ძველი აღთქმა
ესაია
261 იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდას ქვეყანაში: „მაგარი ქალაქი გვაქვს ჩვენ, ხსნად დაადგენს კედლებსა და მიწაყრილს. 2 გახსენით კარიბჭე! მოვიდეს რწმენის დამცველი მართალი ერი. 3 სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი. 4 მიენდეთ უფალს უკუნითი უკუნისამდე, რადგან უფალ ღმერთშია საუკუნო კლდე. 5 რადგან მან დააქცია მაღლა მცხოვრებნი, ამაღლებული ქალაქი დაამხო, მიწად დაამხო, გააცამტვერა. 6 ფეხი გათელავს მას, ფეხნი ღარიბისა, ნაფეხურები ღატაკისა.” 7 მართლის გზა მოსწორებულია; შენ, წრფელო, ასწორებ მართლის სავალს. 8 შენი სამართლის გზაზე, უფალო, გელოდით შენ, შენი სახელისა და შენი ხსოვნისაკენაა ჩვენი სულის წადილი. 9 ჩემი სამშვინველით ვისწრაფი შენსკენ ღამით, და ჩემი სულით ჩემში გეძებ შენ განთიადიდან, რადგან როდესაც აღსრულდება შენი სამართალი ქვეყანაზე, სამართლიანობას ისწავლიან ქვეყნიერების მცხოვრებნი. 10 თუ მიეტევება ბოროტეულს, აღარ ისწავლის სამართლიანობას. ის მართალ ქვეყანაში უსამართლოდ მოიქცევა და არ დაინახავს უფლის სიდიადეს. 11 უფალო! აღმართულია შენი ხელი, ვერ კი ხედავენ; დაინახავენ შენს შურს ერის მიმართ და შერცხვებათ, და ცეცხლი შეჭამს შენს შემჭირვებელთ. 12 უფალო! შენ გვიმყარებ მშვიდობას, რადგან ყველა საქმე ჩვენთვის შენ მოიმოქმედე. 13 უფალო, ჩვენო ღმერთო! შენს გარდა სხვებიც ბატონობდნენ ჩვენზე, ჩვენ კი მხოლოდ შენს სახელს გავიხსენებთ. 14 მკვდრები არ გაცოცხლდებიან, აჩრდილები არ აღდგებიან, ამიტომ შენ დასაჯე და გაანადგურე ისინი და მოსპე ყოველი მათი სახსენებელი. 15 შენ გაამრავლე ხალხი, უფალო, შენ გაამრავლე ხალხი! განდიდდი, გააფართოვე ყველა საზღვარი ქვეყნისა. 16 უფალო! გასაჭირში გეძებდნენ შენ, ჩურჩულით ლოცულობდნენ, როდესაც შენი სასჯელი იყო მათზე. 17 მსგავსად ფეხმძიმისა, მშობიარობის მოახლოებისას რომ იტანჯება და კივის ტკივილებისაგან, ასე ვიყავით შენს წინაშე, უფალო! 18 ფეხმძიმედ ვიყავით, ვიტანჯეთ, თითქოს ქარს ვშობდით; ხსნა ვერ მოვუტანეთ ქვეყანას და ქვეყნიერების მცხოვრებნი არ იბადებიან. 19 გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები! გამოიღვიძეთ და ილხინეთ, მტვრის ბინადარნო, რადგან ცისკრის ცვარი შენი ცვარია, და მიწა აჩრდილებს დაბადებს. 20 წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს ოთახებში და გამოიკეტე კარები, ერთი წამით დაიმალე, სანამ რისხვა გადაივლიდეს, 21 რადგან უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, რათა დასაჯოს ქვეყნის მცხოვრებნი მათი ურჯულოებისთვის; და გამოაჩენს ქვეყანა თავის სისხლს და ვეღარ დაფარავს თავის დახოცილებს.