რიცხვნი 28

მაისი 9, 2015
ძველი აღთქმა
რიცხვნი
281 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „უბრძანე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘ჩემი შესაწირავი, ჩემი პური საცეცხლო მსხვერპლისთვის, ჩემი კეთილსურნელება დაიცავით, რათა შემომწიროთ თავის დროზე’. 3 და უთხარი მათ: ‘ესაა საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ უფალს: ორი ერთწლიანი კრავი, საღი, ყოველდღიურად, მუდმივ სრულადდასაწველად. 4 ერთი კრავი მოიტანე დილით და მეორე კრავი მოიტანე საღამოხანს. 5 და პურეულის ძღვნად მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ჰინის მეოთხედ გამოხდილ ზეთში აზელილი. 6 ეს მუდმივი სრულადდასაწველია, სინაის მთაზე რომ სწირავდნენ კეთილსურნელებად, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის. 7 და მისი საღვრელი ჰინის მეოთხედია ერთ კრავზე. წმიდა ადგილზე დაღვარე ღვინის საღვრელი უფლისათვის. 8 და მეორე კრავი მოიტანე საღამოხანს. დილანდელი პურეულის ძღვნისა და საღვრელის მსგავსად, მოამზადე საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის. 9 და შაბათ დღეს ორი კრავი, ერთწლიანი, საღი, და პურეულის ძღვენი ორი მეათედი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი და მისი საღვრელი. 10 ეს საშაბათო სრულადდასაწველია ყოველ შაბათს, მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი საღვრელის გარდა. 11 და თქვენი ახალმთვარობების დასაწყისში შესწირეთ სრულადდასაწველი უფალს: ორი ნორჩი მოზვერი და ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი კრავი, საღი. 12 და პურეულის საძღვნოდ სამი მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, ერთ მოზვერზე, და ორი მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, საძღვნოდ ერთ ვერძზე, 13 და პურეულის საძღვნოდ ერთი მეათედი ნაწილი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი, ერთ კრავზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელება შესაწირავია უფლისა. 14 და მათი საღვრელები: ნახევარი ჰინი ღვინო მოზვერზე, მესამედი ჰინი ვერძზე და მეოთხედი ჰინი კრავზე. ეს სრულადდასაწველია ახალმთვარობისა, წელიწადის თვეებში. 15 და ერთი ვაცი შესწირეთ უფალს ცოდვისთვის; მუდმივ სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს იგი, მის საღვრელთან ერთად. 16 და პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს პასექია უფლისა. 17 და ამ თვის მეთხუთმეტე დღეს დღესასწაულია. შვიდი დღე ხმიადი უნდა იჭამოს. 18 პირველ დღეს წმიდა შეკრებილობაა: არავითარი საქმე არ უნდა აკეთოთ. 19 და შესწირეთ სრულადდასაწველი მსხვერპლი უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი კრავი ერთწლიანები, საღები უნდა იყვნენ ისინი. 20 და პურეულის საძღვნო იყოს წმიდა ხორბლის ფქვილი, ზეთში აზელილი, სამი მეათედი მოზვერზე და ორი მეათედი ვერძზე. 21 ერთი მეათედი მოიტანე თითო კრავზე შვიდი კრავიდან, 22 და ერთი ცოდვის ვაცი თქვენი შენდობისათვის. 23 შესწირეთ ესენი გარდა დილის სრულადდასაწველისა, რომელიც მუდმივი სრულადდასაწველია. 24 ასე შესწირეთ ყოველდღე შვიდი დღის განმავლობაში: პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის; მუდმივ სრულადდასაწველის გარდა უნდა შეიწიროს, მის საღვრელთან ერთად. 25 და მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის, არავითარი საქმე არ აკეთოთ. 26 და პირველნაყოფთა დღეს, როცა ახალ პურეულ ძღვენს შესწირავთ უფალს თქვენს შვიდეულებში, წმიდა შეკრებილობა იყოს თქვენთვის. არავითარი საქმე არ აკეთოთ. 27 და შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფალს: ორი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი კრავი, 28 და მათი პურეულის ძღვენი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი: სამი მეათედი თითო მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე, 29 ერთი მეათედი ნაწილი თითო კრავზე შვიდ კრავთაგან. 30 და ერთი ვაცი თქვენი შენდობისათვის. 31 მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვნის გარდა შესწირეთ ესენი მათ საღვრელებთან ერთად. საღები უნდა იყვნენ ისინი.
თავი ოცდამეშვიდე                                                                                                                    თავი ოცდამეცხრე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close