4 მეფეთა 2

მაისი 10, 2015
ძველი აღთქმა
4 მეფეთა
21 როცა უფალი ელიას ცად აყვანას აპირებდა ქარბორბალათი, ელია გილგალიდან გადიოდა ამ დროს ელისესთან ერთად. 2 და უთხრა ელიამ ელისეს: „აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი.” და თქვა ელისემ: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ.” და წავიდნენ ბეთელს. თ 3 და გამოვიდნენ ბეთელის წინასწარმეტყველთა ძენი ელისესაკენ და უთხრეს: „ხომ იცი. რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ?” და თქვა: „მეც ვიცი. დადუმდით.” 4 და უთხრა მას ელიამ: „ელისე! აქ დარჩი, რადგან იერიხოში მაგზავნის უფალი.” და თქვა: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ.” და წავიდნენ იერიხოში. 5 და მიადგნენ ელისეს იერიხოს წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს: „ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ?” და თქვა: „მეც ვიცი. დადუმდით.” 6 და უთხრა მას ელიამ: „აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალი.” და თქვა: „უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ.” და წავიდნენ ორივენი, 7 და წამოვიდა ორმოცდაათი კაცი წინასწარმეტყველთა გუნდიდან და მოშორებით დადგნენ მათ პირდაპირ. ეს ორნი იორდანესთან იდგნენ. 8 და აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაჰკრა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი ხმელეთზე გავიდნენ. 9 როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო. ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან.” და თქვა ელისემ: „შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე.” 10 და უთხრა: „ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება, თუ ვერა და, არ აგისრულდება.” 11 და როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს, და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. 12 და უყურებდა ელისე და ეძახდა: „ჩემო მამავ, ჩემო მამავ, ისრაელის ეტლო და მისო მხედრობავ!” და მეტად აღარ დაუნახავს იგი. და ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია. 13 და აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა. 14 და აიღო ელიას მოსასხამი, მას რომ დაუვარდა და დაჰკრა წყალს და თქვა: „სად არის უფალი, ელიას ღმერთი?” და დაჰკრა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა. 15 და შორიდან დაინახეს იგი იერიხოს წინასწარმეტყველთა ძეთ და თქვეს: „ელიას სული გადმოვიდა ელისეზე.” და მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს. 16 და უთხრეს: „აჰა, ორმოცდაათი მარჯვე კაცი გვყავს შენს მსახურთ. თუ გინდა, წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა აიტაცა და სადმე მთაში, ან ხევში ჩამოაგდო.” და თქვა: „ნუ გაგზავნით.” 17 არ მოეშვნენ, ვიდრე არ შერცხვა, და ბოლოს უთხრა: „გაგზავნეთ.” და გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი. და სამ დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. 18 და მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხოში იჯდა. და უთხრა მან: „ხომ გეუბნებოდით, ნუ წახვალთ-მეთქი.” 19 და უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს: „კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩემი ბატონი, მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა.” 20 და თქვა: „მომეცით ახალი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ.” და მისცეს. 21 ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘განმიკურნავს ეს წყალი.’ ამიერიდან ნუღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა.” 22 და დღემდე განკურნებულია ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან. 23 იქიდან ბეთელისკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: „წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!” 24 და უკან მოიხედა, და დაინახა ისინი და უფლის სახელით დასწყევლა. და გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი. 25 და იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა.
თავი პირველი                                                                                                                                            თავი მესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close