ძველი აღთქმა
იობი
301 „და ახლა დამცინიან ჩემზე უმცროსნი, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებშიც არ გავრევდი. 2 რაღაში მინდა მათი ხელების ძალა? მათ ძალა გამოცლილი აქვთ. 3 დუხჭირითა და შიმშილით ღონემიხდილნი გარბიან გვალვიან ტრამალებში, უდაბნოსა და ხრიოკებში. 4 ნაცარქათამას წიწკნიან ჯაგებთან და კურდღლისცოცხას ფესვი მათი პურია. 5 ხალხიდან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰკივიან; 6 აწყდებიან ხევ-ხუვებს, მიწის მღვიმეებს და კლდის ნაპრალებს. 7 ბუჩქებს შორის ყროყინებენ სახედრებივით, ჯაგნარებში იყურებიან. 8 ძენი უგუნურთა და ძენი უსახელოთა განიდევნენ ქვეყნიდან. 9 ახლა გავხდი მათი სამღერელი და მათი საანდაზო. 10 ვეზიზღები, გამირბიან და ჩემი სახის წინ ფურთხს არ ზოგავენ. 11 რადგან მან ახსნა ჩემი საბელი, პირწინ დამიგდეს ჩემი აღვირი. 12 მარჯვნივ ბრბო აღმიდგა, ფერხნი განმირთხეს, ჩემს წინააღმდეგ მოასწორეს თავიანთი დამღუპველი გზები. 13 მათ აანგრიეს ჩემი ბილიკი, ჩემს უიღბლობას უმართავენ ხელს, შემწეც არ უნდათ. 14 თითქოს ფართე მოედანიაო, ქარიშხლით მოექანებიან. 15 საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით მიჰქრის ჩემი დიდება და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დღეკეთილობა. 16 აწ ჩემში იღვრება ჩემი სული, მებღაუჭებიან ჩემი გაჭირვების დღეები. 17 ღამ-ღამობით ძვლები მტეხავს, ხოლო ტკივილი, მე რომ მწიწკნის, არ მიამდება. 18 დიდი ტანჯვით ვიხდი სამოსს, კვართის საყელოსავით მიჭერს. 19 მისროლა ლაფში და დავემსგავსე მტვერსა და ნაცარს. 20 შველას გთხოვ და პასუხს არ მაძლევ. მე ვდგავარ და შენ თვალს არ მაცილებ. 21 სასტიკი გახდი ჩემს მიმართ, შენი ხელის ძალითა მდევნი. 22 ქარზე შემომსვამ, მაიძულებ, გავინავარდო. და მაცამტვერებ ქარის ორომტრიალში, 23 ასეა, ვიცი, სიკვდილისკენ წამიყვან, და ყოველი ცოცხალის შესაკრებელი სახლისკენ. 24 ნანგრევებისკენ ხელს არვინ იწვდის, დაღუპვის პირას რომ მივა კაცი, მაშინღა ეღირსება შველას. 25 განა არ მიტირია ბედშავზე? სული არ შემწუხებია გაჭირვებულზე? 26 რადგან სიკეთის იმედი მქონდა და ბოროტება მოვიდა, ნათელს ველოდი და ბნელი მოვიდა, 27 გულ-ღვიძლი მიდუღს და არ ცხრება: ტანჯვა-წამების დღეები დამიდგა. 28 ჩაშავებული დავიარები, უმზეოდ; კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ. 29 ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად სირაქლემებს. 30 კანი გამიშავდა და ძვლები მივარვარებს სიცხისაგან. 31 გოდებად იქცა ჩემი ქნარი, და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური.”