ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
361 გამოიყვანა ქვეყნის ერმა იეჰოახაზი, იოშიაჰუს ძე, და მამამისის ნაცვლად გაამეფეს იერუსალიმში. 2 ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. 3 გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში, და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო. 4 ეგვიპტის მეფემ მის ნაცვლად მისი ძმა, ელიაკიმი, გაამეფა იუდაში და იერუსალიმში, და იეჰოიაკიმად შეუცვალა სახელი. მისი ძმა იეჰოახაზი კი შეიპყრო ნექომ და ეგვიპტეში წაიყვანა. 5 ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. 6 მოუხდა მას ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და დაადო ბორკილები ბაბილონში წასაყვანად. 7 წაიღო ნაბუქოდონოსორმა უფლის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი ბაბილონში და დააწყო თავის ბაგინში, ბაბილონში. 8 იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი და სიბილწენი, რაც ჩაიდინა, და რაც მის წინააღმდეგ აღმოჩნდა, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა. 9 თვრამეტი წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა და სამი თვე და ათი დღე იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. 10 წელიწადი რომ შემოიქცა, ხალხი გაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა და ბაბილონს გადაიყვანა იგი უფლის სახლის ძვირფას ჭურჭელთან ერთად, ხოლო იუდაზე და იერუსალიმზე მისი ძმა ციდკიაჰუ გაამეფა. 11 ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. 12 უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. არ მოდრკა იგი იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას ეუბნებოდა. 13 განუდგა მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც ღმერთზე დააფიცა. გაიფიცხა ქედი და გული არ მოილბო უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ, მოსაქცევად. 14 ასევე მღვდლებისა და ხალხის ყველა წინამძღოლი მრავალს სცოდავდა წარმართთა ყველა სისაძაგლის კვალზე, და ბილწავდნენ უფლის სახლს, რომელიც იერუსალიმში განწმიდა მან. 15 უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი, ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა თავისი ერი და თავისი სამყოფელი. 16 მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ ღვთის მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა. 17 მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდრის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა – ყველანი მის ხელში ჩაყარა. 18 ღვთის სახლის ყველა ჭურჭელი, დიდი და მცირე, უფლის სახლის განძეულობა, მეფისა და მთავრების განძეულობითურთ ერთიანად ბაბილონში გაზიდა. 19 გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა. 20 მახვილს გადარჩენილნი ბაბილონში გადაასახლა და გახდნენ მისი და მისი ვაჟების მსახურნი სპარსეთის მეფობის დამყარებამდე, 21 რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, იერემიას პირით ნათქვამი: ვიდრე ქვეყანა თავისი შაბათებით გაიხარებდესო. მთელ უკაცრიელების ხანაში შაბათობდა, ვიდრე სამოცდაათი წელი არ შესრულდა. 22 კიროსის, სპარსეთის მეფის, პირველ წელს, როცა იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა აღსრულდა, უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით: 23 “ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნის ყველა სამეფო მე მიბოძა უფალმა, ცათა ღმერთმა, და დამავალა მისთვის სახლის აგება იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინც თქვენს შორის მისი ერიდან არის, უფალი, მისი ღმერთი, იყოს მასთან და ავიდეს!”