ძველი აღთქმა
ესთერი
11 ეს მოხდა ახაშვეროშის დროს, იმ ახაშვეროშისა, რომელიც ას ოცდაშვიდ მხარეზე მეფობდა ინდოეთიდან ეთიოპიამდე. 2 იმ დღეებში, როდესაც მეფე ახაშვეროში იჯდა თავის სამეფო ტახტზე, რომელიც შუშანში – სატახტო ქალაქში – იყო, 3 თავისი მეფობის მესამე წელს მან ნადიმი გაუმართა ყველა თავის მთავარსა და მსახურს. სპარსეთისა და მიდიის ლაშქრის სარდლები, დიდებულები და მხარეთა მთავრებიც მის წინაშე ისხდნენ. 4 იგი უჩვენებდა თავისი სამეფოს დიდებულ სიმდიდრეს და თავისი სიდიადის ბრწყინვალებას და მშვენიერებას მრავალ დღეს, ას ოთხმოც დღეს. 5 ეს დღეები რომ ჩათავდა მეფემ ყველა იმ ხალხს, ვინც შუშანში, სატახტო ქალაქში, იმყოფებოდა, დიდიდან პატარამდე, შვიდდღიანი ნადიმი გაუმართა მეფის სასახლის ეზო-ბაღში. 6 თეთრი ბამბეულის ქსოვილები და ცისფერი ფარდები ბისონისა და ძოწის ზონრებით ეკიდა ვერცხლის რგოლებზე და მარმარილოს სვეტებზე; ოქროსა და ვერცხლის საწოლები იდგა მეწამული ქვის, მარმარილოს და ძვირფასი ქვების ქვაფენილზე. 7 და სასმელს აწვდიდნენ ოქროს ჭურჭლით და ნაირ-ნაირი სასმისებით; სამეფო ღვინო უხვად იყო, მეფის ხელგაშლილობისამებრ. 8 და სვამდნენ წესისამებრ, დაუძალებლად, რადგან ასე ჰქონდა დადგენილი მეფეს თავისი სახლთუხუცესებისათვის, რათა თითოეულის სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ. 9 და ვაშთი დედოფალმაც გამართა ბანოვანთათვის ნადიმი მეფე ახაშვეროშის სასახლეში. 10 და მეშვიდე დღეს, როცა ღვინით მოილხინა მეფის გულმა, მან უბრძანა მეჰუმანს, ბიზთას, ხარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს – შვიდ საჭურისს, რომელნიც მეფე ახაშვეროშის წინაშე მსახურობდნენ, 11 მოეყვანათ მეფის წინაშე ვაშთი დედოფალი სამეფო გვირგვინით, რათა ეჩვენებინათ ხალხისა და მთავრებისათვის მისი სილამაზე, რადგან მშვენიერი სანახავი იყო იგი. 12 მაგრამ არ ინება ვაშთი დედოფალმა მისვლა მეფის ბრძანებაზე, რომელიც საჭურისთა პირით ეცნობა მას. ძალიან გაჯავრდა მეფე და რისხვით აენთო. 13 და ჰკითხა მეფემ დრო-ჟამთა მცოდნე ბრძენკაცებს, რადგან მეფეს ჩვეულებად ჰქონდა, რჩევა ეკითხა რჯულისა და სამართლის ყოველი მცოდნისათვის. 14 და მასთან დაახლოებულნი იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი – სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი, მეფის პირის მხილველნი, სამეფოში პირველ ადგილზე მსხდომნი: 15 „რჯულის მიხედვით, რა უნდა ვუყოთ ვაშთი დედოფალს, რომ არ შეასრულა მეფე ახაშვეროშის ბრძანება, საჭურისთა პირით ნამცნობი?” 16 და თქვა მემუქანმა მეფისა და მთავართა წინაშე: „არა მარტო მეფის წინაშე დააშავა ვაშთი დედოფალმა, არამედ ყველა მთავრისა და ხალხის წინაშე, ვინც კი მეფე ახაშვეროშის ყველა მხარეში ცხოვრობს. 17 რადგან მიუვათ დედოფლის ამბავი დედაკაცებს და ისინიც აითვალწუნებენ თავიანთ ქმრებს და იტყვიან: ‘მეფე ახაშვეროშმა ბრძანა მის წინაშე მოეყვანათ ვაშთი დედოფალი, მაგრამ არ ეახლა იგი’. 18 და დღესვე სპარსეთისა და მიდიის ბანოვანები, რომელნიც შეიტყობენ დედოფლის ამბავს, ასევე შეეპასუხებიან მეფის ყველა მთავარს, ბევრი დამცირება და წყენა შეგვხვდება. 19 თუ მეფე ინებებს, გასცეს მან სამეფო ბრძანება და ჩაიწეროს იგი სპარსეთისა და მიდიის რჯულში და არ შეიცვალოს, რომ ვაშთი აღარ შევიდეს მეფე ახაშვეროშის წინაშე; ხოლო მისი დედოფლობა მეფემ სხვას გადასცეს, მასზე უკეთესს. 20 როცა გაიგებენ მეფის ამ დადგენილებას, რომელიც გამოვა მთელ მის სამეფოში, თუმცა კი უვრცელესია იგი, ყველა ცოლი, ბანოვანიდან მოყოლებული მდაბიომდე, პატივისცემით მოეპყრობა თავის ქმარს!” 21 და მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, და მოიქცა მეფე მემუქანის სიტყვისამებრ, 22 და დაუგზავნა წერილები მეფის სამთავროებს – თითეულ სამთავროს თავისი დამწერლობით, თითეულ ხალხს თავის ენაზე, რათა ყოველი კაცი ბატონი ყოფილიყო თავის სახლში, და რომ ეს ყველას გამოსცხადებოდა მის ბუნებით ენაზე.