ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
31 შვილო ჩემო! ჩემს რჯულს ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა, 2 რადგან დღეგრძელობას და ცხოვრების წლებს და მშვიდობას შეგმატებენ შენ. 3 წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, შეიბი ისინი ყელზე, დაიწერე შენი გულის ფიცარზე. 4 და მოიპოვებ მადლს და კეთილ გაგებას ღვთისა და ადამიანის თვალში. 5 დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. 6 ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს. 7 ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში, გეშინოდეს უფლის და უკუიქეც ბოროტებისაგან. 8 კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და გამაგრილებელი შენი ძვლებისა. 9 პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი ჭირნახულის პირველნაყოფიდან, 10 და გაივსება შენი ბეღლები მოსავლით და მაჭარი შენი საწნახელიდან გადმოვა. 11 უფლის დარიგებას, შვილო ჩემო, ნუ შეიზიზღებ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება. 12 ვინც უყვარს უფალს, იმას დასჯის როგორც მამა – შვილს, თავის საქებარს! 13 ნეტარია ადამიანი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი – ჭკუის მომხვეჭელი! 14 რადგან მისი საზღაური ვერცხლის საზღაურს სჯობს და მისი მოსავალი – წმიდა ოქროს. 15 ის მარგალიტებზე ძვირფასია, და არანაირი შენი საწადელი არ შეედრება მას. 16 დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მის მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი. 17 მისი გზები საამური გზებია და მისი ყველა ბილიკი მშვიდობაა. 18 სიცოცხლის ხეა ის მათთვის, ვინც ეჭიდება მას, და მას მინდობილნი ნეტარნი არიან. 19 უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონებით განამტკიცა ცა. 20 თავისი ცოდნით ჯურღმულები გაიპო და ღრუბელნი ცვარს აფრქვევენ. 21 შვილო ჩემო, ნუ მოშორდება შენს თვალებს – დაიცავი გონიერება და განსჯა. 22 და იქნება ისინი სიცოცხლე შენი სულისათვის და სამკაული შენი ყელისათვის. 23 მაშინ ივლი უსაფრთხოდ შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება. 24 როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი. 25 ნუ შეგეშინდება უეცარი შიშისა და ბოროტეულის თავდასხმისა, როცა მოვა, 26 რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და დაიცავს შენს ფეხს შებორკვისაგან. 27 ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც ერგება, როდესაც შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება. 28 ნუ ეტყვი მოყვასს: „წადი და ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ,” თუ თანა გაქვს. 29 ნუ განიზრახავ შენი მოყვასისათვის ბოროტს, თუ ის დანდობილად ცხოვრობს შენთან. 30 ნუ ედავები ადამიანს უმიზეზოდ, თუ მას ბოროტით არ მოუზღავს შენთვის. 31 ნუ შეგშურდება მოძალადესი და ნუ ამოირჩევ ნურც ერთს მის გზათაგან. 32 რადგან სისაძაგლეა უფლის წინაშე მრუდი, წრფელებთან კი მეგობრობს იგი. 33 უფლის წყევლაა ბიწიერის სახლზე, ხოლო მართალთა ბინას აკურთხებს იგი. 34 თუ მასხარებს ამასხარავებს, თავმდაბლებს აძლევს იგი მადლს. 35 ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ხოლო ბრიყვნი დამცირებას მიიღებენ.