ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
341 რვა წლისა იყო იოშიაჰუ, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. 2 სწორედ იქცეოდა უფლის თვალში და დავითის, მამამისის, გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ. 3 თავისი მეფობის მერვე წელს, ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა დაუწყო ძიება დავითის, მამამისის, ღმერთს. მეთორმეტე წელს კი შეუდგა იუდასა და იერუსალიმის გაწმედას გორაკებისაგან, აშერებისაგან, გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპებისგან. 4 მის წინაშე დაანგრიეს ბაყალების სამსხვერპლოები. აჩეხა სამზეო სვეტები, მათ ზემოთ რომ იყო აღმართული, დალეწა აშერები და გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპები, მტვრად აქცია და იმათ სამარხებს გადააყარა, ვინც მსხვერპლს სწირავდნენ მათ. 5 მათსავე სამსხვერპლოზე დაწვა მათი ქურუმების ძვლები და გაწმიდა იუდა და იერუსალიმი. 6 მენაშეს, ეფრემის, სიმონის ქალაქებში, ნეფთალამდე, ირგვლივ მათ ნაოხარებში 7 დაანგრია სამსხვერპლოები და აშერები, მტვრად აქცია კერპები და აჩეხა სამზეო სვეტები მთელ ისრაელის ქვეყანაში და იერუსალიმს დაბრუნდა. 8 თავისი მეფობის მეთორმეტე წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა და უფლის სახლი გაწმიდა, უფლის, თავისი ღმერთის, სახლის შესაკეთებლად გაგზავნა შაფან აცალიაჰუს ძე, ქალაქის თავი მაყასიაჰუ და მწერალი იოახ იოახაზის ძე. 9 მივიდნენ ხილკიაჰუ მღვდელმთავართან და მისცეს უფლის სახლში შეგროვილი ვერცხლი, რომელიც ლევიანებმა და ზღურბლის მცველებმა აკრიფეს მენაშეს, ეფრემის, სხვა ისრალიანების, მთელი იუდას და ბენიამინის ხელიდან და დაბრუნდნენ იერუსალიმს. 10 ხელში ჩააბარეს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ისინი აძლევდნენ მას სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში მუშაობდნენ შეკეთებასა და გამაგრებაზე. 11 ისინი კი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს, რათა ეყიდათ გათლილი ქვები და ძელები კოჭებისთვის და სახლების გადასახურავად, იუდას მეფეებმა რომ დაანგრიეს. 12 ხალხი პატიოსნად ასრულებდა სამუშაოს. თავზე ეყენათ: იახათი და ყობადიაჰუ – ლევიანები, ყველანი ვინც საკრავების დაკვრაში იყვნენ გაწაფულნი. 13 მტვირთავებზეც იყვნენ დადგენილნი და თვალყურს ადევნებდნენ ყველა სამუშაოს შემსრულებელს და ყველა საქმეს. ლევიანთაგან იყვნენ: მწერლები, ზედამხედველები და კარისმცველები. 14 როცა უფლის სახლში მიტანილი ვერცხლი გამოჰქონდათ, ხილკიაჰუ მღვდელმა მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი იპოვა. 15 უთხრა ხილკიაჰუმ შაფან მწერალს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში”, და ჩააბარა ხილკიაჰუმ წიგნი შაფანს. 16 შაფანმა მეფეს წაუღო წიგნი, თან ამბავი მიუტანა მეფეს და უთხრა: „ყველაფერს აკეთებენ შენი მსახურნი, რაც დავალებული აქვთ. 17 გადმოყარეს ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში აღმოჩნდა, და ხელში ჩააბარეს ზედამხედველებსა და სამუშაოთა შემსრულებლებს.” 18 ამბავი მოუტანა შაფანმა მეფეს და უთხრა: „წიგნი ჩამაბარა ხილკიაჰუ მღვდელმა.” და წაიკითხა შაფანმა მეფის წინაშე. 19 როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, შემოიხია სამოსელი. 20 უბრძანა მეფემ ხილკიაჰუს და ახიკამ შაფანის ძეს და ყაბდონ მიქას ძეს, შაფან მწერალს, ყასაიას, მეფის მსახურს, და უთხრა: 21 „წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.” 22 წავიდნენ ხილკიაჰუ და, ვისაც მეფემ უბრძანა, ხულდა წინასწარმეტყველთან, ცოლთან შალუმისა, ძისა თოკჰათისა, ძისა ხასრასი, სამოსლის მცველისა – ქალი იერუსალიმის მეორე ნაწილში ცხოვრობდა – და ელაპარაკნენ ამის თაობაზე. 23 უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: ‘უთხარით იმ კაცს, ვინც ჩემთან გამოგგზავნათ: 24 ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას დავატეხ იმ ადგილს, მის მკვიდრებს კი – იმ წყევლა-კრულვას, რაც ამ წიგნში სწერია, იუდას მეფის წინაშე რომ წაიკითხეს. 25 რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებს უკმიეს საკმეველი ჩემს გასაჯავრებლად თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამიტომ ჩემი რისხვა გადმოიღვრება იმ ადგილზე და აღარ დაცხრება. 26 იუდას მეფეს კი, უფლის საძიებლად რომ გამოგაგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი ისრაელისა, იმ სიტყვათა თაობაზე, შენ რომ მოისმინე: 27 რაკი გული მოგილბა და თავი მოიდრიკე ღვთის წინაშე, რაც მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილისა და მისი მკვიდრების თაობაზე, და მოდრკი ჩემს წინაშე, სამოსელი შემოიხიე და ტიროდი ჩემს წინაშე, მეც ამიტომ შეგიწყნარე, – ამბობს უფალი. – 28 აჰა, მოგასვენებ შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხ.’” მიუტანეს მეფეს სიტყვა. 29 დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდას და იერუსალიმის უხუცესობა. 30 ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა. 31 დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად. 32 დაუდგინა იგი ყველას, ვინც იერუსალიმში და ბენიამინში იმყოფებოდნენ. და იქცეოდნენ იერუსალიმის მკვიდრნი ღმერთის, მათი მამა-პაპის ღმერთის, აღთქმის თანახმად. 33 განაგდო იოშიაჰუმ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეყნიდან და უფალს, მათ ღმერთს, ამსახურა ყველა, ვინც კი ისრაელში იმყოფებოდა. თავის დღეში აღარ განდგომიან უფალს, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს.