ძველი აღთქმა
4 მეფეთა
51 ნაყამანი, არამის მეფის სარდალი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი წყალობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, მაგრამ კეთროვანი. 2 და როცა სათარეშოდ იყვნენ გასული არამელები, ტყვედ წაიყვანეს ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა. და ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი. 3 და უთხრა თავის ქალბატონს: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან.” 4 და მივიდა (ნაყამანი) და უამბო თავის ბატონს: „ასე და ასე ამბობს ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილი გოგონა.” 5 და თქვა არამის მეფემ: „წადი, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან.” წავიდა და თან წაიღო ათი ქანქარი ვერცხლი, ექვსი ათასი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი. 6 და მიართვა ისრაელის მეფეს წერილი, რომელიც ამბობდა: „აი ახლა, როდესაც ეს წერილი მოვა შენთან, აჰა, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან.” 7 და როცა წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის: კეთრისგან განმიკურნეო ეს კაცი. იცოდეთ, შემოჩენილია იგი.” 8 და როცა გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, შეუთვალა: „რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან და დარწმუნდეს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში.” 9 და მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა. 10 და გაუგზავნა ელისემ მსახური და შეუთვალა: „წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები.” 11 და გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: „აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღვთის, სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი. 12 განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი ისრაელის მთელს მდინარეებს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ გავსუფთავდები?” და გატრიალდა და წავიდა ბრაზმორეული. 13 და მიეახლნენ მისი მსახურნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: „ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, როცა გეუბნება: ‘იბანე და განიწმიდები.’“ 14 და ჩავიდა, და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში ღვთისკაცის სიტყვისამებრ და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა. 15 და დაბრუნდა ღვთისკაცთან ის და მთელი მისი ამალა. და მივიდა და გაჩერდა მის წინ და უთხრა: „აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან.” 16 და თქვა: „ვფიცავ უფალს, რომლის წინაშეც ვდგავარ, თუ მივიღო.” და აიძულებდა აღებას, მაგრამ არ დაჰყვა. 17 და თქვა ნაყამანმა: „თუ ასეა, მომცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს მსხვერპლი შენმა მსახურმა. 18 ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა ჩემი ბატონი რიმონის სახლში თაყვანისსაცემად, დაეყრდნობა ჩემს ხელს და მეც მომიხდება თაყვანისცემა რიმონის სახლში, ჰოდა, რიმონის სახლში თაყვანისცემისას აპატიოს ეს შენს მსახურს.” 19 და უთხრა: „მშვიდობით იარე.” და წავიდა და, მცირე მანძილზე გასცდა მას. 20 და თქვა გეხაზიმ, ღვთისკაცის მსახურმა: „აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მისი მოტანილი ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.” 21 და დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან გადმოვიდა და წინ შეეგება და თქვა: „მშვიდობაა?” 22 და თქვა: „მშვიდობა. ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ‘ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან. იქნებ ერთი ქანქარი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინა მათთვის.’“ 23 და თქვა: ნაყამანმა: „ორი ქანქარი აიღე ბარემ.” დაიყოლია და შეუხვია ორი ქანქარი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად გაატანა წასაღებად თავის ორ მსახურს. 24 და როცა ის მოვიდა ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. და უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც. 25 და მივიდა და გამოცხადდა ბატონთან. და უთხრა ელისემ: „საიდან მოდიხარ, გეხაზი?” და თქვა: „არსად არ წასულა შენი მსახური.” 26 და უთხრა: „განა ჩემი გული შენ არ მოგყვებოდა, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და წინ შეგეგება? განა დრო დაგიდგა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე ტანსაცმელს, ზეთის ხილის ხეებსა და ვენახებს, ცხვარ-ძროხას, ყმებსა და მხევლებს? 27 შენ და შენს შთამომავლობას გადაგედოთ ნაყამანის კეთრი საუკუნოდ.” და წავიდა მისგან გეხაზი კეთროვანი, როგორც თოვლი.