ესაია 13

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
131 წარმონათქვამი ბაბილონზე, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ: 2 შიშველ მთაზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შევიდნენ მთავართა კარიბჭით. 3 მე ვუბრძანე ჩემს განკუთვნილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს მამაცებს ჩემი რისხვის აღსასრულებლად, ჩემი სიამაყით მოზეიმეთ. 4 ბრბოს ხმაა მთებში, მსგავსად მრვალრიცხოვანი ხალხისა, ხმაურის ხმაა ერთად შეკრებილთა, ერთა და სამეფოთა, უფალი ცაბაოთი ათვალიერებს საბრძოლო ლაშქარს. 5 მოდიან შორეულ ქვეყნიდან, ცის კიდიდან უფალი და მისი რისხვის იარაღები მთელი ქვეყნის გასანადგურებლად. 6 იქვითინეთ, რადგან მოახლოებულია უფლის დღე, მოვა როგორც განადგურება ყოვლადძლიერისგან. 7 ამიტომ ყველა ხელი დაუძლურდება და ყოველი ადამიანის გული დადნება. 8 და შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობს მათ, მშობიარესავით გაწამდებიან, გაკვირვებულნი შეხედავენ ერთიმეორეს, აალდება მათი სახეები. 9 აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, წყრომა და მძვინვარე რისხვა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და მისი შემცოდენი აღხოცოს მისგან. 10 რადგან ცის ვარსკვლავები და მათი თანავარსკვლავედნი არ გამოსცემენ თავიანთ სინათლეს, მზე დაბნელდება მისი ამოსვლისას და მთვარე არ მოაფენს თავის ნათელს. 11 და მე დავსჯი ქვეყნიერებას ბოროტების გამო და უკეთურთ მათი ურჯულოების გამო, და ბოლოს მოვუღებ ბოროტმზრახველთა ზვიადობას, და მტარვალთა ამპარტავნებას დავამცირებ. 12 კაცს ბაჯაღლოზე ძვირფასად ვაქცევ და ადამიანს – ოფირის ოქროზე. 13 ამის გამო შევძრავ მე ცას, და დედამიწა შეზანზარდება თავისი ადგილიდან უფალი ცაბაოთის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს. 14 და იქნება, როგორც დევნილი ქურციკი, და როგორც დაფანტული ცხვარი შემგროვებლის გარეშე; თითოეული თავის ხალხს მიმართავს და თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა. 15 ყოველი, ვისაც ნახავენ, განიგმირება, და ყოველი, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დაეცემა. 16 და მათი ჩვილნი მათ თვალწინ დანაკუწდებიან, მათი სახლები გაიძარცვება და მათ ცოლებს პატივი აეყრებათ. 17 აი, მე აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომელნიც ვერცხლს არ აფასებენ და ოქრო არ სურთ. 18 და მათი მშვილდები ყმაწვილთ გააპობენ, და მუცლის ნაყოფს არ შეიბრალებენ. ბავშვებს არ დაზოგავს მათი თვალი. 19 და იქნება ბაბილონი, სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა სიამაყის შარავანდი – ღმერთის მიერ დამხობილი ვითარცა სოდომი და გომორა. 20 აღარარასოდეს დასახლდება იგი და თაობიდან თაობამდე არავინ იცხოვრებს მასში, არაბი არ გაშლის იქ კარავს, და მწყემსები არ დაყრიან იქ თავიანთ ფარებს. 21 დაწვებიან იქ უდაბნოს ცხოველნი, მათი სახლები ჭოტებით გაივსება, სირაქლემები დასახლდებიან და ჭინკები იხტუნავებენ იქ. 22 აფთარნი იჩხავლებენ მის სასახლეებში, და ტურები – სალხინო პალატებში, მალე დადგება მისი ჟამი და მისი დღეები არ გაგრძელდება.
თავი მეთორმეტე                                                                                                                           თავი მოთოთხმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close