ძველი აღთქმა
რიცხვნი
361 და მივიდნენ გილყად მაქირის ძის, მენაშეს ძის მამისსახლთა საგვარეულოს მთავარნი იოსების ძეთა საგვარეულოდან და განაცხადეს მოსესა და ისრაელის ძეთა მამამთავრების წინაშე: 2 და თქვეს: „ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რათა მისცეს ქვეყანა სამკვიდროდ წილისყრით ისრაელის ძეთ, და ჩვენს ბატონს ებრძანა უფლის მიერ, რათა მიეცა სამკვიდრებელი ცელაფხადისა, ჩვენი ძმისა, მისი ასულებისათვის. 3 და თუ ისინი მისთხოვდებიან ისრაელის ძეთა სხვა რომელიმე ტომის ძეებს, მაშინ მათი სამკვიდრებელი მოაკლდება ჩვენი მამების სამკვიდრებელს და მიემატება იმ ტომის სამკვიდრებელს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილი, ხოლო ჩვენს წილხვედრ სამკვიდრებელს მოაკლდება. 4 და თუ ექნებათ ვერძობა ისრაელის ძეთ, მაშინ საბოლოოდ მიემატება მათი სამკვიდრო იმ ტომის სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილი, და ჩვენი მამების ტომის სამკვიდროს მოაკლდება მათი სამკვიდრებელი.” 5 და ამცნო მოსემ ისრაელის ძეთ ბრძანება: „მართალს ამბობს იოსების ძეთა ტომი. 6 ეს არის, რაც ბრძანა უფალმა ცელაფხადის ასულებზე: ‘ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ. 7 რათა არ გადავიდეს ისრაელის ძეთა სამკვიდრებელი ტომიდან ტომზე. რადგან ისრაელის ძეთაგან თითოეული თავის მამათა ტომის სამკვიდრებელზე უნდა იყოს მიკრული. 8 ყოველი ასული, სამკვიდრებლის მემკვიდრე ისრაელის ძეთა ტომთაგან, თავისი მამის ტომის საგვარეულოსას უნდა მისთხოვდეს, რათა ისრაელის ძეთაგან დაიმკვიდროს თითოეულმა თავის მამათა სამკვიდრებელი. 9 არ გადავიდეს სამკვიდრებელი ტომიდან სხვა ტომზე, რადგან ისრაელის ძეთა თითოეული ტომი თავის სამკვიდრებელზე უნდა იყოს მიკრული.” 10 როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე გააკეთეს ცელაფხადის ასულებმა. 11 და მისთხოვდნენ: მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოყა, ასულნი ცელაფხადისა, თავიანთ ბიძაშვილებს ცოლად. 12 იოსების ძის, მენაშეს ძეთა საგვარეულოებში გათხოვდნენ ისინი. და დარჩა მათი სამკვიდრო თავიანთი მამის ტომის საგვარეულოს. 13 და ეს არის მცნებანი და წესები, რომელნიც ამცნო უფალმა ისრაელის ძეთ მოსეს ხელით მოაბის ველებზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ.