძეთ: „წადით და ჩასაფრდით ვენახებში. 21 თვალი გეჭიროთ და აჰა, შილოელი ასულები საფერხულოდ გამოვლენ, მაშინ გამოდით ვენახებიდან და თითოეულმა გაიტაცეთ საცოლე შილოელ ასულთაგან, და წადით ბენიამინის ქვეყანაში. 22 და როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: „ჩვენი გულისათვის შეიწყალეთ ისინი; რადგან ჩვენ ბრძოლით არ წაგვიყვანია საცოლე თითეული მათგანისათვის, და არც თქვენ გაგიტანებიათ მათთვის; ასე რომ არა, თქვენა ხართ დამნაშავენი.” 23 და ბენიამინის ძენიც ასე მოიქცნენ: მოიყვანეს ცოლები თავიანთი რიცხვის მიხედვით, რომელნიც მეფერხულეთაგან გაიტაცეს, მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ სამკვიდრებელში და ააშენეს ქალაქები, და იქ ცხოვრობდნენ. 24 და წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელის ძენი; და დაბრუნდა თითოეული თავის ტომში და თავის საგვარეულოში. და გავიდა იქიდან თითოეული თავის სამკვიდრებელში. 25 იმ დღეებში მეფე არ ჰყავდა ისრაელს; ვისაც როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა.
თავი მეოცე                                                                                                                                                         რუთი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close