1 ნეშტთა 19

By
ივნისი 5, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

191 ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონის ძეთა მეფე – ნახაშ ყამონის ძე – და გამეფდა მისი ძე მის ნაცვლად. 2 და თქვა დავითმა: „წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა”. და გაგზავნა დავითმა მოციქულები სანუგეშოდ მამის გამო; და მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონის ძეთა ქვეყანაში, ხანუნთან, სანუგეშებლად. 3 და უთხრეს ყამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს: „დავიჯერო მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისათვის გამოგზავნა დავითმა თავისი მსახურნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?” 4 და შეიპყრო ხანუნმა დავითის მსახურნი და ნახევარი წვერი მოპარსა. წელამდე შემოაჭრა სანახევროდ სამოსელი და გაისტუმრა. 5 და წავიდნენ. და შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი, და გაგზავნა კაცები მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ. და უთხრა მეფემ: „იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.” 6 და დაინახეს ყამონის ძეთ, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გაგზავნეს ხანუნმა და ყამონის ძეთ ათასი ქანქარი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარეთიდან, მაყაქას არამიდან და ცობადან. 7 და იქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი და მეფე მაყაქა თავისი ხალხით. და მივიდნენ და მედიბას წინ დაბანაკდნენ. ყამონის ძენი კი ერთად შეიყარნენ და საომრად გამოემართნენ. 8 და შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქარითურთ. 9 და გამოვიდნენ ყამონის ძენი და გაეწყვნენ საბრძოლველად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ მინდორში. 10 როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელის ძეთა შორის ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ. 11 დანარჩენი ხალხი თავის ძმას, აბიშაის, ჩააბარეს და მანაც დააწყო იგი ყამონის ძეთა წინააღმდეგ. 12 და თქვა: „თუ არამელები მე მძლევენ, შენ მომეშველები, ხოლო თუ შენ გძლევენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად. 13 გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღვთის ქალაქებისათვის. და უფალმა ქმნას, რაც ენებოს.” 14 და გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები. 15 როცა ყამონის ძეთ დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონის ძეთ და მივიდა იერუსალიმში. 16 და დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებიან ისრაელთან და კაცები გაუგზავნეს მდინარისგაღმელ არამელებს და გადმოიყვანეს. მათ წინამძღოლობდა ჰადარ-ყეზერის სარდალი შოფახი. 17 და შეატყობინეს ეს დავითს და მანაც შეყარა მთელი ისრაელი. და გადალახა იორდანე, და მივიდა მათთან და გაეწყო მათ წინააღმდეგ. ბრძოლა გაუმართა დავითმა არამელებს და ისინიც შეებნენ მას. 18 და გაექცნენ არამელები ისრაელს. და დაუხოცა დავითმა არამელებს შვიდი ათასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი ქვეითი. და მათი სარდალი შოფახიც მოკლულ იქნა. 19 როცა ჰადარ-ყეზერის მსახურებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ დავითს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონის ძეთა დახმარება.

თავი მეთვრამეტე                                                                                                                                       თავი მეოცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close