იობი 19

ივნისი 26, 2015
ძველი აღთქმა
იობი
191 და მიუგო იობმა და თქვა: 2 ოდემდე უნდა მიმწუხრებდეთ სულს და მთრგუნავდეთ მე სიტყვებით? 3 უკვე ათჯერ შეურაცხმყავით, და არ გეთაკილებათ, რომ მძრახავთ. 4 და თუ მე მართლა შევცდი, ჩემი შეცდომა ჩემთანვე რჩება. 5 თუ თქვენ მართლა ჩემზე დიდად მოგაქვთ თავი და ჩემი დამუნათებით თავი ისე გიჭირავთ, თითქოს მართლები იყოთ, 6 იცოდეთ, რომ ღმერთმა გამამრუდა და გამხვია თავის ბადეში. 7 აჰა, ვღაღადებ: ‘ძალადობაა!’ მაგრამ პასუხს არავინ მაძლევს, შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი. 8 მან გადამიღობა გზა და ვეღარ გადავსულვარ, მან დააფინა ჩემს ბილიკებს ბნელი. 9 შემომაძარცვა ჩემი დიდება, და თავიდან გვირგვინი მომხადა. 10 ყოველმხრივ დამაქცია და უკვე მივდივარ, ხესავით ამომიძირკვა სასოება. 11 და აღაგზნო ჩემზე თავისი რისხვა. და თავის მტრად შემრაცხა. 12 ერთად მომადგნენ მისი ურდონი, და გამოთვალეს თავიანთი გზა ჩემს წინააღმდეგ, და ჩემი კარვის ირგვლივ დაიბანაკეს. 13 ჩემი ძმები ჩამომაშორა, და ჩემი ნაცნობნი გამიუცხოვდნენ. 14 მახლობელნი განმიდგნენ და ნაცნობებმა დამივიწყეს. 15 ჩემ სახლში მოსული გარეულნი და ჩემი სახლის მხევლები უცხოდ მთვლიან, მათ თვალში უცხო გავხდი. 16 ჩემს მსახურს ვეძახი და არ მპასუხობს; ვევედრები მას ჩემი პირით. 17 ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს, და ჩემი სიმყრალე – დედაჩემის ძეთ. 18 ბავშვებმაც შემიზიზღეს მე, წამოვდგები და აბუჩად მიგდებენ. 19 მომიძულეს ჩემმა სანდო მეგობრებმა და ვინც მიყვარდნენ, მტრად მომეკიდნენ. 20 ჩემი ტყავი და ხორცი ჩემს ძვალს მიეკრა ცარიელი ღრძილებიღა დავრჩი. 21 შემიწყალეთ, ჩემო მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე! 22 რატომ მდევნით თქვენც, როგორც ღმერთი? და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით? 23 ნეტავ ჩაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ წიგნში ჩაიბეჭდებოდეს, 24 რკინის საჭვრეთლით და ტყვიით კლდეზე ამოიკვეთებოდეს სამარადისოდ! 25 და მე ვიცი, ცოცხალია ჩემი მხსნელი და საბოლოოდ მიწაზე წამოიმართება. 26 მას შემდეგ, რაც ასე შემომეძარცვება კანი ჩემი ხორციდან, ვიხილავ ღმერთს, 27 რომელსაც მე თავად ვიხილავ და ჩემი თვალები დაინახავენ მას და არა სხვისი. დამელია თირკმლები ჩემი ჩემს წიაღში. 28 თუ იტყვით: ‘რას ვდევნით მას?’ და: ‘საქმის ფესვი ნაპოვნია მასში!’ 29 გეშინოდეთ მახვილისა, რადგან რისხვას მოაქვს მახვილის სასჯელი, რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა!”
თავი მეთვრამეტე                                                                                                                                        თავი მეოცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close