ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
81 „ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუთა მწოველი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ. 2 წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში შეგიყვანდი; შენ მასწავლიდი, მე კი სურნელოვან ღვინოს – ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი. 3 მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!” 4 „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!” 5 „ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი საყვარლის მხარს დაყრდნობილი?” „ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა. 6 დამდევი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი. 7 ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.” 8 „პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი? 9 ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით.” 10 „მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში. 11 ჰქონდა ბაყალ-ხამონში ვენახი სოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი ვერცხლი მოჰქონდა ყურძნის სანაცვლოდ. 12 ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, და ორასი – ნაყოფთა მცველების.” 13 „ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას – მასმინე მეცა!” 14 „გაიქეცი, საყვარელო ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს სურნელთა მთებზე.”