ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
31 „ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. 2 ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. 3 შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი – ‘ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?’ 4 ცოტას გავშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული. დავიჭირე და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევიყვანე დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.” 5 „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!” 6 ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურითა და გუნდრუკით კმეული და მენელსაცხებელთა ყოველი სურნელით? 7 აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა. 8 თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეებში შიშით. 9 ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან. 10 სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა, საიდაყვენი – ოქროსგან, საყდარი – მეწამული ქსოვილისგან, შიგნიდან სიყვარულით მოჰქარგეს იერუსალიმის ასულებმა. 11 გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინით, რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.”