ძველი აღთქმა
ოსია
91 ნუ ხარობ, ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან ბოზობ შენი ღვთისაგან განმდგარი; საჩუქრები გირჩევნია ყველა კალოს პურს. 2 კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ. 3 არ იცხოვრებენ უფლის მიწაზე: ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში. 4 არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური საქელეხო პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მათთვის არის, და ვერ შევა უფლის სახლში. 5 რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს? 6 რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას, მაგრამ ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და მემფისი დამარხავს მათ; მისი ვერცხლის საგანძურს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ნარ-ეკალი ამოვა მის კარვებში. 7 დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! სულელი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა? 8 ეფრემის – ჩემი ღვთის ერის მცველი წინასწარმეტყველია. ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღვთის სახლში. 9 ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს. 10 ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამები; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს მისცეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ. 11 ეფრემი – ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება! 12 თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე! 13 ეფრემი, როგორც დავინახე, მშვენიერ მდელოზეა დარგული ცორივით; მაგრამ ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს. 14 მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი. 15 გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ; განდგომილია ყველა მისი მთავარი. 16 დაჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს. 17 მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას, და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან.