ძველი აღთქმა
იერემია
51 „გაიარ-გამოიარეთ იერუსალიმის ქუჩებში, გაიხედ-გამოიხედეთ და მოიკითხეთ მის მოედნებზე, და თუ იპოვით კაცს, სამართლის მქმნელს, ჭეშმარიტების მძებნელს, მაშინ მეც ვაპატიებდი მას. 2 და თუ ამბობენ ისინი: ‘როგორც ცოცხალია უფალი!’ ნამდვილად ტყუილად იფიცებიან.” 3 უფალო, შენი თვალი ხომ ჭეშმარიტებისკენაა მიპყრობილი. შენ სცემ მათ, ისინი კი ვერ გრძნობენ, შენ სპობ მათ, მაგრამ არ სურთ დარიგების მიღება. გაიქვავეს პირისახე კლდეზე მეტად, არ სურთ მოქცევა. 4 და მე ვთქვი ჩემთვის: „ესენი ხომ გლახაკები არიან, გასულელდნენ, რადგან არ იციან უფლის გზა, თავიანთი ღმერთის სამართალი. 5 წავალ დიდებულებთან და ვილაპარაკებ მათთან, რადგან მათ იციან უფლის გზა, თავიანთი ღმერთის სამართალი.” მაგრამ მათ ერთად დალეწეს უღელი, დაწყვიტეს ბორკილები. 6 ამის გამო დასცემს მათ ლომი ტყიდან, ტრამალის მგელი გაძარცვავს მათ, ვეფხვი დაუდარაჯებს მათ ქალაქებს, ყველა იქიდან გამოსული დაიგლიჯება, რადგან გამრავლდა მათი დანაშაული, გაიზარდა მათი განდგომა. 7 „როგორ გაპატიო ეს? შენმა ძეებმა დამტოვეს მე, და იფიცებდნენ ღმერთებს, რომელნიც არ არიან ღმერთები. როდესაც გავაძღე მე ისინი, მაშინ მრუშობდნენ და მეძავის სახლში იკრიბებოდნენ. 8 ისინი გამძღარი, ატროყებული ცხენებივით არიან: ყოველი კაცი თავისი მოყვასის ცოლს ეჭიხვინება. 9 და ამათ გამო არ დაგსჯით?” – სიტყვა უფლისა, – „და ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული? 10 ადით მის მწკრივებზე და მოსპეთ, მაგრამ სრულ მოსპობას ნუ იქმთ. ყლორტები მოაშორეთ, რადგან უფლისანი არ არის ისინი. 11 რადგან მიღალატა მე ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა!” – სიტყვა უფლისა. – 12 „უფალზე ცრუობდნენ და ამბობდნენ: ‘არ არის ის და არ მოვა ჩვენზე უბედურება, და მახვილსა და შიმშილს არ ვიხილავთ.’ 13 და წინასწარმეტყველნი ქარად იქცევიან და სიტყვა არ არის მათში. ასე დაემართება მათ.” 14 ამიტომ ასე თქვა უფალმა, მხედრობათა ღმერთმა: „რადგან თქვენ ამბობდით ასეთ სიტყვას, მე ვაქცევ შენს პირში ჩემს სიტყვებს ცეცხლად, ხოლო ამ ერს – შეშად, რომელსაც ის შთანთქავს! 15 აჰა, მე მოვიყვან თქვენზე ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო!” – სიტყვა უფლისა. – „ძლიერი ხალხია იგი, ძველი ხალხია იგი, ხალხი, რომლის ენა არ იცი შენ და ვერ გაიგებ, რას ილაპარაკებს. 16 მისი კაპარჭი ღია საფლავივითაა, ყველანი მამაცი მეომარნი არიან. 17 და შეჭამს ის შენს სამკალს და შენს პურს, შეჭამს შენს ძეთ და შენს ასულთ, შეჭამს შენს ცხვარსა და შენს ძროხას, შეჭამს შენს ვაზსა და შენს ლეღვს, მახვილით მოაოხრებს შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომლებზეც დაიმედებული ხარ. 18 და იმ დღეებშიც,” – სიტყვა უფლისა, – „არ მოგსპობთ თქვენ მთლიანად. 19 და თუ იტყვით: ‘რის გამო გაგვიკეთა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა ეს ყოველივე?’ მაშინ უთხარი მათ: ‘როგორც თქვენ მიმატოვეთ მე და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს თქვენს ქვეყანაში, ასევე ემსახურებით უცხოებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ არის.” 20 აუწყეთ ეს იაკობის სახლში და გამოაცხადეთ ეს იუდაში ასე: 21 ისმინეთ ეს, სულელო და უგუნურო ხალხო! თვალები აქვთ მათ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ მათ და ვერ ისმენენ. 22 „განა ჩემი არ გეშინიათ?” – სიტყვა უფლისა, – „ჩემს წინაშე არ თრთიხართ, რომელმაც დავდე ქვიშა ზღვის საზღვრად, საუკუნო მიჯნად, რომელსაც ვერ გადალახავს; და ბობოქრობენ მისი ტალღები, მაგრამ ვერ სძლევენ, და ღრიალებენ, მაგრამ ვერ გადალახავენ მას. 23 ამ ერს კი ურჩი და მეამბოხე გული ჰქონდა, განმშორდნენ ისინი და წავიდნენ. 24 და არ თქვეს თავიანთ გულში: ‘გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს ჩვენ შემოდგომის წვიმას და გაზაფხულის წვიმას თავის დროზე, მკისათვის დადგენილ შვიდეულებს გვინახავს ჩვენ.’ 25 თქვენმა ურჯულოებამ მიაქცია ესენი, და თქვენმა ცოდვებმა შეაკავეს თქვენგან ეს სიკეთე. 26 რადგან ჩემს ერში მოიპოვებიან ბოროტეულნი, თავწახრით არიან ჩასაფრებულნი, როგორც ფრინველზე მონადირენი, დგამენ ხაფანგებს, რათა შეიპყრონ ადამიანები. 27 როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ისე მათი სახლია სავსე სიცრუით. ამიტომ განდიდდნენ და გამდიდრდნენ ისინი, 28 დასუქდნენ, დასქელდნენ, გადააჭარბეს ბოროტების საქმეში, სასამართლო საქმეს, ობლის საქმეს არ არჩევდნენ, რომ წარმატებულიყვნენ, და ღარიბთა უფლებას არ იცავდნენ. 29 ამათ გამო არ დაგსჯი?” – სიტყვა უფლისა, – „განა ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული? 30 გასაოცარი და საშინელი ხდება ქვეყანაზე. 31 წინასწარმეტყველნი ტყუილს წინასწარმეტყველებენ და მღვდლები ბატონობენ მათი ხელით, ჩემს ერს კი უყვარს ეს, მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?”