ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
41 და გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით ოცი წყრთა, 2 და ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ლარი სწვდებოდა გარს. 3 მის ქვეშ, ირგვლივ, ხარების გამოსახულებები იყო შემორტყმული, ზღვას ათ წყრთაზე გარს ევლებოდა მასთან ერთად ჩამოსხმული ხარების ორი რიგი. 4 იგი თორმეტ ხარზე იდგა. სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთით იყურებოდა, სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და გავები ყველას შიგნით ჰქონდათ მიქცეული. 5 სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა, კიდეები თასის კიდესავით ჰქონდა გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჰგავდა.სამია თას ბათს იტევდა. 6 და გააკეთა ათი საბანელი. ხუთი მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი – მარცხენა ფრთაზე, რომ მათში განბანილიყვნენ და სრულადდასაწველი საკლავიც ამოევლოთ. ხოლო ზღვა მღვდელთა გასაბანად იყო განკუთვნილი. 7 და გააკეთა ათი ცალი ოქროს სასანთლე მათი წესის შესაფერისად და ტაძარში დადგა. ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუთიც მარცხენა ფრთაზე. 8 და გააკეთა ათი ტაბლა და ტაძარში დადგა. ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუდთიც მარცხენა ფრთაზე. და გააკეთა ასი ცალი ოქროს სასხურებელი. 9 და გააკეთა მღვდელთა ეზო, და დიდი ეზო, და ეზოს კარები, და სპილენძით მოჭედა მათი კარებები. 10 ზღვა მარჯვენა ფრთაზე დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით. 11 და გააკეთა ხურამმა ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები. და მოამთავრა ხურამმა სამუშაო, რომელსაც სოლომონს უკეთებდა ღვთის სახლში. 12 ორი სვეტი, ბუღაურები, სვეტისთავზე დასადგმელი, და ორი ცხაური ბუღაურების დასაფარავად, 13 ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისათვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად. 14 და გააკეთა კვარცხლბეკები, კვარცხლბეკებზე საბანლები გააკეთა. 15 ერთი ზღვა და თორმეტი ხარი მის ქვეშ. 16 ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის სახლისათვის, მბზინვარე სპილენძისა იყო. 17 იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცერედას შორის. 18 და გააკეთა სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი, ძალზე ბევრი, ისე, რომ გაურკვეველი იყო სპილენძის წონა. 19 და გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია: ოქროს სამსხვერპლო, ოქროსავე ტაბლები, რომლებზედაც საწინაშეო პურები ეწყო; 20 სუფთა ოქროს სასანთლეები და მისი ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ. 21 ოქროს ყვავილები, ლამპრები და მაშები – სუფთა ოქროსაგან, 22 დანები, სასხურებლები, კოვზები, საცეცხლურები – სუფთა ოქროსაგან. ასევე ტაძრის კარებები: წმიდათა წმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი შიდა კარებიც ოქროსივე იყო.