ნეემია 8

ივნისი 9, 2015

ძველი აღთქმა
ნეემია

81 და შეიკრიბა მთელი ერი, როგორც ერთი კაცი, იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ იყო, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც გამოუცხადა უფალმა ისრაელს. 2 და მოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა მამაკაცებისაგან, დედაკაცებისაგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა, ეს იყო მეშვიდე თვის პირველ დღეს. 3 და კითხულობდა მას მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, განთიადიდან შუადღემდე, მამაკაცთა და დედაკაცთა და გამგებთა წინაშე; და ყურთასმენა მთელი ერისა მიპყრობილი იყო რჯულის წიგნზე. 4 და იდგა ეზრა მწიგნობარი ხის კვარცხლბეკზე, რომელიც ამ ამბის გამო გაემართათ. გვერდში ედგნენ მათითია, შემა, ყანაია, ურია, ხილკია და ზაქარია და მეშულამი და მაყასეია – მის მარჯვნივ; ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა კი – მის მარცხნივ. 5 და გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან ის მთელ ხალხზე მაღლა იდგა; და როდესაც გახსნა იგი, მთელი ხალხი წამოუდგა. 6 და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდი ღმერთი და მიუგო მთელმა ხალხმა: „ამინ! ამინ!” აღპყრობილი ხელებით; მერე მათ მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს უფალს მიწაზე დამხობილებმა. 7 და იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე. 8 და კითხულობდნენ ისინი წიგნიდან, ღვთის რჯულიდან, გარკვევით, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს. 9 და ნეემიამ, განმგებელმა და ეზრამ, მღვდელმა და მწიგნობარმა, და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, განუცხადეს მთელ ერს: „ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღვთისათვის, ნუ გლოვობთ და ნუ ტირით!” რადგან მთელი ხალხი ტიროდა, რჯულის სიტყვებს რომ ისმენდა. 10 და უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი და იქიდან წილობები იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; და ნუ სწუხხართ, რადგან სიხარული უფლის წინაშე სიმტკიცეა თქვენი.” 11 და ლევიანები აწყნარებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: „დაწყნარდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხხართ.” 12 და წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, და წილობების დასაგზავნად და დიდი მხიარულების საყოფად, რადგან შეისმინეს სიტყვები, მათ რომ აუწყეს. 13 და მეორე დღეს ეზრა მწიგნობართან მოიყარეს თავი მთელი ხალხის მამისსახლთა თავკაცებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა, რათა მათთვის აეხსნა რჯულის სიტყვები. 14 და ნახეს დაწერილი რჯულში, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს ხელით, რომ ისრაელის ძეთ კარვებში ეცხოვრათ მეშვიდე თვის დღესასწაულისას, 15 და რომ გამოეცხადებინათ და ასეთი ხმა დაერხიათ ყველა თავიანთ ქალაქში და იერუსალიმში: „გადით მთაზე და მოიტანეთ ბაღის ზეთისხილის რტოები, ღვიის რტოები და პალმის რტოები, და სხვა ხეების რტოები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით.” 16 და გავიდა ხალხი და მოიტანა და გაიკეთა თავისთვის კარვები – თითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე. 17 და გადანასახლებმა მთელმა კრებულმა გააკეთა კარვები და დასახლდა მათში, რადგან იესო ნავეს ძის დღეთაგან იმ დღემდე არ გაუკეთებიათ ასე ისრაელის ძეთ, და იყო ძალზე დიდი სიხარული. 18 დღითიდღე კითხულობდა იგი ღვთის რჯულის წიგნს – პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი საზეიმო შეკრებულობა ჰქონდათ, წესისამებრ.

თავი მეშვიდე                                                                                                                                        თავი მეცხრე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close