იერემია 2

ივლისი 9, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
21 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი ასე: 2 „წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად: ‘ასე თქვა უფალმა: მე მახსოვს შენი კეთილგანწყობილება ჩემდამი შენს სიყმაწვილეში; შენი ჩემდამი სიყვარული, როდესაც პატარძალი იყავი; უკან რომ მომდევდი უდაბნოში, დაუთესავ ქვეყანაში. 3 უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყველა მისი შემჭმელი დადანაშაულდება, უბედურება მიეწევა მათ!” – სიტყვა უფლისა. 4 ისმინეთ სიტყვა უფლისა, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის ყველა საგვარეულოვ, 5 ასე თქვა უფალმა: „რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ მე და მისდიეს ამაოებას და გახდნენ ამაონი? 6 და არ თქვეს: ‘სად არის უფალი, რომელმაც გამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან? გვატარებდა ჩვენ უდაბნოში, მოშიშვლებულ და თხრილებიან ქვეყანაში, ურწყულ და აჩრდილთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არავის არ გაუვლია და სადაც არავინ სახლობს?’ 7 და მოგიყვანეთ ნაყოფიერ ქვეყანაში, რათა გეჭამათ მისი ნაყოფი და მისი დოვლათი. მოხვედით და შებილწეთ ჩემი ქვეყანა და ჩემი სამკვიდრებელი სისაძაგლედ აქციეთ. 8 მღვდლები არ კითხულობდნენ: ‘სად არის უფალი?’ და რჯულის დამჭერნი არ მიცნობდნენ მე, და მწყემსნი დანაშაულს ჩადიოდნენ ჩემს წინააღმდეგ, წინასწარმეტყველნი ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და ურგებებს ედევნებოდნენ. 9 ამიტომ კიდევ დაგიწყებთ დავას თქვენ,” – სიტყვა უფლისა, – „და თქვენს შვილთაშვილებსაც დავუწყებ დავას. 10 რადგან დაიარეთ ქითიმელთა კუნძულები და ნახეთ და კედარში გაგზავნეთ, და ყურადღებით დააკვირდით და ნახეთ – ყოფილა კი ამის მსგავსი? 11 განა გადაცვალა რომელიმე ხალხმა თავისი ღმერთები? თუმცა ისინი არ არიან ღმერთები. ჩემმა ხალხმა კი გადაცვალა თვისი დიდება ურგებში. 12 გაიკვირვეთ ეს, ცანო, და შეძრწუნდით, აოხრდით ფრიად,” – სიტყვა უფლისა. – 13 „რადგან ორი სიბოროტე ჩაიდინა ჩემმა ერმა: მე, ცოცხალი წყლის წყარო, დამტოვეს, რათა თავიანთთვის ამოეკვეთათ ჭები, დაბზარული ჭები, რომლებიც ვერ დააკავებენ წყალს. 14 მონაა ისრაელი, თუ მონის სახლშია დაბადებული, რატომ იქცა იგი ნადავლად? 15 მასზე ღრიალებდნენ ლომის ბოკვერნი, გამოსცემდნენ თავიანთ ხმას და უდაბურად აქციეს მისი ქვეყანა, მისი ქალაქები გადამწვარი და უკაცრიელია. 16 ნოფის და თახფანესეს ძეებმაც დაგიმსხვრიეს შენ კეფა. 17 განა იმის გამო არ დაგემართა ეს, რომ მიატოვე შენი უფალი, შენი ღმერთი იმ დროს, როდესაც გზაზე მიჰყავდი? 18 ახლა კი, რა გინდა შენ ეგვიპტის გზაზე? ნილოსის წყლის დალევა? რა გინდა აშურის გზაზე? ევფრატის წყლის დალევა? 19 შენი ბოროტმოქმედება დაგსჯის შენ და შენი განდგომილებანი გამხილებს შენ. გაიგებ და დაინახავ, რა ცუდი და მწარეა, რომ დატოვე უფალი, შენი ღმერთი, და შიში არ გაქვს ჩემს წინაშე!” – სიტყვა უფლისა, ყოვლადძლიერი ღმერთისა. – 20 „რადგან ძველთაგან დალეწე შენი უღელი, დაწყვიტე შენი ბორკილები და თქვი: ‘არ ვემსახურები მეტად კერპებს,’ მაგრამ ყოველ მაღალ ბორცვზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ მეძავივით წვებოდი. 21 მე კი დაგრგე, როგორც რჩეული ვაზი, როგორც ჭეშმარიტი თესლი, და როგორ გადამექეცი ველურ, უცხო რტოდ! 22 ამიტომ კიდევაც რომ გაირეცხო გვარჯილით და მრავლად იხმარო შენ ნაცარტუტა, ლაქად დარჩება შენი ურჯულოება ჩემს წინაშე!” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 23 „როგორ იტყვი: ‘არ შევბილწულვარ, არ მივლია ბაყალთა კვალზე?’ შეხედე შენს გზას ხეობაში, შეიგნე რა ჰქენი შენ, მარდო აქლემო, მოწანწალევ შენს გზებზე. 24 უდაბნოსთან შეჩვეულ კანჯარს, თავისი სულის ვნებით რომ ისუნთქავს ჰაერს, ვინ მოაბრუნებს მისი ავხორცობიდან? ყოველი მისი მძებნელი არ დაიღლება, იპოვნის მის თვეში. 25 დაიცავი შენი ფეხები ფეხშიშვლობისგან და შენი ყელი – წყურვილისაგან. მაგრამ შენ თქვი: ‘უიმედოა! რადგან მიყვარს უცხონი და ვივლი მათ კვალზე.’ 26 როგორც ქურდია შერცხვენილი, როცა წაასწრებენ, ისე შერცხვება ისრაელის სახლი, ისინი, მათი მეფენი, მათი მთავარნი და მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველნი, 27 რომლებიც ეუბნებიან ხეს: ‘შენ მამა ხარ ჩემი!’ და ქვას: ‘შენ მშობე მე!’ რადგან ზურგი მაქციეს მე და არა პირი, ხოლო თავიანთი უბედურობის დროს ამბობენ: ‘ადექი და გვიხსენი ჩვენ!’ 28 სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც გაიკეთე შენთვის? ადგნენ, აბა, თუ გიხსნიან შენი უბედურების ჟამს, რადგან შენი ქალაქების რიცხვისამებრ იყვნენ შენი ღმერთები, იუდა! 29 რატომ დაობთ ჩემთან? თქვენ ყველამ ჩაიდინეთ დანაშაული ჩემს წინაშე,” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 30 „ამაოდ ვცემდი თქვენს ძეთ, დარიგება არ მიიღეს. თქვენმა მახვილმა, როგორც მომსპობმა ლომმა, შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი. 31 თაობავ, შეიგნე უფლის სიტყვა. უდაბნო ვიყავი ისრაელისათვის თუ წყვდიადის ქვეყანა? რატომ თქვა ჩემმა ერმა: ‘დაგშორდით შენ, აღარ მოვალთ შენთან?’ 32 განა დაივიწყებს ქალწული თავის მორთულობას? პატარძალი – თავის ბაფთებს? ჩემმა ხალხმა კი დამივიწყა მე – დღეებს არა აქვს რიცხვი. 33 რა კარგად მართავ შენს გზას სიყვარულის ძებნაში! ამიტომ თვით ბოროტთაც ასწავლე შენი გზები. 34 შენი სამოსელის კალთებზეც იქნა ნაპოვნი უდანაშაულო ღატაკთა სულების სისხლი; ხვრელებში არ გიპოვნია შენ ისინი, მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად, 35 შენ თქვი: ‘რადგან უდანაშაულო ვარ, მიიქცა მისი რისხვა ჩემგან!’ მაგრამ აჰა, მე გაგასამართლებ შენ შენი ნათქვამის გამო: ‘არ შემიცოდავს!’ 36 როგორ ამცირებ შენს თავს, შენს გზას რომ იცვლი. ეგვიპტისგანაც შერცხვები შენ, როგორც აშურისაგან შერცხვი. 37 მისგანაც გამოხვალ შენ და ხელები თავზე გექნება შემოწყობილი, რადგან მოიძულა უფალმა შენი იმედები და არ გექნება მათთან წარმატება.
თავი პირველი                                                                                                                                         თავი მესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close