ძველი აღთქმა
იერემია
61 „თავი შეაფარეთ, ბენიამინის ძენო, იერუსალიმის შუაგულიდან, და თეკოაყში ჩაჰბერეთ საყვირს და ბეთ-ჰაქერემზე აღმართეთ ნიშანი, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მოდის ჩრდილოეთიდან. 2 მშვენიერი და ნებიერი მეჩვენებოდა მე სიონის ასული. 3 მასთან მოვლენ მწყემსნი და მათი სამწყსონი, და გაშლიან მასზე ირგვლივ კარვებს და თითოეული თავის ნაკვეთზე დამწყესავს. 4 მოემზადეთ მასთან საბრძოლველად, ადექით და ავიდეთ შუადღისას; ვაი ჩვენ, რადგან გადაიხარა დღე, რადგან წაგრძელდა საღამოს ჩრდილები. 5 ადექით და ავიდეთ ღამით და მოვსპოთ მათი სასახლეები,” 6 რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „დაჩეხეთ ხეები და დაყარეთ იერუსალიმის წინ მიწაყრილი, ეს ქალაქი უნდა დაისაჯოს – მხოლოდ ძალადობაა მის შუაგულში. 7 როგორც ჭა ამოანთხევს წყალს, ისე ამოანთხევს ის თავის სიბორორტეს, ძარცვა და ძალმომრეობა ისმის მასში, ჩემს წინაშე სნეულება და ჭრილობებია გამუდმებით. 8 შეიგნე, იერუსალიმო, სანამ ზურგს შეგაქცევდეს ჩემი სული, სანამ გაქცევდე უდაბნოდ და უკაცრიელ ქვეყანად.” – 9 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: – „ყურძენივით მოიმცვრევენ ისრაელის ნარჩენს; გაიწოდე ხელი ვაზისაკენ, როგორც ყურძნის მკრეფავმა.” 10 „ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინონ? აჰა, წინადაუცვეთელია მათი სასმენელნი და არ შეუძლიათ გაგონება. აჰა, უფლის სიტყვა შერცხვენად ჰქონდათ მათ, არ მოსწონდათ იგი. 11 და მე გავივსე უფლის რისხვით, არ შემიძლია მისი შეკავება.” „გადმოღვარე ქუჩებში ბავშვებზე და ერთად შეკრებილ ჭაბუკებზე, რადგან ქმარიც ცოლთან ერთად შეიპყრობა, მოხუცი – დღეებსავსესთან ერთად. 12 და მათი სახლები სხვებს გადაეცემა, ყანებთან და ცოლებთან ერთად, რადგან გავიწვდი ჩემს ხელს ამ ქვეყნის მცხოვრებლებზე,” – სიტყვა უფლისა. – 13 „რადგან პატარიდან დიდამდე მათგან ყველანი ანგარებით არიან შეპყრობილი და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ტყუილის მოქმედია. 14 ჩემი ხალხის ჭრილობას კი ადვილად კურნავენ, რომ ამბობენ: ‘მშვიდობა, მშვიდობა!’ მაგრამ არ არის მშვიდობა. 15 რცხვენიათ კი მათ, სისაძაგლე რომ ჩაიდინეს? არც რცხვენიათ, არც აუგი იციან, ამიტომ დაეცემიან ისინი დაცემულთა შორის. იმ დროს, როდესაც მოვკითხავ მათ, წაიბორძიკებენ ისინი,” – თქვა უფალმა. 16 ასე თქვა უფალმა: „შეჩერდით გზებზე და გაიხედეთ, და გაიკითხეთ უძველესს ბილიკებზე – რომელი გზაა უკეთესი? – და იარეთ მასზე და მოუპოვეთ შვება თქვენს სულებს. მაგრამ მათ თქვეს: ‘არ ვივლით!’ 17 და დაგიყენეთ დარაჯები; ყური დაუგდეთ საყვირის ხმას! მაგრამ მათ თქვეს: ‘არ დავუგდებთ ყურს!’ 18 ამიტომ ისმინეთ, ხალხებო, და იცოდე, საზოგადოებავ, რაც მათში ხდება. 19 ისმინე დედამიწავ, აჰა, მე მომაქვს უბედურება ამ ხალხთან – ნაყოფი მათი განზრახვისა, რადგან ჩემ სიტყვებს არ დაუგდეს ყური და ჩემი რჯული მოიძულეს. 20 რისთვის მინდა მე გუნდრუკი, შებადან რომ მოდის და კეთილსურნელოვანი ლერწამი შორეული ქვეყნიდან? თქვენი სრულადდასაწველი მსხვერპლნი შეუწყნარებელია და თქვენი სამსხვერპლოები უამურია ჩემთვის.” 21 ამიტომ ასე თქვა უფალმა: „აჰა, მე ვუდებ ამ ხალხს დაბრკოლებებს და დაბრკოლდებიან მათზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი დაიღუპებიან.” 22 ასე თქვა უფალმა: „აჰა, ხალხი მოდის ჩრდილო ქვეყნიდან და დიდი ერი იღვიძებს ქვეყნის კიდეებიდან. 23 მშვილდი და შუბი უჭირავთ მათ; სასტიკნი არიან და დაუნდობელნი, მათი ხმა ბობოქარ ზღვასავითაა და ცხენებზე ამხედრებული მოდიან; როგორც ერთი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, სიონის ასულო. 24 ამბავი გვესმა მასზე და მოგვიდუნდა ხელები, გასაჭირმა შეგვიპყრო ისე, როგორც მშობიარე ქალი – ტკივილმა. 25 ნუ გახვალთ მინდორში და გზაზე ნუ ივლით, რადგან მტერს მახვილი აქვს და საშინელებაა ყოველი მხრიდან. 26 ჩემი ერის ასულო, შემოირტყი ძაძა და გაგორდი ნაცარში, იგლოვე, როგორც დედისერთაზე, მწარედ მოთქვი, რადგან უცებ დაგვეცემა მომსპობი. 27 გამსინჯველად განგაწესე ჩემს ერში, სიმაგრედ, რომ შეიცნო და გასინჯო მათი გზა. 28 ყველანი განდგომილნი არიან, ცილისწამებით მოსიარულენი, სპილენძი და რკინაა, ყველანი დამღუპველნი არიან. 29 საბერველი დაიწვა, ტყვია შთაინთქა ცეცხლში, ამაოდ ადნობდა მდნობელი, და ბოროტნი არ გამოცალკევდნენ. 30 საძულველ ვერცხლს უწოდებენ მათ, რადგან უფალმა მოიძულა ისინი.