ძველი აღთქმა
იობი
241 „რად არ არის ყოვლადძლიერისათვის დაფარული ვადები, და მისი მცნობელნი რად ვერ ხედავენ მის დღეებს? 2 ურჯულონი სამანებს ანაცვლებენ, იტაცებენ ნახირს და მწყემსავენ მათ. 3 ობოლთა სახედრებს ერეკებიან, ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ; 4 გაჭირვებულს გზიდან აგდებენ, ერთად მიიმალნენ ქვეყნის ღარიბნი. 5 როგორც უდაბნოში კანჯრები, გადიან თავიანთ საქმეზე ნადავლის საძებრად. ტრამალი პურს აძლევს მათ ბავშვებს. 6 სხვის ყანაში მკიან და ურჯულოს ვენახს იმცვრევენ. 7 შიშვლად ათევენ, უწამოსასხამოდ და არა აქვთ წასაფარებელი ყინვაში. 8 მთების თქეშში ილუმპებიან, და შესაფარებლად კლდეს ეკვრიან. 9 ძუძუსა სწყვეტენ ობოლს, და მიჰყავთ ღარიბისაგან გირაოდ. 10 შიშველნი დაწანწალებენ უსამოსლოდ, და დამშეულნი ძნებს დაათრევენ. 11 მათ კედლებში ზეთისხილის ზეთს ხდიან, საწნახლებში წურავენ ყურძენს, თავად კი სწყურიათ. 12 ქალაქიდან მომაკვდავნი გმინავენ და დაჭრილთა სულები შველას ითხოვენ, ღმერთი კი ყურს არ უგდებს მათს ვედრებას. 13 ისინი ნათლის მეამბოხენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ დგანან მის ბილიკებზე. 14 განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდივით არის. 15 და მრუშის თვალი ბინდის მოლოდინში ამბობს: ‘კაცის თვალი ვერ მიხილავს.’ და სახეზე საფარველს იფარებს. 16 ბნელში ძირს უთხრიან სახლებს, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი, 17 რადგან დილა მათთვის სიკვდილის აჩრდილია, რადგან შეუამხანაგდნენ სიკვდილის აჩრდილის საშინელებებს. 18 მსუბუქია ის წყლის ზედაპირზე, დამცრობილია მისი ხვედრი მიწაზე, არ გაუხვევს ვენახთა გზებისკენ. 19 გვალვა და ხორშაკი შთანთქავს თოვლის წყალს, შავეთი კი – ცოდვილებს. 20 დაივიწყებს მას დედის საშო ჭია იტკბარუნებს მას, აღარავის გაახსენდება, ხესავით გადატყდება უკეთურება. 21 ავად ექცევა ბერწ ქალს, უშვილოს, და ქვრივს სიკეთეს არ უკეთებს. 22 სიცოცხლეს უხანგრძლივებს ძლიერთ თავისი ძალით, დგება და არ იჯერებს, რომ ცოცხალია. 23 იგი აძლევს მას სიმშვიდეს და ისიც ეყრდნობა, და თვალი მათ გზებზე უჭირავს. 24 მცირე ხანს აღზევდნენ და აჰა, აღარ არიან. დამდაბლდებიან, დაეცემიან, როგორც ყველანი, და თავთავებივით წაიკვეთებიან. 25 ასე არ არის? ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვას?”