ძველი აღთქმა
ნეემია
ნეემია
51 და დაიწყო დიდი დრტვინვა ხალხმა და მათმა ცოლებმა თავიანთ იუდაელ მოძმეთა წინააღმდეგ. 2 და იყვნენ ისეთნი, რომელნიც ამბობდნენ: „ჩვენ, ჩვენი ძენი და ჩვენი ასულნი მრავალნი ვართ. და ვიშოვნოთ ხორბალი, რათა ვჭამოთ და ვიცოცხლოთ”. 3 და იყვნენ ისეთები, რომელნიც ამბობდნენ: „ჩვენს მინდვრებს, ვენახებს და სახლებს ვაგირავებთ, რათა ვიშოვოთ ხორბალი შიმშილობის ჟამს.” 4 და იყვნენ ისეთნიც, რომელნიც ამბობდნენ: „ჩვენი მიწებისა და ჩვენი ვენახების დაგირავებით ფულს ვშოულობთ მეფისთვის ხარკის გადასახდელად. 5 და ჩვენი ხორცი ისეთივეა, როგორც ჩვენი მოძმეებისა. და ჩვენი ძენი ისეთივენი არიან, როგორიც მათი ძენი, მაგრამ ჩვენ გვიხდება ჩვენი ძეებისა და ასულების მონებად მიცემა და ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი უკვე დამონებულია. ძალა აღარა გვაქვს ხელებში; და ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს ეკუთვნის.” 6 ძალიან გავცეცხლდი, როდესაც მათი დრტვინვა და ეს სიტყვები მოვისმინე. 7 მაგრამ გულმა მიკარნახა და ვეჩხუბე დიდებულებს, მოხელეებს და ვუთხარი მათ: თქვენი მოძმეებისაგან ვახშს იღებთ-მეთქი. და მოვიწვიე მათ წინააღმდეგ დიდი კრებული. 8 და ვუთხარი მათ: „ჩვენ გამოვისყიდეთ სხვა ხალხებს მიყიდული ჩვენი იუდაელი ძმები, როგორც შეგვეძლო, თქვენ კი საკუთარ ძმებს ჰყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ!” და დუმდნენ ისინი და სიტყვას ვეღარ პოულობდნენ. 9 და ვთქვი: „არ არის კარგი ეს საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ! განა ღვთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისა და მტრების დაცინვა აიცილოთ? 10 მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურნი სესხად ვაძლევთ ვერცხლს და ხორბალს. მოდით მივუტევოთ მათ ეს ვალი. 11 დღესვე დაუბრუნეთ მათ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, და სარგებელი ვერცხლის, ხორბლის, ღვინის, და ზეთის, რასაც მათგან ითხოვდით.” 12 და თქვეს: „დავუბრუნებთ და აღარ მოვთხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ!” და მღვდლებს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რომ იმ სიტყვისამებრ მოქცეულიყვნენ. 13 და დავიბერტყე მოსასხამის კალთა და ვთქვი: „ასე გაიბერტყოს ყოველი ის კაცი თავისი სახლიდან და თავისი მონაგარიდან, ვინც არ შეასრულებს ამ სიტყვას, და ასე იყოს გაბერტყილი და გამოცარიელებული!” და თქვა მთელმა კრებულმა: „ამინ!” და ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა. 14 აგრეთვე იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეფის მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე – თორმეტი წლის განმავლობაში – მე და ჩემს ძმებს განმგებლის პური არ გვიჭამია. 15 განმგებლები, ჩემამდე ვინც იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და ორმოცი შეკელის გარდა, პურსა და ღვინოსაც ართმევდნენ. მათი მსახურნიც ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ მე ასე არ მოვქცეულვარ ღვთის მოშიშობის გამო. 16 თანაც მე გადაგებული ვიყავი კედლის შენებაზე. მინდვრებს აღარ ვყიდულობდით და ყველა ჩემი მსახური იქ იყრიდა თავს სამუშაოდ. 17 ას ორმოცდაათი კაცი მესხდა სუფრაზე – იუდაელები და მოხელეები, გარდა ჩვენს გარშემო მცხოვრებ ხალხებიდან მოსულთა. 18 აი, რა მზადდებოდა ერთი დღისათვის: ერთი ხარი, ექვსი რჩეული ცხვარი, ასევე ფრინველს ამზადებდნენ ჩემთან; და ყოველ ათ დღეში ყველანაირი ღვინო მოჰქონდათ უხვად. მაგრამ განმგებლის პურს არ ვითხოვდი, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის სამუშაო. 19 ყველაფერი სასიკეთოდ გამიხსენე, ღმერთო ჩემო, რაც ამ ხალხისათვის გამიკეთებია.