ძველი აღთქმა
ესაია
421 „აი ჩემი მორჩილი, რომელიც მიჭირავს მე, ჩემი რჩეული, რომელიც სურს ჩემს გულს. დავდე მე მასზე ჩემი სული, სამართალს გაუჩენს იგი ხალხებს. 2 არ იყვირებს და არ აღიმაღლებს, თავის ხმას ქუჩაში არ ასმენინებს. 3 გაჟეჟილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ჭეშმარიტებით გამოიტანს განაჩენს. 4 სასოს არ წარიკვეთს და არც გატყდება, სანამ არ დაამყარებს ქვეყნად სამართალს. მის რჯულს კუნძულები დაელოდებიან.” 5 ასე თქვა უფალმა ღმერთმა, რომელმაც შექმნა ცანი და გადაჭიმა ისინი, დააგო დედამიწა მისი აღმონაცენითურთ, მისცა სუნთქვა ხალხს, მასზე მოარულს. 6 „მე, უფალმა მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახავ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ, 7 რათა აახილო ბრმა თვალები, პატიმართა გამოსაყვანად სატუსაღოდან, საპატიმროდან – ბნელეთში მსხდომთა.” 8 „მე უფალი ვარ, ეს არის ჩემი სახელი. არ მივცემ ჩემს დიდებას სხვას და ჩემს ქებას – კერპებს. 9 პირვანდელნი, აჰა, ახდა, ახალთ მე გაგიცხადებთ, სანამ აღმოცენდება, გაუწყებთ.” 10 უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, ქება შეასხით მას ქვეყნის კიდიდან, ზღვაში ჩასულებმა და მისმა სისავსემ, კუნძულებმა და მათმა მცხოვრებლებმა. 11 აღავლინონ ხმა უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, სოფლებმა, სადაც კედარი მკვიდრობს, იგალობონ კლდის მცხოვრებთა, და მთის მწვერვალიდან იკიჟინონ. 12 დიდება მიაგებონ უფალს და მისი ქება კუნძულებზე აუწყონ. 13 უფალი ბუმბერაზივით გამოვა, ბრძოლის კაცივით აღძრავს შურს, შემოსძახებს და დასცემს საბრძოლო ყიჟინას, თავის მტრებს დასძლევს. 14 „დიდხანს ვდუმდი, ჩუმად ვიყავ, ვითმენდი; ახლა მშობიარესავით ვიკივლებ, ამოვისუნთქავ და ჩავისუნთქავ ერთბაშად. 15 გავატიალებ მთებსა და ბორცვებს და მთელ ბალახს გავახმობ, მდინარეებს კუნძულებად ვაქცევ, ტბებს კი ამოვაშრობ. 16 ვატარებ ბრმებს გზით, რომელიც არ იცოდნენ, მათთვის უცნობი ბილიკებით წავიყვან, მათ წინაშე სიბნელეს სინათლედ ვაქცევ და ოღრო-ჩოღროებს – ვაკეებად. ეს არის საქმენი, რომელთაც გავაკეთებ და არ მივატოვებ.” 17 უკან დაიხევენ, სირცხვილით შერცხვებიან ქანდაკებაზე დაიმედებულნი, რომელნიც ეუბნებიან ჩამოსხმულ კერპს: „თქვენა ხართ ჩვენი ღმერთები.” 18 ყრუებო, ისმინეთ! და ბრმებო, შეხედეთ, რომ დაინახოთ. 19 ვინ არის ბრმა, თუ არა ჩემი მორჩილი, და ყრუ – ჩემს მაცნესავით, რომელსაც მე ვგზავნი? ვინ არის ბრმა სრულყოფილივით, და ბრმა უფლის მორჩილივით? 20 შენ ბევრი გინახავს, მაგრამ არ შეგინახავს, ღია გაქვს ყურნი, მაგრამ ვერ ისმენ. 21 უფალმა ინება თავისი სიმართლისათვის განედიდებინა და დიდებულეყო რჯული; 22 მაგრამ ეს გაძარცული და გაქურდული ხალხია, ყველანი ქვაბულებში არიან შეკრულნი და ხაროებში დამალულნი; გაძარცვულნი იყვნენ და არ იყო მშველელი, გაქურდული იყვნენ და არავინ იყო მთქმელი: ‘დაუბრუნეთ!’ 23 თქვენგან ვინ დაუგდებს ყურს ამას, ვინ შეისმენს და გაიგონებს მომავალზე? 24 ვინ მისცა იაკობი გასაქურდად, და ისრაელი – მძარცველებს? განა უფალმა არა, რომელსაც შევცოდეთ? და არ ისურვეს მისი გზით სიარული, და მისი მოძღვრება არ ისმინეს? 25 და გადმოღვარა მასზე თავისი რისხვა და ომის სასტიკება, და ცეცხლი შემოუნთო ირგვლივ. მაგრამ ვერ მიხვდა და სწვავდა მას, გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო.